დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით კეზერაშვილისა და მისი სიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა დასრულდა
ავტორი:
2014/მაისი/16 20:30:02
ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილისა და მისი სიძის, მელი ჯანაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა.
აღნიშნულ საქმეზე განაჩენს მოსამართლე დავით მგელიაშვილი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც პროცესი რეპლიკის ეტაპით გაგრძელდა.
პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმაც და კეზერაშვილის ადვოკატმაც იმედი გამოთქვეს, რომ გადაწყვეტილება მათთვის მისაღები იქნება.
როგორც პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარემ წარადგინა ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ კეზერაშვილმა ქრთამის სახით აიღო 13 მილიონი დოლარი და მფარველობას უწევდა ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც საბაჟო წესების დარღვევით მოქმედებდა და შემოჰქონდა დიდი ოდენობით ტვირთი.
"საბრალდებო პერიოდი მოიცავს 2006 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე მონაკვეთს. ვიმედოვნებთ, რომ მიღებული იქნება ობიექტური გადაწყვეტილება და მელი ჯანაშვილს და დავით კეზერაშვილს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანენ", - განაცხადა პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა.
საპირისპიროს აცხადებს კეზერაშვილის ადვოკატი. როგორც შოთა მინდელმა სასამართლო განხილვების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილს დანაშაულთან შეხება არ აქვს.
"ჩვენ შევძელით დაგვედასტურებინა, რომ კეზერაშვილი არის აბსოლუტურად უდანაშაულო და მას შეხება არ ჰქონია ამ საქმესთან. დავადასტურეთ ისიც, რომ კეზერაშვილი ხელოვნურად იყო მიწებებული ამ დანაშაულებრივ თემებთან. ზოგადად განწყობა ოპტიმისტური გვაქვს, მაგრამ იმ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომელიც არის შექმნილი, მოსამართლეს მოუწევს ჩაიდინოს პროფესიული გმირობა, რათა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ვნახოთ, რამდენად აღმოჩნდება მოსამართლე ამისთვის მზად", - აღნიშნა შოთა მინდელმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში შეიცვლება თუ არა საექსტრადიციო პირობები დავით კეზერაშვილთან მიმართებაში, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ მხრივ ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
"ექსტრადირებასთან მიმართებაში ცვლილებებს არ ველოდებით, თუმცა მაინც არ არის კარგი, როდესაც ბრალს წარგიდგენენ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გსურს დაადასტურო სიმართლე", - განაცხადა შოთა მინდელმა.
დავით კეზერაშვილს მის დის ქმართან, მელი ჯანაშვილთან ერთად ბალი ედებოდა კონტრაბანდული სპირტის შემოტანის სქემის მფარველობაში, ასევე ქრთამის აღებაში. აღნიშნული დანაშაული, დადასტურების შემთხვევაში, 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია