დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შიდა ქართლის გუბერნატორი გორის მოვაჭრეებთან დაკავშირებულ პრობლემაზე განმარტებას აკეთებს
ავტორი:
2014/იანვარი/21 17:00:04
შიდა ქართლის გუბერნატორი ზურა რუსიშვილი გორის მოვაჭრეებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას ეხმაურება და განმარტავს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს , რათა ახალი ბაზარი "შედგეს".
"მიუხედავად იმისა, მოვაჭრეები ძველ ბაზარში იქნებიან თუ ახალ ბაზარში, სახელმწიფო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ახალი ბაზარი შედგეს და მოსახლეობას ამის გამო დისკომფორტი არ შეექმნას, ტრანსპორტის პრობლემა იქნება ეს თუ სხვა რამ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - განუცხადა ზურა რუსიშვილმა "ინტერპრესნიუსს".
ამასთან, გუბერნატორი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც გორის მოვაჭრეებს ძველიდან ახალ ბაზარში გადასვლა არ სურთ და აღნიშნავს, რომ მათი შიში უსაფუძვლოა.
"ახალი ბაზარი ქალაქის ცენტრიდან ორი კილომეტრის მოშორებითაა. ამის გამო მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ გორის მოსახლეობა ამ ორ კილომეტრის გამო აღარ მივა და აღარ ივაჭრებს. ძველ ბაზარში საშინელი მდგომარეობაა, ინვესტორმა კი ახლის აშენებაში 5 მილიონი ლარი დახარჯა. მე იმაზე უკეთესი ბაზარი საქართველოს ტერიტორიაზე არ მინახავს, მათ შორის ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ასევე პროდუქცია თავისი შინაარსის მიხედვითაა დიფერენცირებული, მოწყობილია კონტროლი სურსათის უვნებლობის კუთხით, ლაბორატორია, სადაც უნდა შემოწმდეს პროდუქცია და ყველანაირი სტანდარტია დაცული. ახლა რანაირად შეიძლება სახელმწიფომ ინვესტორს უთხრას, ეს 5 მილიონი ლარი თოფში ჩადე და გაისროლეო?" - აღნიშნა გუბერნატორმა და იქვე დასძინა, რომ გარე მოვაჭრეები ახალი ბაზრის მშენებლობისა და 20 იანვრიდან იქ გადასვლის თაობაზე ინფორმირებულები იყვნენ.
რაც შეეხება თავად ინვესტორი კომპანიის, "საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის" იურისტის, თეა გოგსაძის განცხადებით, თებერვლის განმავლობაში მოვაჭრეები საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ და სავაჭრო საქმიანობის განხორციელებას უფასოდ შეძლებენ.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მოვაჭრეების ნაწილმა უკვე გააღო მაღაზიები.
"დღეის მდგომარეობით, მოვაჭრეების ნაწილმა გააღო მაღაზიები და ფუნქციონირება დაიწყო. ვფიქრობთ, ეტაპობრივად, თვის ბოლომდე სრულად დაიტვირთება ეს ბაზარი. მინდა აღვნიშნო, რომ თებერვლის განმავლობაში მოვაჭრეებს ექნებათ საშეღავათო პერიოდი და ისინი სრულიად უფასოდ შეძლებენ სავაჭრო საქმიანობის განხორციელებას", - განაცხადა თეა გოგსაძემ და იქვე განმარტა, რომ ასევე უფასო იქნება ბაზრის ტერიტორიის ავტოსადგომი.
ამ წუთებში გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფი კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მხრიდან არ იქნება მათთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, შესაძლოა, მოვაჭრეებმა შიმშილობა დაიწყონ და აქციები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გააგრძელონ.
მათივე თქმით, გორის აგრარული ბაზრის ნაცვლად შეთავაზებული ტერიტორია, რომელიც გორის გარეთ მდებარეობს, მათ არ აკმაყოფილებთ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია