დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ ხარატიშვილი: „საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს“
2012/07/16 13:22:17

„მხარს ვუჭერ ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც „კარდაკარის“ პრინციპით ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისთვის მუშაობს, პირველ რიგში,  სახელმწიფო კომისიას, რომელიც მამუკა კაციტაძის ხელმძღვანელობით არის შექმნილი. ასევე, როგორც ვიცი, საარჩევნო სიების დაზუსტების პროცესში რამდენიმე არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან ჩართულნი და, ვფიქრობ, ეს ჩართულობა, ინფორმაციის  გაცვლა   მნიშვნელოვნად    შეუწყობს  ხელს  საარჩევნო  პროცესის   გაჯანსაღებას. მე ვიცი, რომ  დღესდღეობით  მათი მუშაობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს  და იმედი მაქვს, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ამომრჩევლის მხრიდანაც კიდევ უფრო  ნაკლები პრობლემა იქნება საარჩევნოდ, ვიდრე იყო წინა პერიოდში.“ - განუცხადა გაზეთ „P.S.“-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა, რომელიც ამ დღეებში ქუთაისში იმყოფებოდა. მან ადგილობრივ ჟურნალისტებს, ის საქმიანობა გააცნო, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეწევა.

გაზეთმა „P.S.“-მა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ხარატიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- ბატონო ზურაბ, დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საარჩევნო სიაში სულხან საბას ტერიტორიულ ორგანოში მითითებული მისამართები ფიზიკურად არ არსებობს, ან აღნიშულ მისამართზე არავინ ცხოვრობს. აქვე გეტყვით, სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითო ოჯახში 20 და 30 ადამიანია ჩაწერილი. თქვენ რას იტყვით მათ განცხადებებზე?

 - ჯერ ერთი, ჩემი კომპეტენცია არ არის სიების გადამოწმება. მეორე ის არის, რომ კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი. თუმცა, შემიძლია  დანამდვილებით გითხრათ, მსგავსი შემთხვევები 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო. მაგალითად, ასათიანის ქუჩაზე, ასევე - გუგუნავას ქუჩაზეც, სადაც როგორც ვიცი, არის მცირე, სამსართულიანი კორპუსები და დამისამართების შეცდომის კუთხით ხარვეზები დაფიქსირდა. პრობლემა ის არის, რომ მთელი სახლი, როგორც ერთი ბინა, ისე არის ჩაწერილი და, შესაბამისად, ოცი და ოცდაათი ადამიანი გამოდიოდა. მე არ ვიცი ახლა, ეს ხარვეზები 2010 წლის შემდეგ გამოსწორდა, თუ არა. მე თქვენ, ჟურნალისტს, მოგმართავთ: ვიღაც პოლიტიკოსის გამონათქვამებზე დაყრდნობით ნუ მისვამთ შეკითხვებს. მისულიყავით იმ მისამართზე, სადაც პრობლემები არის,  გადაგემოწმებინათ ინფორმაცია და გაგერკვიათ სიმართლე.

- რამდენად მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და იგეგმება თუ არა ჟურნალისტების დატრენინგება, რომ არჩევნები ობიექტურად, სამართლიანად გააშუქონ? 

- მედიის ჩართულობა არამარტო 2012 წლის არჩევნებში, არამედ ნებისმიერი არჩევნების დროს არის მნიშვნელოვანი. მეტს გეტყვით, მედიის ჩართულობა ნებისმიერ საზოგადოებრივ პროცესში არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი. საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ინფორმირებულ ამომრჩეველს და, რა თქმა უნდა, მედიის როლი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავთ, ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით გამოვაცხადოთ საგრანტო კონკურსი მედიაორგანიზაციებისთვის და ასევე ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგ-სემინარები, რომ უფრო უკეთ გააშუქონ არჩევნები.

- ბატონო ზურაბ, რას გვეტყვით საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ მიიღო?

- კანონმდებელმა რა მიიღო და როგორ მიიღო, ჩემს მოვალეობაში არ შედის. ამიტომ მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ...

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია