დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია - "ნაციონალური მოძრაობა" ციფრ "5"-თან ასოცირდება და ეს დაკავშირებულია მხოლოდ ნეგატიურ განწყობებთან
ავტორი:
2014/მაისი/07 00:00:02
ძალიან კარგი იქნებოდა, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ისეთივე ნომრით გამოვიდოდა ამ არჩევნებზე, რომლითაც გამოდიოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ თემის კომენტირებისას განუცხადა.
ეკა ბესელია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ნომერ "5"-ს კარგავს. ბესელიას მოსაზრებით, "ნაციონალური მოძრაობა" ციფრ "5"-თან ასოცირდება და ეს დაკავშირებულია მხოლოდ ნეგატიურ განწყობებთან.
"ძალიან კარგი იქნებოდა, თუ "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ისეთივე ნომრით გამოვიდოდა ამ არჩევნებზე, რომლითაც გამოდიოდა, რადგან ეს ერთი იდენტური, ასოციაციური განცდაა, კომპრომეტირებულია თავად ეს პოლიტიკური ძალაც და ის ნომერიც, რომლითაც ისინი გამოდიოდნენ. მახსოვს, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში იყო განწყობა, რომ ადამიანები ხუთიანს უკვე რაღაც შემზარავადაც კი წარმოთქვამდნენ, იმდენად ასოცირებული იყო ეს ძალადობრივი პოლიტიკური ძალა ამ ნომერთან. ასე რომ, ეს არა თუ საგანგაშო არ არის, მე მგონია პირიქით, ძალიან კარგი იქნება, თუ მათ ეს შესაძლებლობა კიდევ ექნებათ, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდება ამ პოლიტიკურ ძალასთან გაიგივებული ეს ციფრი. მე მგონია, რომ მათი ეს ვიშვიში სრულიად არასერიოზულია. ვნახოთ, ალბათ იქნება ცესკო-ში გადაწყვეტილება მიღებული", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ნომერ 5 -ს კარგავს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან კონსერვატიული პარტა", წერილობით მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. "ნაციონალური მოძრაობა" ცესკო-ს უარის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ ხელისუფლება და სრულიად სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა. კამპანიის დასაწყისიდანვე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არაერთ ხელიშეშლასა და ბარიერს აწყდება. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე ზეწოლის, მათი სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვებზე მუდმივი სიარულის და უკიდურესი ზომის - დაკავებების შესახებ - საზოგადოება უკვე არაერთხელაა ინფორმირებული.
სამწუხაროდ, ყოველივე ზემოაღნიშნულს კიდევ ერთი ახალი, განსაკუთრებულად პრობლემური ფაქტი შეემატა. ა.წ. 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია ენმ და "ქრისტიან კონსერვატიული პარტა", წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზეც უარი მიიღო.
მიზეზად ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას მიუთითებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია ღებულობდეს მონაწილეობას წინა საპარლამენტო არჩევნებში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ზუსტად იგივე ნორმით (საარჩევნო კოდექსის აღნიშნული მუხლი არ შეცვლილა, ცვლილებების განხორციელების შედეგად მხოლოდ მუხლის ნომერაცია შეიცვალა) საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ნომრები მიენიჭა სამ საარჩევნო ბლოკს:
1. "ალიანსი საქართველოსთვის" ( 1. "საქართველოს რესპუბლიკური პარტია"; 2. "ახალი მემარჯვენეები"; 3. ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"; 4. "საქართველოს გზა");
2. "ეროვნული საბჭო" (1."საქართველოს კონსერვატიული პარტია"; 2. "ხალხის პარტია"; 3. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის");
3. "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა" (1. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; 2. "ჩვენ თვითონ"; 3. "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია").
ყველა ამ ბლოკის შემადგენლობაში შედიოდა მინიმუმ ერთი პარტია, რომელსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო ბლოკ "ქართულ ოცნება"-ს ანალოგიურ მოთხოვნაზე ცესკომ უარი უთხრა, რაც იმ არგუმენტით იქნა ახსნილი, რომ საპარლამენტო არჩევნების და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ნომრის მინიჭების საკითხი კოდექსის სხვადახვა ნაწილებით და შესაბამისად სხვადასხვა მუხლით არის განსაზღვრული და ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია.
სამწუხაროა, რომ ცესკომ ვერ გაუძლო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და ვერ შეძლო პრინციპული და სასამართლებრივად გამართლებული პოზიციის დაცვა.
ენმ იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ასაჩივრებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და შეწყვეტს თავის უკანონო ქმედებეს საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინააღმდეგ, ხოლო სასამართლო კი შეძლებს დადგეს პოლიტიკურ თამაშებისა და ზეწოლაზე მაღლა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება",-ნათქვამია განცხადებაში. ამასთან დაკავშირებით დღესვე ცესკო-ში განმარტება გაკეთდა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი "5", ამის შესახებ 16 მაისამდე გახდება ცნობილი. მისივე თქმით, საარჩევნო ნომერთან დაკავშირებულ საკითხზე ცესკო არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა იმსჯელებს.
"რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი არ განეკუთვნება ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილებას. ცესკო-ს თავმჯდომარის წერილში, რომელიც გაიგზავნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელზე, მითითებულია საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-8 მუხლი, სადაც წერია, რომ საკრებულოს არჩევნებისთვის თუ ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. ვინაიდან ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში ერთი პარტია აკმაყოფილებს ამ პირობას, მეორე - არა, ასეთ შემთხვევაში ეს საკითხი გადაწყდება ცესკო-ს მიერ არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა, რომელიც საარჩევნო გრაფიკის მიხედვით 16 მაისია. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მსგავსი ჩანაწერის გამო, რომელიც საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მეოთხე პუნქტშია აღნიშნული, რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი გადაწყდა ცესკო-ს მიერ", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
მან არ დააკონკრეტა, თუ როგორ მოხდება საარჩევნო ნომრის მინიჭება - წილისყრით, თუ ცესკო-ს წევრები რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია