დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომიკის ზრდამ პირველ კვარტალში მხოლოდ 1,7 პროცენტი შეადგინა.
2013/05/24 16:50:14

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)  2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ცენტრის ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო ეკონომიკური ზრდის 6%-იანი მაჩვენებლის მიღწევა, თუმცა, ეკონომიკის ზრდამ პირველ კვარტალში მხოლოდ 1,7 პროცენტი შეადგინა.

როგორც ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ამან გააჩინა მოლოდინი, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები შეექმნებოდა.

”სწორედ ამიტომ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საჭიროდ ჩათვალა გაეანალიზებინა 2013 წლის პირველ კვარტალში გამოკვეთილი ტენდენციები ამ მიმართულებით. ამ ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების მაჩვენებელი განისაზღვრა 6,9 მილიარდი ლარით, ხოლო მობილიზებულმა სახსრებმა 1,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიური დაგეგმილი მაჩვენებლის 22%-ია. გასული წლების სტატისტიკური მაჩვენებელებთად შედარებით (2010 წელი - 23 %; 2011 წელი - 26%; 2012 წელი - 24%) ეს მაჩვენებელი დაბალია, თუმცა არა საგანგაშო"- განმარტავენ ცენტრში.

 ანგარიშში ნათქვამია, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან (დღგ) შევიდა დაახლოებით იმდენი, რაც 2012 წლის იმავე პერიოდში (2012 წელი - 700,4 მლნ ლარი; 2013 წელი - 690.2 მლნ ლარი). არადა, წლიური გეგმის მიხედვით, დღგ-დან 2013 წლის 3 თვეში წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტი შემოსავალი უნდა შესულიყო და ანუ ბიუჯეტს დაახლოებით 80 მილიონი ლარი დააკლდა.

 „საშემოსავლო გადასახადის ზრდამ პირველ კვარტალში ეს დანაკლისი გადაფარა და ჯამური კვარტალური შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირებული არ არის, მაგრამ საშემოსავლო გადასახადის ამ ზრდასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, კერძოდ: საშემოსავლო გადასახადიდან 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19 %-ით მეტი თანხა შევიდა, რაც დაგეგმილს (11%-იან ზრდას) აღემატება. ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის ახსნა სტანდარტულად შეიძლება იყოს: დასაქმებულთა მატება, ხელფასების მატება, ერთჯერადად პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. 2012 და 2013 წლების პირველ კვარტლებში ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ფონდზე გაწეული ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელმწიფო სექტორი, საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული ასეთ ჭარბ შემოსავალზე გავლენას ვერ მოახდენდა. რაც შეეხება კერძო სექტორს - 1,7%-იანი ზრდის პირობებში (დაგეგმილი 6 %-ის ნაცვლად) რთულია ითქვას, რომ კერძო სექტორმა აღნიშნულ პერიოდში მოახდინა დამატებითი თანამშრომლების დაქირავება, ან ხელფასების მატება ან ერთჯერადად ბონუსების გაცემა. აღნიშნულის გათვალისიწინებით, საშემოსავლო გადასახადში ზრდის ფაქტი დეტალურ ახსნას საჭიროებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან"- აცხადებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ექსპერტების გაერთიანებაა და  მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ცენტრის შესწავლის საგანია გარდამავალი ეკონომიკის ყველა საკითხი, როგორც მაკრო, ისე მიკრო ეკონომიკაში.

კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საგადასახადო პოლიტიკა, საგარეო ვაჭრობა, ფულად–საკრედიტო პოლიტიკა, ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია