დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილის მთავრობა შეივსო
2012/10/22 12:59:36

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს  მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა და ამით მთავრობის დაკომპლექტება დაასრულა.

 

ჯერ არ დამტკიცებულ მთავრობაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა „კარუსელიც“ კი დაატრიალა: კახი კალაძეს, რომელიც მანამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად იყო დასახელებული, ახლა ენერგეტიკის სამინისტრო ჩააბარეს. თუმცა, იგი დარჩა ვიცე-პრემიერადაც.

„პრიორიტეტებს რაც შეეხება, ეს იქნება ჰესების მშენებლობა. იცით, რომ დაწყებულია მცირე და  საშუალო ჰესების მშენებლობა.  ძალიან ბევრი კითხვა  გაჩნდა დიდ ჰესებთან დაკავშირებით, ეს აუცილებლად გადაიხედება  და თუკი გაგრძელდება ასეთი მშენებლობები, ეს უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გავლილი კონსულტაციების შემდეგ. ჩვენ არ გვინდა ერთი კარგი გაკეთებული საქმით მეორე დავაზიანოთ.

მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში, განსაკუთრებით - ზამთრის პერიოდში, ელექტროენერგიის ძალიან დიდი ნაწილის იმპორტი ხდება და  ეს, ძირითადად, ხორციელდება რუსეთიდან,  ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ  იმისთვის, რომ საქართველო მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყოს საკუთარი ელექტროენერგიით,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა. კახი კალაძის თქმით, ის მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და ყველა პროფესიონალი, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურებოდა სამინისტროს, თანამდებობას შეინარჩუნებს.

მოულოდნელი იყო ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურის შეცვლაც. 8 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი იყო ამირან გამყრელიძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე უარი მოულოდნელად თქვა.

„ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის  თანამდებობას შორის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბი სი აის“ გენერალური დირექტორი“ - ნათქვამია ამირან გამყრელიძის სახელით გავრცელებულ პრესრელიზში, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არ იყო სამართლებრივი კონფლიქტი და იყო მხოლოდ მორალური უხერხულობა. ამის გამო ბატონმა გამყრელიძემ უარი განაცხადა მინისტრის თანამდებობაზე და, მისივე განცხადებით, ის დარჩა ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა  დაასახელა   დავით სერგიენკო, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა.

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ იქნა გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც „ქართუ ბანკის“ ტოპ-მენეჯმენტში მუშაობდა. როგორც ბატონი გიორგი აცხადებს, მის საქმიანობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება - მინიმალური ჩარევა კერძო სისტემის ფუნქციონირებაში, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ასევე  ეფექტური ანტიმონოპოლური კანონმდებლობა და მაქსიმალური კოორდინაცია ეკონომიკური ჯგუფის სუბიექტებს შორის. „ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ადვილი მისაღწევია წარმოდგენილი კაბინეტის პირობებში. გარდა ამისა,  სამინისტრო იქნება გახსნილი და ადვილად ხელმისაწვდომი ეკონომიკური და ბიზნეს სუბიექტებისათვის,“ - განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

ასევე, დასახელდა სხვა კანდიდატებიც: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გადავა მას შემდეგ, რაც მომავალში ეს სამინისტრო გაუქმდება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო - დავით დარახველიძე; გარემოს დაცვის სამინისტრო - ხათუნა გოგოლაძე; განათლების სამინისტრო - გიორგი მარგველაშვილი; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური.

როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, ის, უპირველეს ყოვლისა, დაიწყებს  მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობას, სადაც აისახება  ის  პრიორიტეტები, რაც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისათვის ნათქვამი.

„ამიტომ ჩვენი პროგრამის ყველა საკითხი ასახული  იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყებთ საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაციას და ჰუმანიზაციას.  საგადასახადო  არ იქნება „ბუა“, რომელიც აშინებს ბიზნესს, საგადასახადო იქნება მათი პარტნიორი,“ - განაცხადა ბატონმა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, „რაც შეეხება  განაკვეთებს, ამას სერიოზული გადაანგარიშება სჭირდება, რადგან, ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები - ეს არის სოციალური ვალდებულებები, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ. და ამას სჭირდება დაფინანსება.  ცხადია, რომ ეს ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ყველაფერი, როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდება სახელმწიფოს, მაშინ დავიწყებთ გადასახადების შემცირებასაც. დღეს, ამ ეტაპზე, მხოლოდ საშემოსავლო გადასახადში გაჩნდება დაუბეგრავი მინიმუმი.“

რაც შეეხება განათლების სფეროს პრიორიტეტებს, განათლების მინისტრობის კანდიდატის - გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთავარია, მოიხსნას ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც ამ სისტემაში იყო აქამდე.

„საერთოდ, ზოგადი მიმართება განათლებასთან დაკავშირებით არის ის, როგორ მოიხსნას პოლიტიკური წნეხი, რომელიც იყო ამ სისტემაში, როგორ იყოს ეს სფერო დეპოლიტიზირებული  და თავისუფლებაზე ორიენტირებული. შეუძლებელია, განათლება და მეცნიერება იყოს  შებოჭილი და იყოს წარმატებული. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი  არის, ამ სისტემას შეუქმნა პირობები, ნაკლებად მართო და ბევრად  უფრო მეტი  შესაძლებლობა მისცე თავისუფლად განვითარების,“ - განაცხადა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრობის კანდიდატი, ჟურნალისტებთან საუბრისას მანდატურის ინსტიტუტსაც შეეხო. მისივე თქმით, თავისთავად  ნათელია მანდატურის სამსახურის პრობლემა რაშიც მდგომარეობს - ეს იყო დათრგუნვის და, გარკვეულწილად,  მართვის ბერკეტი. „მე არ მქონია პირადად მანდატურის სამსახურთან შეხება. როცა ველაპარაკები ხალხს, რომლებიც ამ სამსახურზე საუბრობს, ისინი ამბობენ, რომ გარკვეული პრობლემები მოხსნა, უბრალოდ, კიდევ რაღაც პრობლემები წარმოშვა.  ახლა საუბარი  არის იმის თაობაზე,  რომ არის კრიმანალის საშიშროება და ჩვენს საუკუნეში კრიმინალი ბევრი სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. თუ არის ამის საშიშროება, უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მოვარგოთ  ეს მექანიზმი  მხოლოდ კრიმინალის პრევენციას და  არ იყოს ეს დათრგუნვის მექანიზმი,“ - ამგვარად მიაჩნია განათლების მინისტრობის კანდიდატს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის სხვა კანდიდატების ვინაობა 8 ოქტომბერს დაასახელა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი); იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი; რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია