დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კრიმინალიზების მიზნით, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს
ავტორი:
2014/მარტი/14 12:00:09
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიური სტრუქტურის უმნიშვნელო ცვლილებით მიღებული ნივთიერება, კრიმინალიზებულია.
"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" – ასე ეწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
პროექტის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა. იმავდროულად, ცვლილებები შედის "სისხლის სამართლის კოდექსში" და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ქმედებები სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
კანონპროექტის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობისათვის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა გამოყენება, საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოტანა ან გატანა. ნებართვებზე გავრცელდება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული, ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებზე დადგენილი წესი.
კანონპროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამი დანართი. პირველ დანართში ჩამოთვლილია ის ცალკეული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც არ მიეკუთვნება არც ერთ კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს. მეორე დანართში მოცემულია ქიმიურ ნივთიერებათა ქიმიურ ნაერთთა კლასები, ხოლო მესამე დანართი წარმოადგენს მეორე დანართში მოცემულ ნივთიერებათა ქიმიური სტრუქტურის მაგალითებს.
ამასთან, პროექტის შესაბამისად, ერთმანეთისგან გამიჯნულია, ერთი მხრივ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების და მეორე მხრივ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები და ფარმაცევტული პროდუქტები. ამ უკანასკნელებზე კონტროლის სხვა რეჟიმი ვრცელდება და შესაბამისად, წარმოდგნილი პროექტის მოქმედების ფარგლებში არ ექცევა.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენელთა შემადგენლობით.
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2014 წლის 1 მაისი.
"ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არალეგალური ბრუნვა დიდ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოს სამართალდამცავი და ჯანდაცვის ორგანოებისათვის. ისინი ბაზარზე ძირითადად გვხვდება აბაზანის მარილების, სხვადასხვა ბალახის ნარევების და სხვა მსგავსი სახით. მათ იყენებენ ნარკოტიკული თრობის მისაღებად. ნარკოლოგების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახად, საქართველოში თითქმის ყოველდღე ხდება კომის მდგომარეობაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების კლინიკაში გადაყვანა, რასაც სწორედ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება იწვევს", – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების შეფასებით, მომზადებული კანონპროექტი მათ საშუალებას მისცემს საზღვარზე შეჩერდეს ცალკეული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ისევე როგორც ქიმიურ ნაერთთა კლასების შემცველი მინარევების ქვეყნის ტერიტორიაზე უკონტროლო შემოდინება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია