დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ტაო-კლარჯეთს ეწვევა
ავტორი:
2014/იანვარი/21 10:30:03
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ტაო-კლარჯეთს ეწვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მარგველაშვილი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად იშხანსა და ოშკს დაათვალიერებს, რითაც თურქეთში ვიზიტს დაასრულებს.
როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქართული კულტურული ძეგლების მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად ტაო-კლარჯეთში ჩადის.
გიორგი მარგველაშვილმა მეზობელ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო. მის ფარგლებში ის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აბდულა გიულის, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექს შეხვდა. აღნიშნულის შემდეგ გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.
ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი მარგველაშვილმა ათათურქის მავზოლეუმი დაათვალიერა და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.
გარდა ამისა, ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ ქართველებთანაც გამართა შეხვედრა.
პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, მისი პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1389
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია