დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წელს არასტაბილური ზამთარი გვექნება
2009/12/14 14:33:10

ბოლო ერთი კვირის თბილი ამინდების შემდეგ მოსახლეობა აცივებას ელოდება. ცოტა ხნის წინ გადაუღებელმა წვიმებმა ლამის სტიქიური უბედურებები გამოიწვია. როგორი ამინდი და ზამთარი იქნება იმერეთში, ამის შესახებ კოლხეთის დაბლობის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკიძე გვესაუბრება.

 

- ბატონო ავთანდილ, როგორია თქვენი ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი?

- ამინდი 13 დეკემბერს შეცვლას დაიწყებს და 14 დეკემბერს ნალექის სახით გამოიხატება ქუთაისში და კოლხეთის დაბლობზე. ამ პერიოდში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და, სავარაუდოდ, -3 გრადუსამდე დაეცემა. 16 დეკემბრიდან დათბება და ამინდიც, შესაბამისად, კარგი იქნება, თუმცა 19 დეკემბრიდან კვლავ აცივდება. უამინდობა კი ნალექის სახით გამოიხატება.

- გრძელვადიანი პროგნოზი?

- იანვარი, არსებული მეთოდებით და დაანგარიშებით, ნორმის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს. ამ პერიოდში ტემპერატურა და ნალექებიც ნორმის ფარგლებშია. ჩემი ვარაუდით, ეს ზამთარი იქნება საკმაოდ ცვალებადი. ტემპერატურის დაცემა მოხდება მინიმუმ -3 გრადუსამდე, ხოლო დათბობა მაქსიმუმ 16-17 გრადუსამდე.

- ასეთი არასტაბილური ზამთარი იქნება იმერეთის ბარშიც და მთიან რეგიონშიც?

- დიახ, თუმცა მთაში, როგორც კი პირველი თოვლი მოვა, ტემპერატურა ღამით მაინც დაბალი იქნება. რადგან თოვლის საფარი სიცივეს ინარჩუნებს და დედამიწის ზედაპირიდან არ ხდება სითბური აალება. ტემპერატურის რყევა იანვარშიც გვექნება. თუმცა ასეთი პერიოდები ამინდს აქვს, აქ საუბარია გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე. გაბატონებული ატმოსფერული ნალექების განლაგების გამო, რომელი მასებიც მოხვდება იმ პერიოდებში იმის მიხედვით დგება ამინდი. ფაქტია, რომ დღეს გლობალური დათბობაა დაწყებული. მსოფლიო კლიმატში მყინვარები მთავარი გამაგრილებლები არიან. ამიტომ, თუ დნობა დაიწყება, ეს, პარალელურად, შეცვლის კლიმატს. ლოგიკით, ეს გამოიწვევს ტემპერატურის მკვეთრ ზრდას. 2050 წლამდე, სავარაუდოდ, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს მსოფლიო მასშტაბით, თუმცა ეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად გამოისახება.

საქართველოში ეს კიდევ რამდენიმეგვარად გამოისახება. სანაპირო ზოლში, მაგალითად, ნალექების რაოდენობაც მოიმატებს და ტემპერატურაც დაეცემა. გაუდაბნოებულ ადგილებში კი ტემპერატურა მოიმატებს. კლიმატი ძალიან ახლო ტერიტორიაზე საკმაოდ ცვალებადი ხდება დასავლეთ საქართველოშიც. აქ კავკასიონის კალთებზე, კოლხეთის დაბლობზე და შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც კი მკვეთრად განსხვავებული კლიმატია მოსალოდნელი. უფრო გრძელვადიანი პროგნოზით, საზაფხულო საკურორტო სეზონი მოიკლებს, რადგან, როგორც უკვე გითხარით, სანაპირო ზოლზე ნალექების რაოდენობა მოიმატებს. აქვე გეტყვით, რომ გლობალურ დათბობას ეძღვნება კონფერენცია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა კოპენჰაგენში მიმდინარეობს. აქ მსოფლიო წამყვანი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ და შეჯერდნენ ერთიან სამოქმედო პროგრამაზე, რომელიც ემისიების შემცირების ვალდებულებას მოიცავს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2212
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია