დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილების პროტესტი პარლამენტთან
2013/03/19 14:52:58

პარლამენტის წინ შეკრებილი დევნილები ხელისუფლებისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მოითხოვენ

ამ წუთებში ქუთაისში, პარალმენტის წინ, აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა აქცია მიმდინარეობს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ მინისტრის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც დევნილებს, რომლებსაც 2006 წელს 7 000 დოლარი გადაეცათ, კომპენსაციები აღარ დაურიგდებათ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ აღდგეს სამართლიანობა და დაგვაკმაყოფილონ დევნილები ფართებით, რადგან ვიმყოფებით გაუსაძლის პირობებში. ეს 7 000 დოლარი უკვე დავხარჯეთ ბინის ქირაში და ახლა ქუჩაში ვართ დარჩენილები,“ - განაცხადა  აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნანა პერტაიამ.

აქციაზე სულ აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახია შეკრებილი. პროტესტანტებს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე შეხვდა. მისი თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ მათი საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში არიან დევნილები, რომლებიც იძლებული არიან, მოვიდნენ პარლამენტთან და აქედან მოგვაწვდინონ ხმა. ალბათ, ეს ჩვენი პრობლემაა, რადგან კომუნიკაციის ნაკლებობაა ამ ადამიანებთან. აჭარაში ჩასახლებულ ამ ადამიანებს აქვთ ის პრობლემა, რომ, ფაქტობრივად, წინა ხელისუფლებამ აიძულა, დაკმაყოფილებულიყვნენ ძალიან მცირე თანხით და თითქოს პრობლემა ამით გადაჭრეს. ასევე, როგორც თვითონ ამბობენ, დაახლოებით 70 ოჯახს ისე გადაეცა ბინები, რომ არანაირი საერთო არ აქვთ დევნილებთან და ამ ბინებს აგარაკებად იყენებენ ან აქირავებენ. მე ვაძლევ ამ ადამიანებს პირობას, რომ თითოეულ ამ ბინასა და მის მფლობელს მე თვითონ გადავამოწმებ.“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძე ასევე აცხადებს, რომ ყველა დევნილის საქმე ინდივიდუალურად შეისწავლება და ასე მოხდება მათი ფართებით დაკმაყოფილება. საგანელიძემ უარყო დარახველიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იმ დევნილების თემა, რომლებსაც 2006 წელს 7 000 დოლარი გადეცათ, დახურულია.

„მე მოვუსმინე მინისტრის ბრიფინგს და მსგავსი რამ მას არ უთქვამს. მე მიმაჩნია, რომ ეს სამინისტრო გამორჩეულად მონდომებით მუშაობს. ის ადამიანები, რომლებიც ამ სამინისტროს ხელმძღვანელობაში არიან, თვითონაც დევნილები არიან და საკუთარ თავზე აქვთ გადატანილი ეს საშინელება. სწორედ ამიტომ შეუძლებელია, რომ ისინი ამ ხალხის პრობლემებს ვერ ხედავდნენ. პრობლემების გადაჭრის გზა ბევრია, მაგრამ საშუალება, სამწუხაროდ, ძალიან მცირეა და დროთა განმავლობაში მოხდება არსებული სირთულეების დაძლევა.“ - აღნიშნა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დევნილთა პროტესტი მინისტრის განცხადებას მოჰყვა. დარახველიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, დევნილებს ბინები ორჯერ დაურიგოს, ამიტომ კომპენსირებული დევნილებისათვის ფართების გამოყოფა აღარ მოხდება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია