დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხატია ვედმედევა: „მე ვდებ პირობას, რომ ყოველთვის გვექნება ანშლაგი“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/23 16:39:58

უცხოეთში მცხოვრები ბევრი ქართველია  მზად, მიატოვოს  ყველაფერი და ჩამოვიდეს ჩვენი თეატრის დასახმარებლად

 

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მასშტაბური ცვლილებების განხორციელება იგეგმება.  პირველ ეტაპზე თეატრმა გუნდი უნდა დააკომპლექტოს. თეატრის სამომავლო გეგმებზე თეატრის დირექტორი ხატია ვედმედევა გვესაუბრება.

 

 

- ქალბატონო ხატია, ახალი წლიდან თეატრში გამოცხადდება  საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს არამხოლოდ  თეატრის გუნდი, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. გამოიწვევს  თუ არა ეს პროცესი მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს?  

 

- ცვლილებები იქნება, თუმცა თეატრიდან ვინმეს გაშვებაზე საუბარი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ყველა კადრი, რადგან ეს ადამიანები წლების განმავლობაში ყველაზე რთულ პერიოდში მუშაობდნენ აქ და ნამდვილი პროფესიონალები არიან, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი თანამშრომლების ის რაოდენობა, რაც გვყავს. 256 თანამშრომელია შტატში, რაც ისეთი დონის თეატრისთვის, როგორიც გვექნება, ძალიან ცოტაა. ჩვენ, პრაქტიკულად, საბალეტო დასიც  არ გვყავს. უნდა შევქმნათ კლასიკური ბალეტი. გარდა ამისა, გვყავს  მხოლოდ ერთი ორკესტრი, ჩასაბერ ინსტრუმენტებზე კი, პრაქტიკულად, არ არსებობს კადრები. აქედან გამომდინარე, კონკურსის ჩატარება აუცილებელია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით ამ მომენტისთვის  და, დარწმუნებული ვარ,  დავდებთ ისეთ შედეგებს, რომ შევძლოთ ადგილობრივი კადრების შენარჩუნება. 

 

- წინასწარაა ცნობილი, რომ იგეგმება უცხოელი სოლისტების ჩამოყვანა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სპექტაკლებში უმეტეს როლებს მოწვეული სოლისტები შეასრულებენ?

 

- არამხოლოდ უცხოელები, არამედ ბევრი ქართველიც ჩამოვა. ბევრ ნიჭიერ ქართველს ვიცნობ, რომელსაც სურს, დაბრუნდეს და თავისი  გამოცდილება მოახმაროს ჩვენს თეატრს. მოუთმენლად ელოდება ჩვენს ზარს  ნომერ პირველი ქორეოგრაფი ნიკოლოზ მახათელი, რომელმაც 40 წლის წინ აქ, ოპერის თეატრის სცენაზე დადგა თავისი სადიპლომო ნამუშევარი. იგი ნებისმიერ წუთს არის მზად,  მიატოვოს ამერიკაში ყველაფერი და დაბრუნდეს აქ.

 

ეს ის ხალხია, რომლებიც  დაეხმარებიან და გამოცდილებას გაუზიარებენ  ჩვენს მსახიობებსა და მუსიკოსებს.

 

უცხოელების ჩამოყვანას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თეატრის იმიჯისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე დაიჩაგრება აქ, ადგილზე. უცხოელი სოლისტები მხოლოდ პრემიერებზე ითამაშებენ. ჩვენ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები გვყავს და მათი შრომა არ დაიკარგება. ყველას მიეცემა საშუალება, თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს, თუმცა, კონკურენცია მოტივაციისთვის აუცილებელია. გარდა ამისა, უცხოელ მსახიობებს მხოლოდ შემოქმედებითად არ გამოვიყენებთ. მათ ჩავრთავთ  სასწავლო პროცესშიც, რათა 5-10 წელიწადში ჩვენი კადრები გვყავდეს.

 

- აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია 13 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე თქვენმა დასწრებამ. გარდა ამისა, 13 და 15 ოქტომბერს ოპერის თეატრში უმასპინძლეთ კოალიციის ქუთაისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელს და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ საჯაროდ განაცხადეთ, რომ თეატრი აღარ იქნება პოლიტიკური შეხვედრების ადგილი. შეიცვალეთ თუ არა პოზიცია თქვენი განცხადებიდან ქუთაისში მარგველაშვილის ვიზიტამდე?

 

- პოზიცია არ შემიცვლია და დღემდე ასე ვფიქრობ, მაგრამ მე ვარ რიგითი მოქალაქე, რომელსაც მოუნდა თავისი აზრის დაფიქსირება და მივედი იქ,  რომ მადლობა გადამეხადა გიორგი მარგველაშვილისთვის. იცით, რატომ მიყვარს ბატონი გიორგი? ის ნამდვილად პირველი ადამიანია, რომელიც ნამდვილად ზრუნავს ჩვენს ქალაქზე და გვიდგას გვერდით. გარდა ამისა, მას აქვს მთავრობის მხარდაჭერაც, რომელიც  ფიქრობს, რომ ქუთაისი უნდა იყოს კულტურის დედაქალაქი და არა ადმინისტრაციული ცენტრი, რასაც მეც ვეთანხმები. მიმაჩნია,რომ  ქალაქმა უნდა განავითაროს მისი ბუნებრივი ფუნქცია და ეს არის კულტურა.

 

- დაუთმობთ თუ არა თეატრის ტრიბუნას სხვა პოლიტიკურ ფიგურას ან მის წარმომადგენელს, მათი მხრიდან სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში?

 

- მე დღესაც თანახმა ვარ, ნებისმიერი კანდიდატის პროგრამა მოისმინოს ჩვენმა გუნდმა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურის მიერ წარმოებული აგიტაცია. მხოლოდ მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეხვდნენ ჩვენს თეატრში თანამშრომლებს და გააცნონ საკუთარი პროგრამა. სხვათაშორის, შეხვედრას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არ ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილი და იქ არ ისმოდა აგიტაცია. მისი შტაბის უფროსმა, ზაზა მარუაშვილმა, მხოლოდ სამოქმედო გეგმა გააცნო მათ.

 

- როგორც ცნობილია, თქვენი ერთობლივი პროექტი მხოლოდ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენას არ ითვალისწინებს, არამედ, იგეგმება ქალაქში ხელოვნებისა და კულტურის სფეროს სრული რეაბილიტაცია. ვინ ახორციელებს პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას და რა რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდება ქუთაისის კულტურის განვითარებაში?

 

- ჩვენ გვაქვს როგორც სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ინვესტიციის ზუსტ რაოდენობაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, თუმცა, საკმაოდ დიდი თანხა ჩაიდება იმ უზარმაზარ პროექტში, რომელიც გვაქვს. ჩვენ დაგვჭირდება ახალი სასტუმროები, რესტორნები. ბიზნესი უნდა გაიზარდოს. რატომღაც ჰგონიათ, რომ კულტურაში ფულის ჩადება არ ღირს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, რომ დონორებმა თავად გამოთქვან სურვილი ინვესტიციის ჩადების.  ქუთაისს მალე ვაქცევთ კულტურისა და განათლების ცენტრად.

 

- თეატრში თქვენი მოსვლის დღიდან შეჩერებულია შემოქმედებითი საქმიანობა. რამდენ ხანს გაგრძელდება მოსამზადებელი პერიოდი და როდის დაიდგმება ახალი სპექტაკლები ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე?

 

- შემოქმედებითი მუშაობა დროებით არის შეჩერებული, რადგან არ გვინდა, გავუშვათ ისევ ის სპექტაკლები, რაც იყო დღემდე. ჩვენ უნდა დავდგათ მაღალი დონის სპექტაკლები და ვაჩვენოთ ის ცვლილებები, რაც შევძელით. მე ვდებ პირობას, რომ იქნება ისეთი სპექტაკლები, სადაც ყოველთვის გვექნება ანშლაგი. მომავალ წელს ჩვენ  შევხვდებით სულ  სხვა თეატრში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია