საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ყიდის საკუთარ ფერმერულ მეურნეობას ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/01/23 11:19:22

გუშინ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ზამბახიძემ სოციალურ ქსელში ძალიან მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ არსებული პრობლემების გამო საკუთარ ფერმერულ მეურნეობას ყიდის.

 

"აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით ეხლა მოგიყვებით როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი! 8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი, ბევრი გამოწვევა იყო , მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი, დაიწყო ახალი ერა სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ ძროხები ბრუცელოზით დაავადდა რატომ ამაზე პასუხი არ მაქვს ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ასე რომ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო,რასაც შევწირე თავი, რის გამოც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და დავტოვე შვილები დედის გარეშე ფაქტიურად , რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი ამას ყველაფერს ანუ ჩემ ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!

ჰო კიდევ ეს კომპანია ჩემი ,რომ არ ყოფილიყო ამ ამბებს ფერმერთა ასოციაცია ასე არ დატოვებდა ეხლა ინტერესთა კონფლიქტია.

P. S რაც შეეხება ფერმერთა ასოციაციას კიდევ უფრო გავაძლიერებ მერწმუნეთ!" - ამბობს ნინო ზამბზხიძე თავის სტატუსში.

 

მის ინფორმაციას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სოციალურ ქსელში, ისე - მედიაში. შესაბამისად, მან დღეს სპეციალური ბრიფინგიც გამართა მედიისთვის, სადაც უფრო დაწვრილებით ისაუბრა თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

 

ნინო ზამბახიძის გადაწყვეტილება, გაყიდოს საკუთარი მეურნეობა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერს უკავშირდება, რომელშიც ნინო ზამბახიძის კომპანიაც მონაწილეობდა.

 

ტენდერით უწყებამ ყველი უნდა შეიძინოს. დოკუმენტაციის მიხედვით, სააგენტოს შესასყიდი ყველის (1 კგ) საწყის ფასად 11 ლარი აქვს მითითებული. კონსოლიდირებულ ტენდერში, ორ კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული - შპს ,,ალპურსა“ და ნინო ზამბახიძის კომპანია ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ს. 


მიუხედავად იმისა, რომ ზამბახიძის კომპანიას შემსყიდველითვის უკეთესი ფასი -კილოგრამზე 9 ლარი და 47 თეთრი აქვს შეთავაზებული, მას დისკვალიფიკაცია მისცეს. 

რაც შეეხება კონკურენტ კომპანიას, ის სააგენტოს ყველის მიწოდებას 1 თეთრით უფრო ძვირად სთავაზობს. ამ დროისთვის ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და თუკი კომპანია ,,ალპურის“ დოკუმენტაცია წესრიგში იქნა, გამარჯვებულად ის დასახელდება. 

რა მიზეზით მოხდა ,, ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ის დისკვალიფიკაცია?   სატენდერო კომისიის იმ გადაწყვეტილებას გაეცნო, სადაც დისკვალიფიკაციის მიზეზებია განმარტებული. 

კომისია განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ტექნიკური აღწერილობა, არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. 

,,ყველი დაფასოებული უნდა იყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1-6 კგ მდე (+-15 გრ). ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური აღწერილობაში მითითებულია, რომ ყველი დაფასოებული იქნება 1,5-5კგ-მდე; ამასთან, არ არის მინიშნებული რომ დაფასოება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, პრეტენდენტს არ აქვს მითითებული, რომ მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა იქნება საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე, რაც გათვალისიწნებული იყო სატენდერო დოკუმენტაციით“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში. 

 

ნინო ზამბახიძის განცხადებით, დღეს ფერმერებისთვის მთავარი პრობლემა ბიუროკრატია და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.მისივე თქმით, ეს ყველაფერი მან საკუთარ თავზე გამოსცადა. 


მასვე მიაჩნია, რომ ცვლილებები საკანონმდებლო დონეზეა საჭირო და არსებული ბიუროკრატია ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელს უშლის.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრობლემით დაინტერესდეს პარლამენტი, ეს უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო დონეზე. ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ მათი მეურნეობის განვითარებისთვის, არ უნდა გახდნენ ბიუროკრატიის მსხვერპლი და არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ეს არის რეალური უსამართლობა ქვეყანაში. 



არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ მე ფარხმალი დავყარე იმიტომ, რომ ერთი ტენდერი წავაგე, ეს არ არის მნიშვნელოვანი.

 

სანამ მე არ შემეხო და საკუთარ მხრებზე არ განვიცადე, არ ვიცოდი, რა პრობლემების წინაშე იდგნენ ქართველი მეწარმეები.

 

სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანებისთვის, ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა ყველაზე დიდი გამოწვევაა, შემდეგი არის ბიუროკრატია, რომელიც ძალიან ტექნიკური ნაწილია.

 

მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება დემოტივაცია იყოს სხვებისთვის, პირიქით, მოტივაცია უნდა იყოს იმის, რომ ცოტა სხვანაირად, უფრო ახლებურად შევხედოთ ყველაფერს. 



აუცილებლად ვაპირებ პარლამენტთან კომუნიკაციას, ეს არის საკანონმდებლო დონეზე შესატანი ცვლილება. თუ ვსაუბრობთ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე, სახელმწიფო არის ყველაზე დიდი შემსყიდველი და როცა სახელმწიფოში არსებობს მსგავსი ბიუროკრატია, ვფიქრობ, რომ სწორედ ეს აფერხებს ბიზნესის განვითარებას", - აცხადებს ნინო ზამბახიძე.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია