დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დატოვა
ავტორი:
2014/იანვარი/14 09:30:02
საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დატოვა, - ამის შესახებ ტალინში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროპულ სახლში გამართულ საჯარო ლექციაზე განაცხადა, რომელსაც ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დეპუტატები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
უსუფაშვილმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
"ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელად დატოვა, უფრო მეტიც, გაუმჯობესდა თანამშრომლობის ხარისხი და კიდევ უფრო გაღრმავდა ევროპული სტანდარტების მიმართულებით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე.
მან იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ დაუდგა. მისი განცხადებით, ხელშეკრულების პარაფირებიდან მის საბოლოო ხელმოწერამდე საქართველოს რთული და მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას, რადგან არსებობს რეალური საფრთხეები და მექნიზმები, რომლებიც ევროპული ფასეულობების დევალვაციისთვის შესაძლოა იყოს გამოყენებული. პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს ურთიერთობების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანას 2014 წლის ნატოს სამიტისგან კონკრეტული შედეგების მოლოდინი აქვს, რაც საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.
"დაისმის კითხვები: რამდენად სწორია საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში ინტეგრაციისკენ?! მე ვაცხადებ, რომ სწორია, რადგან ევროკავშირისკენ წინ გადადგული ნაბიჯი, ეს არის საქართველოს წინ გადადგული ნაბიჯი კონსოლოდირებული დემოკრატიისკენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და სწორედ აქ გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების და განსაკუთრებით ესტონეთის მხარდაჭერა და მისი გამოცდილების გაზიარება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა და ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებზე, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილი ტალინში სასწავლებლად ჩასულ ქართველ სტუდენტებს გაესაუბრა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია