დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დასრულდა
ავტორი:
2014/თებერვალი/28 20:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დასრულდა. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ჯერ მხოლოდ სამი თვეა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზეა, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა შეერთებული შტატების ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებთან, მათ შორის, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კაპიტოლიუმში.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და მეგობრული და სანდო პარტნიორული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. თეთრი სახლის რუზველტის დარბაზში შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან. შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი. შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დახმარებას გაუწევს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ასევე შეხვედრები გამართა 30-ზე მეტ გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსთან, რომელთა შორის არიან: შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, სენატორები ჯონ მაკკეინი, როი ბლანტი, კარლ ლევინი, ჯეფ სეშენსი, დიკდურბინი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, აგრეთვე კონგრესმენები - მაიკლ კონავეი, უილიამ კიტინგი, ტედ პო, ადამ კინზინგერი, დავინ ნუნიე, ადამ სმიტი, ნიტა ლოუისი, ელიოტ ენგელი, ედ როისი, ტედ დოიჩი, ნენსი პელოსის, სტენი ჰოიერი, მაიკლ კონავეი, მაიკლ ტერნერი, ბაკ მაკკეონი.
`ვიზიტის პირველი შედეგი უკვე სახეზეა _ ამერიკელმა კონგრესმენებმა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის ინიციირება მოახდინეს და როგორც თავად აღნიშნეს, საქართველოს საკითხზე ეს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა პარტიათა შორის ურთიერთობის სანიმუშო მაგალითია. რეზოლუციის პროექტი "ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე" კონგრესს განსახილველად უკვე წარედგინა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, აღიარებს ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების მნიშვნელობას", - აცხადებენ პრემიერ-მინისტრის აპარატში.
რაც შეეხება აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ სხვა შეხვედრებს, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს, შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს, ამერიკელ ბიზნესმენებს, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმს.
ასევე, გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული სხდომა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გახსნეს. სხდომაზე, რომლის პირველი ნაწილიც მედიისთვის ღია იყო და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, საქართველოს დახმარება გაუზარდოს.
"დღეს მე მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ე.წ. ბორდერიზაციის მიმართულებით ხელშეწყობა. ჩვენ ასევე მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ ეკონომიკური რეფორმის, ინვესტიციების, ვაჭრობის გაზრდის, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ევროკავშირთან ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს რეპუტაციას კიდევ უფრო გაზრდის. შეერთებული შტატები მზად არის ვაჭრობის სფეროში უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა ჯონ კერიმ.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში, სადაც 200-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული.
,,დღევანდელი სავსე დარბაზი, ათასობით ტელე თუ ონლაინ-მაყურებელი, ახალგაზრდა ლიდერის ნამდვილი აღიარებაა. ჩემთვის საპატიოა პრემიერ-მინისტრის წარდგენა, რომელთანაც უკვე რამდენიმე-თვიანი ურთიერთობა მაქვს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განვიხილოთ ის მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოწვევები, რომლებიც გველის. მე წილად მხვდა პატივი, შევხვედროდი მას მიუნჰენში. პრემიერ-მინისტრი არის კოალიცია "ქართული ოცნების" თანადამფუძნებელი,იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. დღევანდელთანამდებობაზე მან უკვე წამოიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, წერტილი დაუსვაპატიმართა წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობას, გაანადგურა უკანონო ჩანაწერები და აკრძალახელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილთა პირადი ცხოვრების მიყურადება. მან დახურასკანდალური რეპუტაციის მქონე ორი სამართალდამცავი უწყება და დანერგა უნარებისა დაკვალიფიკაციის ტესტი სამინისტროთა თანამდებობის პირებისათვის", - ასე წარადგინეს საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჰქონდა საჯარო გამოსვლა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად პომპეზური ცერემონია არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გაიმართა, სადაც მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
"საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს დელეგაციის დახვედრის ასეთი მასშტაბური ცერემონია არ ახსოვს. 330 ჯარისკაცი, საზეიმო ზალპები, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა რამდენიმე წამყვან გამოცემას.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია