2013 წლის მაისში, 2013 წლის აპრილთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,01 პროცენტით შემცირდა. 2012 წლის მაისთან შედარებით კი 0,5-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, მაისში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ დამამუშავებელ მრეწველობაში. ფასები გაიზარდა 0,1 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვესექციებზე: ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (19,2 პროცენტი); საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (1,4 პროცენტი); მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება (3,4 პროცენტი); ქიმიური წარმოება (4,8 პროცენტი).
საანგარიშო პერიოდში ფასების ცვლილება შეინიშნებოდა, ასევე, დამამუშავებელ მრეწველობაში. მოცემულ პერიოდში ამ მიმართულებით ფასები შემცირდა 1,4 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების წლიურ მაჩვენებელში -1,21 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები შემცირდა მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (13,5 პროცენტი).
საქსტატის მონაცემებით, ფასები გაიზარდა საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (4,4 პროცენტი).
სამთომოპოვებითი მრეწველობაშიც ფასების მატება აღინიშნება. ამ სფეროში ფასები გაიზარდა 17,1 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის მთლიან ცვლილებაში 0,75 პროცენტული პუნქტი შეადგინა.