დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/იანვარი/25 16:00:02
"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, 63 ორგანიზაციისგან შემდგარი "ეროვნული პლატფორმა" პარტნიორ ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და პროტესტს უცხადებს უკრაინის ხელისფლებას ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
"საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით. გამოვხატავთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დაღუპულ მოქალაქეთა გამო.
ბოლო ორი თვის მანძილზე უკრაინის ხელისუფლება უგულებელყოფდა ხალხის სამართლიან და მშვიდობიან მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მიიღო სამოქალაქო უფლებების შემზღუდავი დრაკონული კანონები, რითიც მოახდინა დემონსტრანტების პროვოცირება და ხელი შეუწყო საყოველთაო დაძაბულობის ესკალაციას.
ყველა ერს აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი მომავალი, აირჩიოს საერთაშორისო ორიენტაცია და განვითარების გზა, ხოლო მისი ნების გამომხატველ ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება ხორცი შეასხას ხალხის მისწრაფებებს. უკრაინის ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის სათავეში ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების დაპირებებით მოვიდა, ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინული საზოგადოებისთვის არასაკმარისად დამაჯერებელ არგუმენტებზე დაყრდნობით, უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყნის ევროპული მომავალი.
ბოლო დღეებში სიტუაციის გამწვავებამ, რომელსაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება დემონსტრანტების ნაწილსა და სამართალდამცავებს შორის, მიიღო საშიში ხასიათი, გამოიწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში. გახშირდა ადამიანების გაუჩინარების შემთხვევები საეჭვო ვითარებაში, ასევე ხელისუფლების მიერ მობილიზებული სამოქალაქო პირების მხრიდან ანგარიშსწორების ფაქტები დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის ჟურნალისტების, მიმართ. სახეზეა ხელისუფლების მიერ ხალხის სამართლიანი პროტესტის ძალადობრივი და ანტიჰუმანური მეთოდებით აღკვეთის მცდელობა.
დაპირისპირება, რომელსაც უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ხელისუფლების ვალია, რომ ასეთ ვითარებაში ყველა ღონე იხმაროს, რათა პროცესი მოაქციოს მშვიდობიან, კონსტიტუციურ ჩარჩოში, დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება, გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლება.
გამოვთქვამთ რა ჩვენს ღრმა შეშფოთებას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პროტესტს ვუცხადებთ უკრაინის ხელისფლებას ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების ხელყოფისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. გამოვთქვამთ იმედს, რომ საერთაშორისო ძალისხმევა გააქტიურდება იმ მიზნით, რომ ქვეეყანაში შეწყდეს ძალადობა, პროცესები განვითარდეს დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით, უკრაინელი ხალხის ევროპული მისწრაფების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.
"საქართველოს ეროვნული პლატფორმა" მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილი ნება და აწარმოოს მოლაპარაკებები მშვიდობიანი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან სამართლიანი შეთანხმების მიღწევის მიზნით.
"ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური დაპირისპირების პროცესის დემოკრატულ ჩარჩოში გადატანას, უკრაინელი ხალხის ნებისა და მისწრაფებებისადმი პატივისცემის სულისკვეთების დამკვიდრებას.
უკრაინის ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას ვუცხადებთ სოლიდარობას მათ სამართლიან მოთხოვნებში და მოვუწოდებთ მტკიცედ იდგნენ და არ გადაუხვიონ არჩეული მშვიდობიანი ბრძოლის გზიდან.
მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს - საბჭოს, პარლამენტსა და კომისიას გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და დაარწმუნონ უკრაინის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებისა და ოპოზიციურ ძალებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების აუცილებლობაში", - განმარტავენ "ეროვნულ პლატფორმაში".
გარდა ამისა, განცხადების ავტორი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართავენ და მოუწოდებენ, დროულად შეაფასოს უკრაინის
რადას მიერ მიღებული კანონები და მიმართოს უკრაინის სახელისუფლებო ინსტიტუტებს, დაიცვან და პატივი სცენ ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ არჩევანს, გამოავლინონ კრიზისის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება.
განცხადებას ხელს "ეროვნულ პლატფორმაში" შემავალი 63 ორგანიზაცია აწერს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია