დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭომ, შესაძლოა, საგარეო უწყებას ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების წინადადებით მიმართოს
ავტორი:
2014/აპრილი/30 19:00:02
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭომ შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრს ზოგიერთ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების წინადადებით მიმართოს.
ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ეს საკითხი ამბასადორიალის ფორმატში განიხილება. საქმე ისაა, ბიზნესმენემა მოლდოვაში, ქუვეითსა და ინდოეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ოფისში გაიმართა, იმ პრობლემების შესახებ აღნიშნეს, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანასთან გართულებული სავიზო რეჟიმი უქმნის ინვესტიციების შემოდინებას.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კარგი იქნება, თუ რიგ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმი შედარებით გამარტივდება. საუბარია არა ევროპულ სახელმწიფოებზე, არამედ სხვადასხვა ქვეყნებზე, რომლებიც ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვანია. ერთ-ერთ მაგალითად დასახელდა სინგაპური. ეს საკითხი არამარტო ბიზნესმენს, არამედ რიგით მოქალაქესაც შესაძლოა, აწუხებდეს. ასე რომ, ჩვენ, ბიზნეასაბჭოს მხრიდან შეიძლება, ამბასადორიალის ფორმატში მინისტრს ვთხოვოთ, რომ განიხილოს ეს საკითხი და საკონსულო დეპარტამენტმა დაიწყოს მასალების მოძიება, თუ როდის შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში სავიზო რეჟიმი გამარტივდეს ან უბრალოდ გახანგრძლივდეს ქვეყანაში ყოფნის პერიოდი თუნდაც ბიზნესმენთა ჯგუფებისთვის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ჭუმბურიძემ.
ახლად დანიშნული ელჩები იზიარებენ პოზიციას, რომ ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის უფრო ხელსაყრელია ე.წ. ღია კარის პოლიტიკა, თუმცა განმარტავენ, რა გახდა რიგ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიზეზი.
"უვიზო მიმოსვლა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ეს საკითხი ყველა ცალკეულ ქვეყანასთან კონკრეტულად უნდა იყოს განხილული, ვინაიდან იგი დაკავშირებულია არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებასთან და ხალხთაშორის ურთიერთობებთან, არამედ ძალიან ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების საკითხებთანაც", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა ინდოეთში ლევან ნიჟარაძემ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ის ქვეყანაა, საიდან საქართველოში სასწავლებლად სტუდენტების დიდი ნაკადი ჩამოდის. ელჩის ინფორმაციით, ინდოეთის მოქალაქეები ვიზებს საქართველოს აეროპორტში, შესაბამისი წერილის საფუძველზე იღებდნენ, თუმცა ახლა ეს ნორმა აღარ მოქმედებს.
"ძალიან დიდი მოთხოვნაა ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა, შესაბამისად, ეს კარგ საშუალებას იძლევა საქართველოს განათლების სისტემის ფინანსური თვალსაზრისით განვითარებისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა კონკრეტული მოთხოვნა ვიზის შესახებ უნდა იყოს განხილული შესაბამისი პროცედურების საფუძველზე", - დასძინა ნიჟარაძემ.
ნაცვალგების პრინციპის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს საქართველოს ახალი ელჩი ქუვეითში როლანდ ბერიძე. "ბიზნესის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ღია კარის პოლიტიკა სასარგებლოა, როცა შეზღუდვები არ არის მოგზაურობისთვის, მაგრამ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, მე მიმაჩნია, რომ აუცლებელია ნაცვალგების პრინციპი. რა თქმა უნდა, საქართველო იღებს სარგებელს, როცა უვიზო რეჟიმი აქვს ამა თუ იმ ქვეყანასთან, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო დიდი ნაკადია ტურისტების, შეუზღუდავია შემოსვლა, მაგრამ ვთვლი, რომ გარკვეულწილად, ნაცვალგების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული", - აღნიშნა ნიჟარაძემ.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა. ახალი კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" აღარ გასცემს საქართველოს ვიზებს; შეიზღუდა საზღვარზე ვიზების გაცემა; შემცირდა საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა და იგი 360 დღის ნაცვლად, 180-დღიანი პერიოდით განისაზღვრა.
ახალი კანონი აღარ ითვალისწინებს იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ, რადგან მსგავსი ჩამონათვალი გათვალისწინებული იქნება საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში, რომლის პროექტზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს. ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან შენარჩუნებული იქნება უვიზო მიმოსვლა ერთადერთი ცვლილებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამ კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ექნებათ, საქართველოში უვიზოდ დაჰყონ არა უმეტეს 90 დღისა 180-დღიან პერიოდში, მრავალჯერადი შესვლის უფლებით.
ერთ-ერთი პირველი, ვისაც შეზღუდვები შეეხო და უვიზო რეჟიმი გაუქმდა, ირანის მოქალაქეები იყვნენ.
ახალი კანონი სრულად ძალაში 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 866
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია