დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აი, ასეთი ადამიანი ვარ...“
2009/12/14 14:33:47

ჟურნალისტიკის ლექციაზე 21 წლის გიორგი გირგვლიანის მოხვედრა ისეთივე საინტერესო შემთხვევითობა იყო, როგორითაც, საერთოდ, სავსეა მისი ცხოვრება. წინაპრების ღირსეული მემკვიდრე, შესანიშნავად უკრავს, მღერის... რომელი პროფესიის დაუფლებაში, თუ სპორტის რომელ სახეობაში აღარ გამოუცდია თავი. რაღა დასამალია და, ბედი მწერლობაშიც მოსინჯა, თუმცა, უმთავრეს ღირსებად მაინც სვანობას თვლის.

მისი თვალით დანახული, საკუთარი თავის დახასიათება რომ ვთხოვე, სვანური კილოთი და ორი სიტყვით მიპასუხა: „ორიგინალი სვანი“. თან თავისებურად განმიმარტა:

„მე მიმაჩნია, რომ სვანობა პროფესიაა, ყველანაირი გაგებით. არ მიყვარს ცუდი სვანები, ჯერ შენი თუ არ გიყვარს, სხვას ვერ დააფასებ. პირველ რიგში ოჯახი გიყვარს, მერე - სოფელი, მერე - შენი კუთხე და იქიდან გიყვარს მერე ყველა, - ისაა შენი სამშობლო. ამიტომ ვეძახი ჩემს თავს ორიგინალ სვანს.“

მოსაყოლი და გასახსენებელი საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრი აღმოაჩნდა.

სოხუმში დაბადებული, 5 წლამდე იქ იზრდებოდა. მერე აფხაზეთის ომი დაიწყო და საცხოვრებლად ზემო სვანეთში გადავიდა: „კიდევ კარგი, რომ სვანეთში მოვხვდი, სოხუმში რომ გავზრდილიყავი, ისეთი პირობები გვქონდა, ფუფუნებაში გავიზრდებოდი და ასეთი ადამიანი არ ვიქნებოდი. ფუფუნება აბოროტებს ადამიანს?!“

სკოლა სვანეთში, როგორც თავად ამბობს, ხუთებზე დაამთავრა. მერე, თბილისში, საერთაშორისო ტურიზმის ფაკულტეტზე მოეწყო, თუმცა, პრობლემების გამო, ერთი კურსიც ვერ დახურა და სვანეთში დაბრუნდა. მცირე პაუზის შემდეგ, ისევ ქალაქს დაუბრუნდა - ამჯერად ქუთაისში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და დღესაც იქ სწავლობს.

„ეკონომიკის ფაკულტეტზე შემთხვევით მოვხვდი, არც მინდოდა სწავლის გაგრძელება, ეს მამაჩემის დამსახურებაა. შრომისმოყვარე ვარ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია“.

ჟურნალისტიკის ლექციაზეც შემთხვევით მოხვდა - ერთ დღეს მეგობარს გამოჰყვა, თუმცა ამ პროფესიამ ისე დააინტერესა, საბუთების ჟურნალისტიკაზე გადმოტანაზე სერიოზულად დაფიქრდა.

„ინფორმაციების მოძიება მაგრად მეხერხება, ადამიანებთან კონტაქტი არ მიჭირს, რა ვიცი, ალბათ, ესაა ჟურნალისტიკა. წერა არ მიყვარს, სამწუხაროდ, კითხვა - კი, უფრო დაძაბულ წიგნებს ვკითხულობ, გამოძიებაზე, რომანების კითხვაც მიყვარს. მეც ვწერდი „რომანებს“, 9-დან მე-11 კლასამდე, ლექსებსაც, მაგრამ გადავყარე ის ფურცლები“.

საკუთარი ლექსიც წაიკითხა, რომელიც ფურცელზე ჯერ არ გადაუტანია. მუზის ლოდინი არ სჭირდება, წერს ყოველთვის, როცა ეწერება, თან - ნებისმიერ თემაზე. თუნდაც ეს:

„დილის ნიავში მარტო,

            დამწუხრებული ვზივარ,

დავფიქრდი ცხოვრებაზე,

        ფიქრებით შორს მივდივარ.

სევდიანია გული, ცხოვრება

                        მიდის ნელა,

თითქოსდა სიზმარში ვარ და

          თითქოს სულში ბნელა.

დიდება ღმერთს და მე ვთხოვ

სწორი გზა მიმახვედროს,

მე გზა გამინათოს, კარგი ცხოვრება

              შემახვედროს.

კეთილად ვიყო ქვეყნის, აღარ

                      ვაკეთო ცუდი,

იმედად ვიყო ბევრის, მეხუროს

                       კაცის ქუდი.“

გამიმხილა, რომ ლექსების კრებულის გამოცემასაც აპირებდა, რომელიც, მისი თქმით, საკმაოდ სქელტანიანიც გამოვიდოდა, თუმცა, თავი ვეღარ მოაბა და... დაეფანტა, გაებნა ეს ლექსები შინაურებში თუ ახლობლებში. წერს საზოგადო მოღვაწეებზე, სამშობლოზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე; სიყვარულზე - ნაკლებად, რადგან, ჯერჯერობით, მიაჩნია, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი თემებიც არსებობს. ახლა 500 სტროფიან პოემას წერს - სვანურ მოტივებზე და პირდაპირი რითმით. ჯერ მხოლოდ 56 სტროფი აქვს დაწერილი. იცის, რომ დასამთავრებლად დიდი დრო დასჭირდება.

ბავშვობიდან მღერის: „არ მახსოვს, რომელ ასაკში დავიწყე სიმღერა. დედამ მითხრა, ლაპარაკი რომ ისწავლე, სიმღერაც მაშინ დაიწყეო. დედამ, მარინა თამლიანმა, შემაყვარა სიმღერა, თვითონაც კარგად მღერის, უკრავს კიდეც საკრავებზე. მისი ძმები, დები, ბაბუა და ბებიაც შესანიშნავად მღეროდნენ, იმათი დედ-მამაც და ასე მოდის ოდითგანვე... მამა კარგად ცეკვავდა, თუმცა,ახლა აღარ ცეკვავს“.

სიმღერა საკუთარი სოფლის - ლატალის ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლში დაიწყო. მერე ანსამბლ „შავნაბადაშიც“ იყო, თუმცა, იქ მხოლოდ ორი კვირა მოუწია ყოფნა. შემდეგ „ადილაში“ - მაიზერ გაზდელიანთან გადავიდა, სადაც ორი თვე დარჩა, სანამ ინსტიტუტში, საკუთარი ანსამბლი არ ჩამოაყალიბა.

„ერთი თვეა, რაც ვარსებობთ და საკმაოდ კარგადაც მიდის საქმე, მაგრამ სახელი ჯერ არ დაგვირქმევია, სანამ საქმეს არ გააკეთებ, მანამდე არაფერს სახელი არ უნდა დაარქვა“.

9 წელი ძიუდოშიც ვარჯიშობდა და საკმაოდ სერიოზული მიღწევებიც ჰქონდა. ჭადრაკსაც თამაშობს: „ბევრ შეჯიბრზე გამოვსულვარ და საერთოდ არ წამიგია. მაგრამ ისე ხდება, რომ ერთი და იგივეს ვერ მივყვები ბოლომდე ვერაფერს“.

სამაგიეროდ, სუფრის ბოლომდე გაძღოლა არ უჭირს. კარგ მოქეიფეს და თამადას, საკუთარი სადღეგრძელოების საკმაოდ მდიდარი მარაგიც აქვს. ქეიფი, რა თქმა უნდა, სვანეთში ურჩევნია. უყვარს სვანური ბუნება, ცხენები, კერძები... ყველაფერი, რაც მასთან ასოცირდება. სვანეთი ის ადგილია, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და ვერც წარმოუდგენია.

„სვანეთი ჩემთვის ოდითგანვე ასოცირდება კაცობის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ. სვანებზე ბევრი რამ არის ისეთი საინტერესო, ლეგენდების სახით ჩვენამდე მოსული, რომ მისაბაძი ვართ ყველასთვის მსოფლიოში. მარტო ის ავიღოთ, რომ მსოფლიოში ყველა იბრძოდა ფარით და ხმლით, ჩვენ მარტო ხმლით ვიბრძოდით, ფარი არასდროს გვჭერია სვანებს ხელში, იმიტომ, რომ სულ იერიშზე ვიყავით, თავდაცვა არ გვიყვარდა.“

თვლის, რომ სვანები იუმორშიც პირველები არიან: „იმერლები ცდილობენ და გამოსდით, სვანებს არ უნდათ და მაინც გამოსდით“. სვანებზე მოყოლილ ანეკდოტებზე ადრე საშინელი რეაქციები ჰქონია, მერე მიეჩვია და ახლა თავადაც სიამოვნებით ყვება, ოღონდ,  როგორც  თავად  ამბობს, „კეთილ, სასარგებლო ანეკდოტებს.“ როგორ დაიჭირეს ტერორისტებმა სვანი და 24 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სვანს ტერორისტები გამოაშვებინეს. ეგ ანეკდოტი არ ვიცოდი-მეთქი. საიდან გეცოდინებოდა, ჩემი მოფიქრებულიაო.

მისი  ცხოვრებისეული  დევიზია: „არასდროს  იდარდო  გუშინდელ დღეზე, რადგან ის უკვე წარსულის ნაწილია. ნურც დღევანდელზე იდარდებ, იმიტომ, რომ ის ხვალ უკვე წარსული იქნება. ხვალინდელ დღეზე ხომ საერთოდ არ უნდა იდარდო, იმიტომ, რომ არ იცი, მომავალში რა მოხდება, - აი, ასეთი ადამიანი ვარ“.

ცდილობს, ცხოვრებას მარტივად და იუმორით უყუროს. იუმორი თავისით მოდის, საკუთარ, ცხოვრებისეულ თეორიებამდე კი გამოცდილებამ მიიყვანა. მომავალზეც ბევრი უფიქრია.

„მე საერთოდ არ მიყვარს სიმდიდრე, არც სიღარიბე. საკმარისი გქონდეს და არა ზედმეტი - ესაა ყველაზე მთავარი. მოძრავი უნდა იყო, ხათრიანი არ იყო და იშოვი ყველაფერს, ოღონდ საკმარისად“.

გული ყველაზე მეტად იმაზე სწყდება, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ აფასებს და ეჭვიანიც საერთოდ არ არის, - ადვილად სჯერა ადამიანების. თავის ყველაზე დიდ ღირსებად კი, იმას თვლის, რომ სვანია, თან - ორიგინალი!

საკუთარ თავზე საუბარს კი ასე ასრულებს: „რამდენი რამ იქნება, ალბათ, კიდევ მოსაყოლი, მაგრამ ყველაფერი რომ ვთქვა, მერე მე რა დამრჩეს?“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1803
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია