დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შესაძლოა, რესეთთან გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები გადაიხედოს
ავტორი:
2014/მაისი/23 12:30:02
ასეთი ტიპის განცხადებები არათუ გვაშფოთებს, არამედ, პირიქით, გვაძლიერებს, - ასე გამოეხმაურა "ფეისბუქში" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია დააყენოს თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი პარტნიორების წინაშე.
"რუსეთმა 2008 წელს დაიპყრო საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი, ჩვენს მიწა-წყალზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი საოკუპაციო ჯარები განალაგა. ყოველდღიურად, სომალელი მეკობრეების მსგავსად, რუსი სამხედროები იტაცებენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან მშვიდობიან მოქალაქეებს, ავლებენ მავთულხლართებს, არ უშვებენ ხალხს სალოცავებთან და საფლავებთან. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსირება და განაგრძობს დესტრუქციულ ქმედებებს სუვერენული ქვეყნის - უკრაინის ტერიტორიაზე. სწორად ამიტომ და ბევრი კიდევ სხვა მიზეზის გამოისობით, როდესაც საოკუპაციო ჯარები დგას დედაქალაქიდან 40 კმ-ის დაშორებით, არათუ მისასალმებელია, არამედ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვალდებულია დააყენოს თავდაცვითი, ხაზს ვუსვამ - თავდაცვითი საშუალებებით ქვეყნის აღჭურვის საკითხი ჩვენი პარტნიორების წინაშე შესაბამის ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე", - აცხადებს პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოდან რუსეთში პროდუქციის შეტანა ნამდვილად არ წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარულ აქციას ან კეთილგანწყობის ჟესტს კარგი მოქცევისთვის.
"23 მილიონ ბოთლ ღვინოს ჩვენი ხათრით ერთმორწმუნე რუსები ნამდვილად არ სვამენ და არც ერთი მაგდენი ბორჯომი ენატრებათ დილაობით ტყუილად. ვერც ემბარგოთი შეაშინებს დღეს ვერავინ საქართველოს. ევროკავშირის მზაობა ყოველმხრივი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის სულ უფრო მეტად გამოკვეთილია კონკრეტულ ქმედებებში. ასე იქნება მომავალშიც", - აცხადებს პეტრიაშვილი.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მერე, მართლაც, შესაძლოა, რომ გადასახედი გახდეს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები.
"ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ არა ხელების ამოგრეხვით და შანტაჟით, არამედ ორ სხვადასხვა სავაჭრო სისტემაში, უფრო ზოგადად კი ღირებულებათა სისტემაში მყოფი სახელმწიფოების შესაბამისი სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
მისივე თქმით, 27 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურის თანდასწრებით მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას.
"ასეთი ტიპის განცხადებები არათუ გვაშფოთებს, არამედ, პირიქით, გვაძლიერებს, ჩვენს მეგობრებს კი კიდევ უფრო მეტად აფხიზლებს. წარმატება ძალიან ახლოს არის და ჩვენ მას აუცილებლად ვიზეიმებთ 27 ივნისს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის 28 ქვეყნის მეთაურის თანდასწრებით მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმებას", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ამასთან, "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით.
"ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის ნატო-ში გასაწევრიანებლად. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით", – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები. "თბილისის რეალურ განზრახვებთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა", – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 853
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია