დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"დემოკრატიული განვითარების ეროვნულ ცენტრს" ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება დაუშვებელად მიაჩნია
ავტორი:
2014/იანვარი/29 16:00:05
"დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი" მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება დაუშვებელია. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომლის მიზანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არათანაბარ პირობებს უქმნის იმ გაერთიანებებს, ვინც მთავრობის ნუსხაში არაა ნახსენები, ავალდებულებს განსხვავებული აღმსარებლობის მქონე თუ ამისგან თავისუფალ მოქალაქეებს, საკუთარი შემოსავლიდან დააფინანსონ მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სუბიექტები, რაც დემოკრატიისთვის დადგენილი სტანდარტებიდან გადახვევაა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მოექცა გარკვეული ძალების ზემოქმედების ქვეშ და ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ შეეწყვიტა რომელიმე რელიგიური გაერთიანების სუბსიდირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მან შეარჩია გამოსავლის უკიდურესად სუსტი ფორმა, რითაც არამიზნობრივად განიკარგება ჩვენი მოქალაქეების პირადი შემოსავლები, ასევე ხელყოფილი იქნება მათი ძირითდი უფლება - თავად განსაზღვრონ სუბსიდირების ობიექტი.
შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, ევროპის განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, მოქალაქის ნებით მის პირად მონაცემებში შეიტანება აღმსარებლობის შესახებ ინფორმაცია და სისტემა ახდენს დაბეგვრის ავტომატიზაციას. შესაბამისად, ყოველი მოქალაქე საკუთარი ნებით აფინანსებს იმ კონფესიას, რომელსაც თავად მიეკუთვნება, ხოლო აღმსარებლობისგან თავისუფალი პირი დაბეგვრისგან თავისუფალია.
აქვე გვსურს განვუმარტოთ საქართველოს საპატრიარქოს, რომ ზემოაღნიშნული პრინციპით მოქალაქეთა დაბეგვრის წესის შემოღების შემთხვევაში, მის შემოსავლებს საფრთხე არ ემუქრება, მითუმეტეს, თუ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
გვინდა შევახსენოთ საქართველოს საპატრიარქოს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის, რომელიც მიადგა საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, კომპენსაციის სახით სახელმწიფო სახსრებით ანაზღაურება არაა მართებული, რადგან საქართველოს ამ კავშირში გაწევრიანება არ წარმოადგენდა ქართველი ერის სუვერენულ არჩევანს და განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ნების გარეშე, შესაბამისად, ზიანის ამნაზღაურებელ მოპასუხე მხარედ მან უნდა შეაირჩიოს ის ქვეყანა, რომლის ქმედებამაც გამოიწვია ზიანი", - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო მართლმადიდებლობის გარდა, კიდევ ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს. საკითხი მინისტრთა კაბინეტმა ორი დღის წინ განიხილა. სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. საუბარია ოთხ რელიგიურ მიმართულებაზე - ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ამ ეტაპზე საუბარია ზოგად თანხაზე, რომელიც პროპორციულად განაწილდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია