დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ლომჯარია - მერებისა და გამგებლების 50%-იანი ბარიერით არჩევა, საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის მიმანიშნებელია
ავტორი:
2014/თებერვალი/20 16:00:03
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის , ნინო ლომჯარიას განცხადებით, მერებისა და გამგებლების არჩევა 50%-იანი ბარიერით საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის მიმანიშნებელია, თუმცა მაინც რჩება პრობლემატური საკითხები.
ამის შესახებ განცხადება ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ისეთ ვითარებაში როდესაც პირდაპირი არჩევნებია, ამას დამატებული 50%-იანი ბარიერი, მართლაც საკმაოდ მაღალი ლეგიმატიის მიმანიშნებელია და საკმაოდ მაღალი ნდობით ისარგებლებს არჩეული პირი. თუმცა, მერებისა და გამგებლების არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემატური საკითხები კვლავ რჩება.
"მერებისა და გამგებლების არჩევნებთან დაკავშირებით მაინც დაგვრჩა პრობლემატური საკითხი. ეს ეხება საინიციატივო დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ კანდიდატურების დასახელებას. კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ პარტიებს შეეძლებათ დაასახელონ მერები და გამგებლები. რაც ვფიქრობთ, რომ არასწორია და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომელიც ხელისუფლებას მისცა და შეეხებოდა პარლამენტის არჩევნებს, როდესაც 2012 წელს შემოღებული იქნა დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარების დასახელების შესაძლებლობა. მერებისა და გამგებლების არჩევნების უნდობლობის გამოცხადების პროცედურა კვლავ არსებობს თვითმმართველობის კოდექსში და ესეც არის პრობლემატური, იმიტომ, რომ საკმაოდ მაღალი ბარიერით, ლეგიტიმაციით არჩეული თანამდებობის პირის თანამდებობას საფრთხე ექმნება, იქიდან გამომდინარე რომ საკრებულოს შეუძლია ნებისმიერი მიზეზით უმრავლესობით გადააყენოს პირდაპირ არჩეული მერი და გამგებელი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარია საკრებულოს წევრების არჩევნებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ მიმართულებით პრაქტიკულად ვითარება არ შეცვლილა და დღეს მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მიერ მიცემული ხმების პროპორციულად ასახვას და გარდასახვას პარტიის მანდატებში.
როგორც ლომჯარიამ განაცხადა, ისინი სთავაზობდნენ ხელისუფლებას მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნას, რაც შესაძლებელს გახდიდა, რომ სხვა პარტიებიც მოხვედრილიყო მაჟორიტარული სისტემით პარლამენტში. მისი თქმით, საკრებულოს არჩევნების მოქმედი საარჩევნო სისტემა, ეს არის სისტემა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას აძლევს ძალიან დიდი უპირატესობას და პრაქტიკულად, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას უმრავლესობა წინასწარ აქვს გარანტირებული.
ნინო ლომჯარია ასევე თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხს გამოეხმაურა. მისი აზრით, თბილისის საკრებულო ხელოვნურად არ ამტკიცებს ბიუჯეტს.
"მე ვფიქრობ, რომ თბილისის საკრებულო ხელოვნურად არ ამტკიცებს ბიუჯეტს. ვფიქრობ, რომ მათი მიზანია დათხოვნილი იქნას თბილისის თითმმართველობა. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ - თI-მაც გააკეთა ამ პროცესის შეფასება და ჩვენ დავინახეთ, რომ უმრავლესობა შენიშვნებისა, რაც საკრებულომ გადაუგზავნა მერიას, გათვალისწიებული და ასახული იყო ბიუჯეტში. მე უფრო მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ალბათ 11 მარტს უნდა იქნას დათხოვნილი თვითმმართველობა და შემოღებული იქნება ცენტრალური მმართველობა. მთავრობა დანიშნავს მერს, რომელიც ერთპიროვნულად განახორციელებს მმართველობას, მანამ სანამ 45 დღის განმავლობაში არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია