დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სადაც მანგანუმის რეწვა მიმდინარეობს, წყალი და ჰაერი მოწამლულია...
2013/05/20 11:56:41

ინტერვიუ ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ მალხაზ წერეთელთან

 

 

მიუხედავად რესურსებით სიმდიდრისა, ჭიათურა პრობლემებით დახუნძლული რეგიონია. როდის მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მართალია, ჭიათურას ახალი ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობა თითქმის უუფლებოა იმ საკითხების მოგვარების საკითხში, რომლებიც ყველა ჭიათურელს აწუხებს. ჭიათურის მანგანუმის საბადოები, მანგანუმის წარმოება, ეკოლოგია, ინფრასტრუქტურული მეურნეობა, - ყველაფერი მისახედია, მაგრამ ამის შესაძლებლობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას ნამდვილად არ აქვს. ჭიათურის გამგეობა და მაჟორიტარი დეპუტატი ამ დრომდე ინარჩუნებენ საიმედო ხელისუფალთა იმიჯს, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ესმის, ახალი ხელისუფლება ბრალში არ არის იმის გამო, რომ გასული ცხრა წელი მათთვის ამქვეყნიური ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო.

ჭიათურაში არსებულ პრობლემებზე „პოსტსკრიპტუმს“ მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი ესაუბრა.

- ბატონო მალხაზ, თქვენი სპეციალობიდან გამომდინარე, მინდა დაგისვათ პირველი კითხვა: შეიცვალა რამე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ჭიათურაში?

- სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ის მდგომარეობა გვაქვს, როგორიც იყო 1 ოქტომბრის არჩევნებამდე. ის საავადმყოფო, რომელიც „ჯეოჰოსპიტალსს“ ეკუთვნის, ძალიან მცირეა იმხელა მუნიციპალიტეტისათვის, ჩვენი რომ არის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაზღვევა არ იყო საყოველთაო, მაშინაც არ გახლდათ საკმარისი და ახლა, როცა საყოველთაო დაზღვევა ამოქმედდება, უბრალოდ, მარტივი გასაგებია, რომ „ჯეოჰოსპიტალსი“ ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მიღებასა და მომსახურებას. ყველა დაიფაროს ღმერთმა, მაგრამ ორი სამარშრუტო ტაქსის ავარიის შემთხვევაშიც კი ვერ მიიღებს პაციენტებს ჩვენი „ჰოსპიტალსი“. ისე, რატომ არ გაითვალისწინეს წინა ხელისუფლების დროს, რომ ჭიათურას, დაახლოებით, 4 ათასამდე მაღაროელი ჰყავს?! ორი უზარმაზარი საავადმყოფო, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში ემსახურებოდა ჭიათურას, ნამდვილად შეიძლებოდა კვლავ დარჩენილიყო ხალხის სამსახურში. მხოლოდ რემონტი დასჭირდებოდა იმ უზარმაზარ შენობებს და ქალაქს სრულყოფილი სამედიცინო სერვისის შესაძლებლობა ექნებოდა.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჭიათურის მანგანუმია. წესით, ეს რესურსი ჭიათურისთვის წარმატების  მომტანი უნდა  ყოფილიყო,    მაგრამ   მანგანუმის   რეწვამ  სინამდვილეში მოიტანა მძიმე ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები.

-  „ჯორჯიანმანგანეზის“ საკითხი ისევ ბუნდოვანია. მარტში ეს უზარმაზარი წარმოება კვლავ გასხვისდა, თუმცა მენეჯმენტი ისევ ის დარჩა. ბუნებრივია, არსებობს კითხვები ამის გამო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჯერ ვერაფერი შევცვალეთ რადიკალურად. ჭიათურის მანგანუმის წარმოება გაკოტრების მმართველისაგან გაიყიდა, მაგრამ ნასყიდობის დოკუმენტი არსად ჩანს. შეიძლება, ეს დოკუმენტი არც არსებობდეს, რადგან მისი მოპოვება ვერავინ შეძლო ამ დრომდე.

- მანგანუმის რეწვაში დასაქმებულთათვის არანაირი პოზიტივი არ შეიმჩნევა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?

-  ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც სწორედ მანგანუმის რეწვას მოჰყვა, ადვილი დასაძლევი არ არის. ერთი წუთითაც არ შეიძლება, რომ წარმოვიდგინოთ ჭიათურა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის გარეშე. სოფელ მღვიმევში, რომელიც ქალაქის ახლოს მდებარეობს, 237 ოჯახია სწორედ მანგანუმის მოპოვების გამო რთულ მდგომარეობაში. მძიმე მეტალური მტვერი, უწყლობა, დაბალი ძაბვის ელექტროენერგია, უგზოობა სოფელს გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს. სოფლის საინიციატივო ჯგუფთან ერთად შევხვდი „ჯორჯიანმანგანეზის“ წარმომადგენლებს და მათ პირობა დადეს, რომ რიგ პრობლემებს მოაგვარებს. სამოქალაქო აქტივობა, ალბათ, პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს, მარტო მუნიციპალიტეტის გამგებელი ან დეპუტატი ვერაფერს გადაწყვეტს. საზოგადოებამ უნდა იტვირთოს თავისი წილი პრობლემების გადაწყვეტაში.

- წინა წელს, სექტემბერში, 1000 ოჯახის ფერმერული მეურნეობა დაისეტყვა, მათი კონპენსირება მოხერხდა?

- წინასაარჩევნოდ ჭიათურის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა, დაახლოებით, 1000 ოჯახი დაზარალდა. ვისთვისაც სოფლის მეურნეობა ოდნავ მაინც არის გასაგები, მიხვდება, თუ რას ნიშნავს თითქმის  მოწეული მოსავლის დასეტყვა. წინასაარჩევნოდ, ხალხის გულის მოსაგებად, სწრაფად შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა ზარალის დათვლა. თუმცა, კომისია არ იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით შექმნილი და იურიდიული ძალაც არ აქვს იმ კომისიის დასკვნებს. შედეგი კი ის არის, რომ არაიურიდიული ძალის დოკუმენტაცია დევს ჩემს მაგიდაზე და ზარალის ანაზღაურების ბერკეტები ხელთ არ გვაქვს. ვმუშაობ ამ საკითხის მოგვარებაზე საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად. ვფიქრობ, რომ პოზიტიურად გადავწყვეტთ ამ საკითხს.

- როგორი მდგომარეობაა, სოციალური თვალსაზრისით, ჭიათურაში?

-  სამწუხაროდ, სატრაბახოდ არ გვაქვს საქმე. მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა. დაბალი მატერიალური შემოსავლების გარდა, ჩვენთან, ეკოლოგიური პრობლემების გამო, სოციალური საკითხებიც მტკივნეულია. ყველგან, სადაც მანგანუმის რეწვა მიმდინარეობს, წყალი, ჰაერი და ფიტომასა მოწამლულია. დაუშვებელია ასეთ გარემოში ადამიანის ცხოვრება და მით უფრო - საკვების წარმოება-გამოყენება, მაგრამ იძულებულია მოსახლეობა, რომ გამოიყენოს მანგანუმით დაბინძურებული წყალი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია. პირად ტრაგედიად მიმაჩნია, რომ ჭიათურა იმერეთში პირველ ადგილზეა პენსიონერების, სოციალურად შეჭირვებულთა და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოდენობით. ალბათ, ყველამ იცის, რომ ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსება გაიზარდა, ასევე სოციალური პაკეტიც უფრო სოლიდური გახდება.

-  ე.წ. რეგრესის პენსიონერების საკითხი, როგორც იქნა, მოგვარდა. მახსოვს, რომ თქვენ ოპოზიციაში ყოფნის დროს ამ კატეგორიის პენსიონერებს გულშემატკივრობდით.

- მაღაროელები, რომლებიც საწარმოო ტრამვის გამო დასახიჩრდნენ,  დაფინანსდებიან. მათგან ზოგიერთს ასაკობრივი პენსიაც არ ჰქონდათ, ტრამვირების გამოც არ იღებდა რაიმე შემწეობას.  სავარაუდოდ, მარჩენალდაკარგულებიც (ჯამში 150 ადამიანი), რომლებიც ადრე ამ რეგრესის პენსიონერების კმაყოფაზე იყვნენ, მიიღებენ ე.წ. რეგრესის პენსიას.

- რატომღაც დაავიწყდა სახელმწიფოს, რომ, სამთოელების გარდა, რეგრესის პენსიონერები არიან სხვა წარმოებაში დასახიჩრებული ადამიანებიც. მაგალითად, სამშენებლო ობიექტებზე, ან მანქანათმშენებლობაში საწარმოო ტრამვირებულმა ადამიანმა რა დააშავა?!

- ამ ეტაპზე მხოლოდ სამთოელების საკითხია გადაწყვეტილი. იმედია, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობასაც თქვენ მიერ წამოჭრილ საკითხზეც.

- ჭიათურაში არის უბნები, სადაც წყალმომარაგება არ არსებობს, გადაწყდება ეს საკითხი დროულად?

- ჩვენს ქალაქში 16 წყალსადენია. „ჭიათურმანგანუმს“ 250 კილომეტრიანი წყალგაყვანილობა ეკუთვნის, ხოლო თავად ქალაქის     „გაერთიანებულ წყალმომარაგებას“ - მხოლოდ 51 კილომეტრი. ამ სისტემას სულ 43 ადამიანი ემსახურება და დასაქმებულებს ხელფასს „გაერთიანებული წყალმომარაგება“ აძლევდა. ნარმანიას უწყება ჩაერთო ჭიათურის წყლის საკითხის მოგვარებაში და, იმედია, დროულად გადაწყდება ეს პრობლემა.

- ინფრასტრუქტურულად რა პოზიტივებს უნდა ველოდოთ ჭიათურაში?

- 3,5 მილიონი გამოყოფილია გზებისა და სხვა საკითხების მოსაგვარებლად. წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოიმატებს ასფალტირებული და ინერტულმასალიანი გზები. ამის გარდა, 10 სკოლის სრული რემონტი ჩატარდება, ხოლო სხვა სკოლები მიიღებენ 750 ათასლარიან სუბსიდიას, რომელიც სამჯერ აღემატება შარშანდელ მონაცემს. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1756
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია