დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ" რუსთავში მერობისა და მაჟორტარობის კანდიდატები წარადგინა
ავტორი:
2014/მაისი/12 16:30:02
პოლიტიკური კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ" დღეს რუსთავში მერობისა და მაჟორტარობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატების წარდგენას კოალიციის ლიდერები ნინო ბურჯანაძე, გიორგი ახვლედიანი, ჯონდი ბაღათურია და ირაკლი ბათიაშვილი ესწრებოდნენ.
კანდიდატების წარდგენა რუსთავში, ჰამლეტ გონაშვილის სკვერში გაიმართა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რუსთავში კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას" ძალიან ღირსეული მერობის და მაჟორიტარების კანდიდატები ჰყავს.
"რუსთავის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოაწესრიგონ ქალაქი, რუსთავის პრობლემები იმიტომ, რომ ამ ქალაქში წლების განმავლობაში ადამიანებს ერთი და იგივე პრობლემები აქვთ, რომლებიც სამწუხაროდ, არა და არ მოგვარდა. ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, მოწესრიგდეს ქვეყანა, ჩვენი ქალაქი და აღარ იყოს ის რეალობა, რომელიც სასაცილო ხდება სამწუხარო რომ არ იყოს. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ხელში, ქვეყანა მოუწესრიგებელია, თავი და ბოლო არ ჩანს. არ ჩანს ქვეყნის პატრონი, რასაც ნამდვილად შეცვლა სჭირდება", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
"ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ" რუსთავის მოსახლეობას მერობის კანდიდატად კობა ძლიერაშვილი წარუდგინა. მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელებულნი არიან: მარინა ბარათაშვილი, გოჩა ცინცაძე, გიორგი მანჯავიძე, დავით მუმლაძე, პავლე ჯიმშელაძე, გოჩა ლაცაბიძე, გიორგი ძაბნაშვილი, თეიმურაზ მენაფირე, ანგი ძინძიბაძე და ცირა შუბითიძე.
როგორც კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რუსთავში წარდგენილი მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსთაველების პრობლემები მოწესრიგდეს. ამისათვის საჭიროა, მოსახლეობამ ბიულეტენებში შემოხაზონ ნომერი 3 და მხარი დაუჭირონ კოალიციას "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია".
ჟურნალისტებს საკუთარი პროგრამის ძირითადი ასპექტები გააცნო კოალიციის მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატმა, კობა ძლიერაშვილმა.
"მე ვპირდები რუსთავს, რომ თითოეული თეთრი მოხმარდება ამ ქალაქის კეთილდღეობას, თითოეული რუსთაველის კეთილდღეობას. საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ ქალაქის პრობლემებს, რადგან ამ ქალაქის მკვიდრი ვარ. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ვაპირებ ტრადიციის დამკვიდრებას ქალაქში: ყოველ ორშაბათ დღეს გამოვაქვეყნებთ წინა კვირის ხარჯს. აქედან გამომდინარე, ყოველ მოქალაქეს ეცოდინება რაში და რატომ იხარჯება თითოეული თეთრი", - განაცხადა კობა ძლიერიშვილმა.
რუსთავის მოსახლეობას კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მხარდაჭერისკენ მოუწოდა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.
"ქვეყანა დღეს არის ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში, შესაბამისად, გადაწმყვეტი მნიშვნელობა აქვს დღეს ჩვენს გამარჯვებას, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ სოციალური კრიზისი და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავალაგოთ ურთიერთობები ერთდროულად რუსეთთანაც და დასავლეთთანაც. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მოვაწესრიგოთ ქვეყანა", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია