დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საარჩევნო ხმების ხმაური“ ქუთაისში
2012/10/03 09:13:02

„რაფერაა საქმე, გამოაცხადეს შედეგები?“ - გასძახის „ჟუვაჩკებითა“ და გასაბერი ბუშტებით დახუნძლულ პატარა სკამთან, კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი გარემოვაჭრე ნათელა ელექტროსაქონლის გაჩახჩახებული მაღაზიიდან გამოსულ ნაცნობს.

 

ქალბატონი ნათელა ქუთაისის 59 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 163 129 ადამიანიდან ერთადერთი როდია, ვისაც 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები აინტერესებს... 

მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო ქუთაისის ქუჩებში. ყველგან მოსალოდნელ შედეგებზე ბჭობდნენ და კამათობდნენ. ასეთი განსაკუთრებული ინტერესი, როგორიც მიმდინარე არჩევნებს აქვს, ჯერ არც ერთ პოლიტიკურ პროცესს არ გამოუწვევია მუდამ მშვიდ და უხმაურო ქალაქში. ეს არჩევნები კიდევ იმით აღმოჩნდა გამორჩეული, რომ ამ დღეს ქუჩებში და სტრატეგიული დანიშნულების შენობებზე, ხიდების მოაჯირებსა და სახვითი ხელოვნების გალერიის კედელზე აღარ მოჩანდა ნახევრად ახეული, ან ზედ მთლიანად შერჩენილი ჭრელაჭრულა პლაკატები - მძაფრი დაპირებებითა და მაჟორიტარი კანდიდატების პრიალა პორტრეტებით დამშვენებული.

„რამდენი წელია, არჩევნებზე არ მივსულვარ. ინდიფერენტული გავხდი, ვხედავდი, რომ პირადად ჩემთვის არაფერი იცვლებოდა. დღეს ვხვდები, რომ ყოველ ხმას მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ამიტომ უთენია გავიქეცი საარჩევნო უბანში,“ - გვეუბნება ყოფილი ინჟინერი გურამ ქემოკლიძე.

„როგორ მინდა, დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს ეს არჩევნები! გამოხატოს ხალხმა საკუთარი ნება და პარლამენტში ის პარტიები და ადამიანები მოხვდნენ, ვისაც ჩვენ ვენდობით. მე აღარ მსურს ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში,“ - ეს პენსიონერი პედაგოგის ლიანა ჭეიშვილის აზრია.

„მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს. გამარჯვებულმა და დამარცხებულმა ქვეყანა არ უნდა გადააყოლონ თავიანთი საქმეების გარჩევას. დროა, პოლიტიკოსებმა შეიგნონ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა დაადგეს!“ - ამბობს ინდმეწარმე გოგი კარანაძე.

და რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის 127 საარჩევნო უბანში?

დილიდანვე უამრავი ამომრჩეველი მიაწყდა საარჩევნო ყუთებს. განსაკუთრებით შეიმჩნეოდა პენსიონერთა უჩვეულო აქტიურობა. დილის 7-8 საათზე ხანდაზმული, ხშირად - ჯოხზე დაყრდნობილი, შეზღუდულად გადაადგილებული ადამიანების მასობრივად გამოჩენამ გარკვეული ეჭვიც კი დაბადა ზოგიერთ დამკვირვებელში, რომ პენსიონერების უკან რომელიღაც პოლიტიკური ძალა იდგა. ფიგურირებდა ის აზრიც, რომ უბნებში ამომრჩეველთა რიგები ხელოვნურად იყო შექმნილი.

№51 საარჩევნო უბანში (ბუხაიძის ქ. 7, 15 ბაგა-ბაღის შენობა), კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნისა და სხვა პროცედურების ჩატარების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ნანა კაკურიამ 8 საათსა და 5 წუთზე აცნობა საოლქო კომისიას, რომ უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად.

„რატო ხართ დაძაბული, - ან ერთი გეიმარჯვებს, ან მეორე!“ - მიმართავს კომისიის ერთ-ერთი წევრი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ჯონდო თავის თანაგუნდელებს და საერთო ხარხარში ამასაც ამატებს: „ყველამ თავის გულში ჩეიხედოს და გეიმარჯვოს იმან, ვისაც თქვენ ახლა გეიფიქრებთ - ღირსეულმა.“ არცერთ დამკვირვებელს არ დაუფიქსირებია, რომ ეს კომისიის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის აშკარა მომენტი იყო.

პირველი ამომრჩეველი, რომელიც უბანში 8 საათსა და 10 წუთზე შემოვიდა, ემზარ ჯინჭარაძე აღმოჩნდა. იგი მეხუთე ადმინისტრატორისაკენ გაემართა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ელექტრონული სიით ამ უბანში კი იყო გატარებული, მაგრამ სამაგიდო სიაში არ ემთხვეოდა მისი პირადობის ნომერი, სახელი და გვარი.

კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა მოქალაქეს, გარეთ დაეცადა, სანამ საოლქოდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ნათია სტეფნაძე მოვიდოდა სიტუაციის შესასწავლად.

„მიბრძანდი კარებთან, რა გინდა ამ სიმხურვალეში!“ - დააწია ამომრჩეველს რეპლიკა იმავე ნაციონალმა ჯონდომ, ხოლო პირველ მაგიდასთან მჯდომმა რეგისტრატორმა ხმამაღლა დაასკვნა: „ესაა გაყალბების პირველი ნიშანი.“

ქალბატონი ნათია სტეფნაძე რამდენიმე წუთში ადგილზე გაჩნდა, სიტუაციაც გაირკვა და, ბოლოს და ბოლოს, მოქალაქეს უფლება მისცეს, თავისი არჩევანი გაეკეთებინა. ემზარ ჯინჭარაძემ, რომელსაც ქუთაისელები იცნობენ, როგორც „ოქროს ჩარდახის“ სამეფო კომპლექსის მოამაგეს და უმძიმეს წლებში, ფაქტობრივად, მის გადამრჩენელს, კომისიის წევრებისაგან შეურაცხყოფილმა, როგორც იყო, კონვერტი ჩააგდო ყუთში, პირჯვარიც გადაიწერა და უბანი დატოვა. ამასობაში კი უბნის პირველი ამომრჩეველი გახდა ბუხაიძის ქუჩის 19-ში მცხოვრები ხანდაზმული ქალბატონი მედეა.

„ნანა, ბეჭედი დაარტყი საკონტროლო ფურცელს?“ - ჰკითხა საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ქალბატონმა ნათია სტეფნაძემ, რომელმაც საარჩევნო გარემო დაათვალიერა.

„არა... არ იყო ბეჭდის ადგილი მითითებული...“ - უპასუხა შეცბუნებულმა თავმჯდომარემ. რამდენიმე წუთში კი მისმა მოადგილემ ხელში აღმართული წიგნით გააკეთა განცხადება: „აი, ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო. არსად არ არის მინიშნებული, რომ ბეჭედი უნდა ყოფილიყო საკონტროლო ფურცელზე...“(?!)

დილის საათებში, როცა ამომრჩევლები განსაკუთრებით აქტიურობდნენ და რიგი იდგა, უბანზე ხმაური და არაორგანიზებულობა შეინიშნებოდა. ხმაურობდნენ თავად კომისიის წევრები. საარჩევნო ყუთთან ახლოს მჯდომი ქალბატონი („ქართული ოცნების“ წარმომადგენელი) კი, რომელიც კონვერტებს ხმამაღლა არიგებდა, ასაკოვან ამომრჩევლებს, რატომღაც, ასე მიმართავდა: „ბაბუ“, „ბებო“.

კურიოზიც აქვე მოხდა: საბავშვო ბაღის სცენაზე შედგმული ერთ-ერთი საარჩევნო კაბინის ქვემოთ, უცებ, ვიღაცის გრძელი ფეხი, ფარგლის წვერივით, მაღლა აიწია, თითქოს მოქავებას აპირებსო. კომისიის წევრები, დამკვირვებლები გაოცებულნი აჰყურებდნენ, როგორ იქექებოდა ვიღაც საკუთარ  წინდაში. ამასობაში მაღლა აწეული ფეხიდან კაცმა უბრალო ავტოკალამი დააძრო... „ბაბუ, მანდ დევს პასტა!“ - გასძახა ყუთთან მჯდომმა ქალბატონმა. „რა ვიცი, თქვენი პასტა იქონიეთო და...“ - გამოვიდა კაბინიდან 55-60 წლის, წვერებიანი მამაკაცი.

იმ დღეს კიდევ არაერთმა მოქალაქემ მოიტანა საკუთარი ავტოკალამი ბიულეტენის შემოსახაზავად - იმის შიშით - წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციისამებრ, ჩემი არჩევანი უკვალოდ არ გაქრესო...

ასე მოხდა სხვა უბნებშიც.

დღის განმავლობაში რიგ საარჩევნო უბნებზე არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

№63 საარჩევნო უბანში, რომელიც ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში, 34-ე საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული, გადასატანი ყუთი აღარ მიუტანეს რამდენიმე უნარშეზღუდულ ადამიანს, თუმცა ისინი წინასწარ იყვნენ აღრიცხული.

ერთ-ერთი მათგანი, მხცოვანი ქალბატონი, ეჭვობს, მას ყუთი იმიტომ არ მიუტანეს, რომ არ იყო მმართველი პარტიის მხარდამჭერი. როდესაც მისმა ოჯახმა საარჩევნო უბანზე ფაქტის შესახებ განაცხადა, საქმეში „ქართული ოცნება“ ჩაერია და ავტომანქანა გამოყვეს ამ მოქალაქეების წასაყვანად. თუმცა, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფებმა ხმის მიცემა ვეღარ შეძლეს. უბნის ტერიტორიაზე მყოფმა, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა კოორდინატორმა ოჯახის წევრებს „აუხსნა“: ყუთში მხოლოდ 35 ბიულეტენი უნდა ჩავარდნილიყო და იმის შემდეგ ვინც აღმოჩნდა სიაში, იმათთან აღარ მივიდნენო(?!). ამ უბანში მცხოვრები კიდევ ერთი ქალბატონის თქმით, მის ოჯახს წინა დღით „აუხსნეს“ - ყუთში მხოლოდ 20 ბიულეტენი ეტევა, ამიტომ დანარჩენი 5 ამომრჩეველი, რომელიც დასახლებაში ცხოვრობს, ვეღარ მისცემს ხმასო(?!). 

№21 სარჩევნო უბანზე ამომრჩევლის სტატუსით მისულმა ერთმა პიროვნებამ შვიდი ფანქარი შეიტანა და კომისიის წევრებისთვის ფანქრების გადაცემას აპირებდა. აღნიშნული ფაქტი „ქართული ოცნების“ დამკვირვებელმა მანანა გვენეტაძემ შეამჩნია და გააპროტესტა. ამის შემდგომ უცნობ პირს ფანქრები ჩამოერთვა.

დაფიქსირდა, რომ №95 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა პიროვნებამ, რომელიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მან ხმის მიცემა საოლქო კომისიის ტრენერთან, გიორგი ლაკვეხელიანთან კონსულტაციის შემდეგ შეძლო. „სამართლიანი არჩევნების“ იურისტები კი აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება კანონდარღვევაა. ამიტომ ისინი საჩივარს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგენენ. 

№27 საარჩევნო უბანზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სოფო არველაძის განცხადებით, არ გამოცხადდა გადასატანი ყუთისა და სპეციალური სიის მონაცემები. ასევე, თავდაპირველად, კენჭისყრა მონიშნული ფურცლებით ჩატარდა, თუმცა დამკვირვებლის პროტესტის შემდეგ, კენჭისყრა თავიდან მოეწყო ფუნქციების გადანაწილებაზე. აღნიშნული ფაქტი №27 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ხათუნა კალანდაძემ არ დაადასტურა და გაზეთ „P.S.“-თან აღნიშნა, რომ „ფუნქციები გადანაწილდა კანონის ფარგლებში. არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.“

№126 უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს სიებთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა. ქალბატონი ლამარა რუსაძის განცხადებით, მან ორი კვირის წინ შეამოწმა საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში, სადაც იყო კიდეც, ხოლო არჩევნების დღეს აღმოაჩინა, რომ ერთიან სიაში არ იმყოფება.

„მივედი დღეს და არ ვარ სიაში. უბანში მითხრეს, საოლქო კომისიაში გაარკვიეო, საოლქოში მეუბნებიან, რომ არ ხარ სიაშიო. როგორ შეიძლება ასე?!“ - აცხადებს ლამარა რუსაძე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კლდიაშვილმა „P.S.“-თან ასეთი კომენტარი გააკეთა: „მეორე მონაცემთა ბაზაზე, რომელიც პირდაპირ ცეესკო-დან ჩამოვიდა, ჩვენ პასუხისმგებლობა არ გვაქვს, ამას ცესკო აკეთებს და ბეჭდავს. ამ შემთხვევაში, მოქალაქემ ცესკო-ს უნდა მიმართოს საჩივრით.“

თვითმხილველის ნათქვამს გადმოსცემს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი გია ქობალიანი. მისი განცხადებით, საფიჩხიის საარჩევნო უბნებზე შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ მახვილაძე ავტომანქანით გადაადგილდებოდა და აშინებდა ხალხს, რომ, თუ არ შევიდოდნენ სახლში - დააპატიმრებდნენ.“

№107 საარჩევნო უბანში (ნიკეას ქუჩა, 64, ბიბლიოთეკის შენობა) მისულ მერაბ გვაზავას და მის ქალიშვილს გვანცა გვაზავას საკუთარი გრაფები უკვე ხელმოწერილი დახვდათ: „მ. გვაზავა“, „გ. გვაზავა“. აღელვებულ ამომრჩევლებს კომისიის წევრებმა მოუბოდიშეს: ალბათ, ვინმეს შეეშალა და თავისი გვარები თქვენს ადგილზე მოაწერა (?!), თქვენ კი ვეღარ მისცემთ ხმასო.

„ამ ბინაში წლების წინ ვცხოვრობდით და აქ გახლავართ ჩაწერილი. ეტყობა, ვიღაცამ იფიქრა, მაინც აღარ გამოჩნდებიანო და „არ დაკარგეს“ ხმები...“ - ასე ვარაუდობს მერაბ გვაზავა.

მამა-შვილმა ცესკო-ს მიმართა საჩივრით.

ამავე ოჯახის დიასახლისმა, გელათის ქუჩის 44-ში მცხოვრებმა მაია ჩიქოვანმა კი, რომელიც 26 საარჩევნო უბანში (წერეთლის ქუჩის 13, „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შენობა) აძლევდა ხმას, აღმოაჩინა, რომ მისი სახლის მისამართზე იყო გატარებული ისრაელის ათამდე მოქალაქე. „ვისგანაც ბინა შევიძინეთ, ოჯახის ყველა წევრითურთ დამხვდა საარჩევნო სიაში, - აცხადებს ქალბატონი მაია, - მთელი ეზო აქაა, დაახლოებით 10 კაცი: იაკობაშვილები, ფანიკაშვილები, თავდიდიშვილი... მათ შორის ზოგიერთი ისრაელში გარდაიცვალა, კიდეც (მაგალითად, სარა იაკობაშვილი) და ყველანი ჩვენს საარჩევნო სიაში არიან.“

№87 საარჩევნო უბანზე (ავანგარდი, სულხან-საბას ქუჩა) ხმის მიცემის პროცედურა ხანგრძლივად იყო შეწყვეტილი - მონაცემების შეჯამების მომიზეზებით, ამ დროს კი კომისიის თავმჯდომარე მარინე სულაკაძე პირდაპირ დარბაზში აძლევდა ინტერვიუს „ინფო.9“-ის გადამღებ ჯგუფს.

„სულ მცირე, 50 ადამიანი მაინც იცდიდა გარეთ მთელი საათი, - გვიამბობს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძე, - ჯერ ერთი, თუ რაღაცის შეჯამება ხდებოდა, თავმჯდომარეს სად ეცალა ინტერვიუსთვის? და, თუ შეჯამება არ ხდებოდა, არც ინტერვიუს მიცემის უფლება ჰქონდა ამ სიტუაციაში. მე დამკვირვებელი არ ვიყავი და ოპოზიციურ პარტიებს მივმართე, მაგრამ მათ არ დამიწერეს საჩივარი...“

ზვიად წაქაძე დარღვევების კიდევ რამდენიმე ფაქტს ადასტურებს:

„№85 საარჩევნო უბანში, რომელიც 9 ბაგა-ბაღის შენობაშია განთავსებული, გამოვიდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, ხელში მოსაწვევით. ზედ ეწერა: „მიშა“ და შემოხაზული „5“. ეს აქტივისტი ავიდა პირდაპირ კიბეზე და ღობის გარეთ მყოფ მხარდამჭერებს დაუძახა, „ა, შეხედეო!“ - და უქნევდა ასე ხელს. იქვე, რიგში მდგომ ამომრჩევლებზე, ფაქტობრივად, ზემოქმედებას ახდენდა. დამირეკეს - №45 უბანზეც მომხდარა მსგავსი შემთხვევა. და, საერთოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რიგები რომ შეიქმნა უბნებზე, ეს იყო მობილიზებულ მხარდამჭერთა რიგები. მე თვითონ ვნახე ავანგარდის დასახლების ბოლოში, - იქ, სადაც ბინები აღარ დგას, ოთხი სამარშრუტო ტაქსი იდგა მოფარებულად. დასჭირდებოდათ ხალხის გადასაყვანად და იმ წუთებშივე მზად იყო მარშრუტკები.“

№117 უბანში (25-ე სკოლის შენობა) სიაში შეყვანილი იყო ადამიანი, რომელსაც არ აძლევდნენ ხმის მიცემის უფლებას - შენზე წერია, რომ საზღვარგარეთ იმყოფებიო. ზვიად წაქაძის თქმით, „ამ დროს, იცოდნენ, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტივისტის სიდედრი იყო. ქალბატონი, საერთოდ, საზღვარგარეთ კი არა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქებშიც კი არ გახლავთ ნამყოფი. ამ ამომრჩეველს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ხმის მიცემის უფლება მიეღო.“

№43 საარჩევნო უბანში, რომელიც ბარათაშვილის ქუჩაზე, ფსიქონერვოლოგიური დისპანსერის შენობაშია გათავსებული, კომისიის ერთ-ერთი წევრი გაათავისუფლეს. მემარჯვენეების წარმომადგენელი, ასაკოვანი ქალბატონი ზინა იობიძე პროცედურის ჩატარებაში დაეხმარა თავისივე თანატოლ ამომრჩეველს, რომელმაც სთხოვა, ესა და ეს პარტია და ადამიანი რა ნომერია, მაპოვნინეო. მართალია, დახმარება მემარჯვენეების სასარგებლოდ არ ყოფილა, სულ სხვა პარტია და მაჟორიტარობის კანდიდატი შემოიხაზა, მაგრამ ქალბატონ ზინას, საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევისათვის, კომისიის წევრობა დაატოვებინეს.

საარჩევნო დღის კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი: დღის 13 საათისთვის გაზეთ „P.S.“-ის საინფორმაციო საიტი გატეხეს, რის გამოც „P.S.“-ის ჟურნალისტებს აღარ მისცეს საარჩევნო პროცესის ოპერატიულად გაშუქების შესაძლებლობა. გაზეთ „P.S.“-ისა და ინტერნეტპორტალის www.psnew.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ნატო გუბელაძემ Facebook-ში გაავრცელა განცხადება: „...წაშალეს ჩვენი მასალები ქუთაისში მიმდინარე დღევანდელ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და  სანაცვლოდ დადეს უაზრო, ცრუ მასალები, მათ შორის, თითქოსდა ეგზიტპოლების შედეგები, რომელიც ქართული ოცნების სასარგებლოდ არის. ჩვენ ამ დრომდე ვერ ვახერხებთ პაროლის გამოყენებას და საიტის ადმინისტრირებას.
ეს უაზრო და ცრუ სტატიები არ არის psnews.ge -ს მომზადებული.
ვიღაცას, ეტყობა ძალიან უნდა, რომ გაზეთმა „პოსტსკრიპტუმმა“ და ინტერნეტპორტალმა psnews.ge-მ საარჩევნო პროცესის ოპერატიული, ობიექტური გაშუქება ვერ შეძლოს, ის დეზინფორმაციის გამავრცელებლად წარმოაჩინონ და რომელიმე მხარესთან დააკავშირონ.
ჩვენ ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ გაზეთი „P.S.“ და ინტერნეტპორტალი www.psnews.ge არც ოპოზიციაა და არც პოზიცია, ის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი პრესის პრინციპებით მოქმედებს და  მიუკერძოებლად აშუქებს ყველა მოვლენას.“

გარკვეული პროცედურული დარღვევების მიუხედავად, ქუთაისის 59 საარჩევნო ოლქში შემავალ უბნებზე ხმის მიცემა საკმაოდ მშვიდ გარემოში, ვიდეოკამერების თანხლებით მიმდინარეობდა. ამომრჩეველთა ნაწილი ეგზიტპოლშიც მონაწილეობდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განსაკუთრებული ექსცესები არ მომხდარა.

1 ოქტომბერმა - არჩევნების დღემ და „ხმების ხმაურმა“ უკვე ჩაიარა. ამომრჩეველი საბოლოო შედეგს მოელის. 


ნანული ცხვედიანი


სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.



 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია