დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას "პოლიტიკური ანგარიშსწორების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს
ავტორი:
2014/მარტი/29 17:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვების და დაპატიმრებების კამპანია.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ კამპანიის გაგრძელება შეუძლებელს გახდის მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას და მის ლეგიტიმურობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
"ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გააძლიერა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების და ლიდერების მიმართ წარმოებული პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანია, სასხლის სამართლებრივი დევნა და მასიური რეგულარული დაკითხვები.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის თარიღი უკვე ცნობილია, და საარჩევნო კამპანია ფაქტიურად დაწყებულია, "ნაციონალური მოძრაობის" ასეულობით წევრი და აქტივისტი დროის უმეტეს ნაწილს დაკითხვებზე სიარულსა და ჩვენებების მიცემაში ატარებს. პროკურატურა, ფინანსური პოლიცია და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები სრულიად აბსურდული თემებით ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე ადამიანებს უკვე რამდენიმე თვეა იბარებენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ბობოხიძე დააპატიმრეს 28 მარტს 2010 წელს მომხდარი სავარაუდო ადმინისტრაციული გადაცდომის ბრალდებით რომელიც შეშის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის არასწორედ განაწილებას უკავშირდება.
ლევან ბობოხიძე, გარდა იმისა რომ აპირებდა 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არის საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ამჟამინდელი მთავრობის ერთ-ერთი შეურიგებელი კრიტიკოსის აკაკი ბობოხიძის ძმა. საზოგადოებას კარგად ახსოვს გასული წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას მიერ ბობოხიძის მიმართ საჯაროდ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი მუქარა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ლევან ბობოხიძის დაპატიმრებას განიხილავს მათ შორის როგორც აკაკი ბობოხიძეზე ზეწოლის მცდელობას.
იმავე დღეს დაკავებულ იქნა ქობულეთის რაიონის ხალას თემის გამგებელი მალხაზ დიასამიძე, რომელიც აღნიშნულ თემში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა. მნიშვნელოვანია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, აღნიშნულ თემში "ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა.
დაკითხვები და დაპატიმრებები განსაკუთრებით გახშირდა იმ რეგიონებში სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ორგანიზაციებს მომავალ არჩევნებზე წარმატების კარგი შანსები აქვთ. მაგალითად, მცირე ხნის წინ დააპატიმრეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხონსა და დუშეთში. იმ ფონზე, როცა დე-იურე და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრები - ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ღიად უარყოფენ მთავარი ოპოზიციური ძალის არსებობის უფლებას - არანაირ ეჭვს არ იწვევს მიმდინარე დაკითხვებისა და დაპატიმრებების პოლიტიკური მოტივი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს საკუთარი დროისა და მანდატის პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიაზე ფლანგვა. დაკითხვებისა და დაპატიმრებების კამპანიის გაგრძელება შეუძლებელს გახდის მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას და მის ლეგიტიმურობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს", -ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია