დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომფორტული სახლის არაკომფორტული ერთი წელი
2010/11/01 14:37:35

აფხაზეთიდან დევნილი 16 ოჯახი 2009 წლის 26 აგვისტოს ქუთაისში, ბელორუსიის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ ბაგა-ბაღში შეასახლეს, თუმცა დაბინავებიდან რამდენიმე დღეში კედელსა და ჭერზე ბზარები გაჩნდა. მას შემდეგ მათთვის ყოველი წვიმის მოსვლა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ვითომდა კომფორტულ სახლს, ლამინატის პარკეტი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები მთლიანად დაზიანებული აქვს.

 ჩვენ დევნილებს ადგილზე ვესტუმრეთ და მათი პრობლემები მოვისმინეთ.

 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ნაზი მორგოშია „P.S.“-თან საუბარში აცხადებს: „70 წლის პენსიონერი ქალი ვარ, სოხუმში მართლაც ბედნიერი ცხოვრება მქონდა, მაგრამ 1990-იან წლებში იქედან გამოგვაძევეს. ახლა ქუთაისში ვიმყოფები, ვინ იცის, რამდენმა გაჭირვებამ გადაიარა ჩემს ცხოვრებაში? იცით, როგორ ვოცნებობდი საკუთარ ჭერზე? ერთი წლის წინ კი ამ შენობაში პირუტყვებივით შემოგვყარეს. მე ერთი ოთახი დამითმეს: ან საწოლი გინდა, ან სხვა რამო, ასეთი შემოთავაზება არაფერი იყო. ყველაფერზე თვალები დავხუჭე, მაგრამ ამაზე უკვე - არა. ერთ წვიმიან დღეს ვიგრძენი, რომ ჩემი ოთახი წყლით იყო სავსე. მაგათი თქმით, სახურავი შეგიკეთეთო. ზემოთ რომ ახვიდეთ და ნახოთ, გაგიკვირდებათ. რა გააკეთეს? არც არაფერი. აქ, ჩემს გვერდით, მეზობლის სახლი ისეთ მდგომარეობაშია, სადაცაა აიყრებიან. ბოლოსდაბოლოს, ამ ქვეყანაში სულ უნდა გვამასხარაონ, ჩვენ ხალხი არა ვართ? მაგათ ან დედა ან მამა არ ჰყავთ? სუბელიანს საერთოდ არ ვიცნობთ, არასოდეს ყოფილა აქ, საერთოდ ვინ არის? თქვენგან გავიგე პირველად.

„სააკაშვილმა თავის ლტოლვილებს ყველაფერი მისცა და შევარდნაძისას არაფერს იმეტებს. რაშია საქმე? სიმართლის თქმის არ მეშინია, მე არავის მეშინია! ჩვენს მთავრობას იმდენი ვეხვეწე, ოთახნახევრიანი ბინა მომეცითმეთქი, ერთოთახიანი სიმწრით მიწილადეს. მერე გავიგე, რომ ფულს თუ გასცემდი, ოთახნახევრიანს კი არა, სამოთახიანსაც კი მიიღებდი თურმე! იმასაც ვფიქრობდი , ქრისტიან -დემოკრატების ლიდერს, გიორგი თარგამაძეს ამ ამბავს გავაცნობთ მეთქი, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ მოვახერხე. რა ვიცი, იქნებ დაგვეხმარონ.“

 ვაჟა მონიავა, დევნილი: „ძალიან ცუდ ვითარებაში ვიმყოფებით, ავადმყოფი კაცი ვარ, დახმარება 22 ლარი, პენსია კი 77 ლარი მაქვს. მითხარი, ამ თანხით წამლები თუ საკვები ვიყიდო! თბილისში დევნილებს პენსია 10 ლარით გაუზარდეს, ქუთაისში მცხოვრებს კი არ მოგვიმატეს. ჩვენ, რა, ქართველები არ ვართ? გაიძახიან, ერთიანი საქართველოო! ასე უნდათ, ააშენონ? ამ მთავრობის ხელში სუფთა მათხოვრებად ვიქეცით. წყალი ათი დღეა არ მინახავს, გაზი საერთოდ არ გვქონია, მარტო მილები გამოიყვანეს. შეღებეს ფასადები, გაალამაზეს დერეფნები და... ეგ არისო! პირის დასაბანად აბაზანაში ორი ადამიანი შევდივართ და ერთმანეთს წყალს ბოთლებიდან ვუსხამთ, როგორც წვიმა მოვა, იმ წუთიდან ფანჯრებიდან წყალი შემოდის. მისი გაკეთება არ შემიძლია და რა ვქნა? სიარულის პროცესში პარკეტი ქანაობს. ერთხელ მოვიდა მერის მოადგილე, მოიყვანა ფოტოაპარატიანი გოგონა, გადაიღეს, მაგრამ მერე კაციშვილი არ გამოჩენილა.

 ეს გამოკითხულნი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც შენობაში, აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ჩვენ გვინდოდა გავსაუბრებოდით რამდენიმე ოჯახს, მაგრამ ზოგი ადგილზე არ იყო, ზოგმა კი საერთოდ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„P.S.“-თან საუბარში რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნატო ქათამაძემ აღნიშნა, რომ დევნილების შემოსახლებისთანავე დააფიქსირეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სტანდარტების დარღვევა, კერძოდ, ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, კედლები დაბზარული იყო, ლამინატის პარკეტი, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, ონკანი - ყველაფერი პრაქტიკულად დაზიანებულია, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. „ამის გამო მივმართეთ ფინანსურ პოლიციას, გამოეძიებიათ და დაესვათ იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა ხელში უშუალოდ იყო შენობის გარემონტება. ამავდროულად, ვთხოვდით იმ პირთა დასჯას, რომლებმაც ბინა ჩაიბარეს, თუმცა ფინანსურმა პოლიციამ ქმედითი ღონისძიება არ გაატარა. 

„ჩვენ ერთი რამ შეგვიძლია, ვიდავოთ სასამართლოში ამ დევნილთა უფლებების დასაცავად.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია