დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის დაპირება და იმედგაცრუებული სტუდენტები
2012/07/16 13:18:59

სტუდენტური „ქარდი“ - ეს ის სოციალური ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა აკრედიტირებული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ კვების ობიექტებში, სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ტრანსპორტის მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), კულტურულ და გასართობ ცენტრებში.

 

„სტუდენტური ბარათით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ სტუდენტს. ბარათის მეშვეობით სტუდენტები ისარგებლებენ სხვადასხვა ფასდაკლებებით და შეღავათებით, როგორც სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), ასევე კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებში და კომპანიებში. მატერიალური პრობლემები ყველაზე მეტად სტუდენტებს აწუხებთ და დახმარება ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ, რათა სწავლაზე იფიქრონ და არა იმაზე, როგორ იშოვონ ბილეთის ან საჭმლის საყიდელი ფული,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გაზეთმა „P.S.“-მა ექპერიმენტი ჩაატარა ზემოთ აღნიშნულ ყველა ობიექტში. ყველგან დავრეკეთ და თავი სტუდენტად წარმოვადგინეთ.

- გამარჯობათ, სტუდენტი ვარ, სულ ახლახან ავიღე სტუდენტური „ქარდი“, რომელზედაც პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. მაინტერესებს, თქვენთან რა შეღავათებია ამ კუთხით?

მაკდონალდსი: „არა, ჩვენთან არანაირი შეღავათები არ არის სტუდენტებზე, მაგ პროგრამაში ჩვენ არ ვართ ჩართული“.

საცურაო აუზი „აკვა პარკი“: „არა, სტუდენტებზე ჩვენ შეღავათებს არ ვაკეთებთ.“

რკინიგზა: „სტუდენტებზე შეღავათი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუაღამით იმგზავრებენ, დღე შეღავათები არ მოქმედებს.“

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიგა გელხვიიძე, როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პრეზიდენტის ამ ინიციატივამ ძლიერ მოხიბლა, რადგან მისი ოჯახი ბაღდათის რაიონის, სოფელში დიმში ცხოვრობს და უნივერსიტეტში სიარული ყოველდღე სოფლიდან უხდება. მისი თქმით, როცა გაიგო, რომ პრეზიდენტის დაპირებები ქუთაისელ სტუდენტებზე თითქმის არ მოქმედებს, მიხეილ სააკაშვილს წერილიც კი მისწერა, რომლის შინაარსი ჩვენც გაგვანდო:

„ყველანაირად მივესალმები სტუდენტურ შეღავათებს და იმ განცხადებას, რომელიც თქვენ გაავრცელეთ, რადგანაც სტუდენტი ვარ და ვიცი, თუ რა ხარჯებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით კი - ტრანსპორტირება! ეს ყველაზე მეტად აზარალებს სტუდენტის ჯიბეს. აღნიშნული შეღავათების უმეტესობა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ დედაქალაქში. მაინტერესებს, ჩვენ, რეგიონების სტუდენტებს, გვექნება თუ არა შეღავათი ტრანსპორტზე, განსაკუთრებით კი - იმ სტუდენტებს, რომლებიც რაიონებიდან დადიან ყოველდღე და, მინიმუმ, ხუთი ლარი მაინც უჯდებათ მგზავრობა. რაც შეეხება ქალაქის ტრანსპორტს, არაა იმდენად საგანგაშო ფასები და მისი გადახდა შესაძლებელია.“

როგორც ბაღდათის რაიონის მკვიდრი ამბობს, პასუხი ქვეყნის პირველი პირისაგან ამ დრომდე არ მიუღია და ახლა უკვე პასუხის იმედიც არ აქვს. ჩვენ ასევე სხვა სტუდენტებსაც გავესაუბრეთ:

 

„პატარა ბავშვივით მოვტყუვდი. მეგონა, მგზავრობაზე იქნებოდა შეღავათები, რადგან ტელევიზორში ასე აცხადებდნენ. სინამდვილეში კი, გამოდის, რომ არაფერზე არაა შეღავათი. მუზეუმში კი არის, მაგრამ იქ წლიდან წლამდე ერთხელ თუ წავალ. მგზავრობაზე და საკვებ ობიექტებში გვინდოდა ჩვენ შეღავათები.“ - ამბობს სტუდენტი ლანა ჯანაშია.

„აიდი“ ბარათი სწორედ რომ ამ შეღავათების გამო ავიღე, მიყვარს მუზეუმში და სხვა კულტურულ ადგილებში სიარული და ზოგან არის კიდეც შეღავათები. მე, პირადად, კმაყოფილი ვარ.“ - გვეუბნება გიორგი მაჩიტიძე.

„როგორც გავიგე, ამ ეტაპზე ქუთაისში აღნიშნული ბარათით სატრანსპორტო შეღავათით ვერ ისარგებლებ. ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ეს შეღავათი მესაჭიროებოდა. სამწუხაროა, რომ ქუთაისელ სტუდენტებს, ჯერჯერობით, ეს პრივილეგია არ გვაქვს. სხვა ფასდაკლებებს რაც შეეხება, ამაზე ვერაფერს გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია.“ - ამბობს სტუდენტი ელიზაბეტ ცაგარეიშვილი.

ქუთაისელი სტუდენტები აღნიშნული სტუდენტური „ქარდის“ აღების შემდეგ იმედგაცრუებულები დარჩნენ. იმედია, თბილისელი სტუდენტების მსგავსად, მათაც დაუდგებათ დრო, როცა ამ შეღავათებით ისარგებლებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია