დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლიტიკოსები მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პირველ წირვას დაესწრენ
ავტორი:
2014/მაისი/13 13:00:01
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში პირველ წირვას პოლიტიკოსებიც დაესწრენ. "დღეს დიდებული და მადლიანი დღეა, აქ მთელი თბილისია შეკრებილი. მე წამოვედი იმისთვის, რომ ეს დიდი მადლი ჩემზეც გადმოვიდეს. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო თბილისს და სრულიად საქართველოს", - განუცხადა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ.
მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება და დღეს შემიძლია დავესწრო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო, არ მოკლებოდეთ ღვთის მადლი და მფარველობა", - აღნიშნა ხათუნა გოგალაძემ.
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.
"საქართველოში ამ კვირის განმავლობაში არის განსაკუთრებული დღეები და შესაბამისად, ყველას გვაქვს განსაკუთრებული შეგრძნება. ტაძარში მოაბრძანეს სასწაულთმოქმედი ხატი, თავად ამ ეკლესიის მშენებლობის ტემპი კი უპრეცედენტოა, ვინაიდან, ის ძალიან მოკლე ხანში აშენდა. ეს ტაძარი საზოგადოების ჩართულობით შენდება, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი რწმენით და გამარჯვებისთვის მზად. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს", - განუცხადა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა.
ამასთან, წირვას ესწრებოდნენ "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები.
"ბედნიერებაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამდენი ეკლესია შენდება. ამ ტაძრის სახით მართლმადიდებლურ ტაძრებს კიდევ ერთი ეკლესია შეემატება. ესაა უწმინდესის და იმ ადამიანების დამსახურება, ვინც მთელი გული ჩადეს ამ საქმეში, მათ შორისაა პაატა ბურჭულაძე და მე ვისურვებ, რომ ბევრი პაატა ბურჭულაძეს მსგავსი მოქალაქე ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.
"ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით კი, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული იქნება.
"მინდა დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მივულოცო. ისევე როგორც სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში იღებდა მთელი საქართველო მონაწილეობას, ასევე მთელი საქართველო აშენებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარსაც. ეს ტაძარი იქნება ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული", - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
დღეს ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ასევე მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მათ მახათას მთაზე მშენებარე ეკლესია უკომენტაროდ დატოვეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია