დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ უკლება - უკრაინელი სამხედროები პროვოკაციას არ წამოეგნენ
ავტორი:
2014/მარტი/04 14:00:02
საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მთავრობასთან მუდმივ კონტაქტშია და ჩვენს მეგობარ ქვეყანას გვერდში ვუდგავართ", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ განუცხადა.
მისი თქმით, კიევი ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას, ხოლო ყირიმში და რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა.
"ხარკოვის, დონეცკისა და ლუგარსკის ოლქების გასწვრივ, რუსეთის მხრიდან, ჯარებისა და ტანკების კონცენტრაცია შეიმჩნევა. რაც შეეხება ყირიმს, უკრაინის შეიარაღებული ძალები, ბაზები და გემები იქ გარშემორტყმულია, მაგრამ ჯერჯერობით სროლის გარეშე ხდება ეს ყველაფერი, ვინაიდან, უკრაინელი სამხედროები პროვოკაციას არ წამოეგნენ. ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია სამხედრო მობილიზაცია და მზადყოფნა", - განაცხადა უკლებამ.
საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორიუსო ძალისხმევის გაძლიერება და ამ მიმართულებით არსებული რეალობა იმედისმომცემია.
"დღეს კიევში ჩამოდის აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი. შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა და საინვესტიციო შეთანხმებებზე მუშაობა შეწყვიტა, ხოლო პოლონეთმა, როგორც წევრმა ქვეყანამ, რომლის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება, ნატო-ს საბჭოს მოწვევის თხოვნით მიმართა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია 6 მარტისთვის დაგეგმილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტი, რომელიც უმაღლესი პირების დონეზე გაიმართება და უკრაინაში შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განიხილავს. ასე, რომ ეს ყოველივე იმედისმომცემია, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ძალისხმევა ძალიან გაიზარდა", - აღნიშნა უკლებამ.
იგი ასევე შეეხო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის მიერ წარმოდგენილ წერილს, რომლის თანახმადაც, უკრაინაში შეიარაღებული ძალების შეყვანის თხოვნით ვლადიმერ პუტინს უკრაინის ექს-პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიმართა. მიხეილ უკლებას თქმით, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და რადას თავმჯდომარემ ტურჩინოვმაც დაადასტურა, იანუკოვიჩის თხოვნის საფუძველზე უკრაინაში რუსეთის ჯარის შეყვანა არალეგიტიმურია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ იანუკოვიჩზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და მეორეც, ის მოქმედი პრეზიდენტიც რომ ყოფილიყო, სხვა ქვეყნის ჯარების შემოყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, უკრაინის კანონმდებლობით, მხოლოდ უმაღლეს რადას აქვს.
რაც შეეხება უკრაინაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მიხეილ უკლებას თქმით, საელჩოს არავინ დაკავშირებია რაიმე სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით.
"ინტერპრესნიუსი" ასევე დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი.
"მოგეხსენებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. ჩვენი ხელისუფლება კონტაქტშია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საელჩო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და ჩვენ, თავისთავად, გვერდში ვუდგავართ მეგობარ სახელმწიფოს – უკრაინას", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია