დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა
ავტორი:
2014/იანვარი/22 12:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს გაიხსნება და 25 იანვარს დასრულდება.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე – "ევრაზია – შემდეგი ზღვარი" და "სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზრია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ", სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს.
სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრებიან ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. სესიებზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია გაიმართება.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს, მათ შორის არიან: შვეიცარიის კონფედერაციისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ასევე საუდის არაბეთის პრინცი ტურკი ალ ფაიზალი. დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან - LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა ჯორჯ სოროსთან.
ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს დაესწრება. ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ჩართვა ტელეკომპანია CNBC-ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ინტერვიუს მისცემს ტელეკომპანია BBC-ს, CNN-ს და სააგენტო BLOOMBERG-ს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია