დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაცმოძრაობის" ინფორმაციით, CEMR-ი დემოკრატიულად არჩეული თანამდებობის პირის მანდატის შეჩერების გამო შეშფოთებას გამოხატავს
ავტორი:
2014/იანვარი/22 17:30:05
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო (CEMR) დემოკრატიულად არჩეული თანამდებობის პირის მანდატის შეჩერების გამო შეშფოთებას გამოხატავს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული კანონისა და უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპები და პატივი სცეს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებს.
"საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიის საერთაშორისო შეფასებები სულ უფრო მწვავე ხდება. ევროპის კავშირის რეგიონების კონგრესის მიერ თბილისის პირდაპირ არჩეული მერის თანამდებობიდან სასამართლო განხილვის გარეშე და ზეწოლის შედეგად გადაყენების შესახებ გაკეთებული მწვავე განცხადების შემდეგ ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ევროპის საბჭოს ანალოგიური შტო - ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭო (CEMR). საბჭო "გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დემოკრატიულად არჩეული თანამდებობის პირის მანდატის შეჩერების გამო". საბჭო ასევე "მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული კანონისა და უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპები და პატივი სცეს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპებს, ვინაიდან საქართველო ზემოთ ხსენებული ორივე ევროპული ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს", – აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში".
მათივე ინფორმაციით, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა ევროპის კავშრის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონლურ და ადგილობრივ თვითმმართველობათა კონფერენციის თანათავმჯდომარემ რამონ ლუის სისომ, რომელშიც "გამოთქმული იყო შეშფოთება გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების გამო".
"ევროპის კავშირის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტი მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის პატივისცემაზე ევოპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში და მოითხოვს განმარტებებს პრემიერ-მინისტრისგან აღნიშნულ საკითხზე. თუკი საქართველოს მთავრობა განაგრძობს პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიას, მსგავსი შეფასებები, რომლებიც უარყოფითდ აისახება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, სულ უფრო მწვავე გახდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ოპონენტების დევნა და საკუთარი ძალისხმევა მოახმაროს საარჩევნო დაპირებათა შესრულებასა და ყოველდღიურად გაუარესებადი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას, უმუშევრობასთან ბრძოლასა და უპრეცედენტო საბიუჯეტო გარღვევისა თუ ლარის გაუფასურებასთან გამკლავებას მოახმაროს", - მიიჩნევენ პარტიაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 908
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია