დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ხუხაშვილს დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ დღეს პროკურატურაში სარჩელი შეაქვს
ავტორი:
2014/იანვარი/06 13:00:05
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების ავტორები და ბრალდებების უკან მდგომი ინტერესჯგუფები დაადგინა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გია ხუხაშვილმა განაცხადა, გასულ წელს მის მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობდა, დაწყებული ე.წ. კვერცხების სკანდალიდან, სხვადასხვა ბიზნეს-წილებით დამთავრებული.
ხუხაშვილის ინფორმაციით, მან დაადგინა ეს ინტერესჯგუფები, თუ ვინ იდგა ყოველივე ამის უკან, ვინ აფინანსებდა ამ კამპანიას, ვინ ყრიდა ამ ინფორმაციას და რა მიზნით.
"ეს ყველაფერი მე ფაქტობრივად დადგენილი მაქვს. ეს არ არის ახალი ჯგუფი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება, შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული, ასე რყვნიდნენ საზოგადოებას და სახელისუფლებო ბერკეტებით და ბინძური მეთოდებით ცდილობდნენ წარმატების მიღწევას და ძალიან ახლოს იყვნენ სახელისუფლებო სალაროებთან", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, დადგენილია მათი მიზნები და ამოცანები. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მათი მოკლევადიანი ამოცანა იყო, რომ თავიანთი დანაშაული სხვაზე გადაებრალებინათ, იმისთვის, რომ რეალობა არ გარკვეულიყო.
რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ინტერესჯგუფების გრძელვადიანი ამოცანა მათ ეკონომიკურ მიზნებს უკავშირდებოდა.
"მე დღეს ფაქტობრივად დადასტურებული მაქვს, რა ჯგუფები არიან ესენი. დღეს მათ არ დავასახელებ. როგორც ჩანს, იწყება სერიოზული პროცესი ამასთან დაკავშირებით. ცნობილი გახდება ვისი დაფინანსებით და ვისი მეშვეობით მიმდინარეობდა ეს კამპანია", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ექსპერტის თქმით, ის მიმართავს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს ყველა ის ფაქტი და ბრალდება, რაც მისი მისამართით იყო გამოთქმული და როგორც მან აღნიშნა, სულ მცირე ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, მზად არის კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი.
გია ხუხაშვილის თქმით, ნელ-ნელა დაიწყებს ამ ადამიანების ლუსტრაციას და მათი ვინაობა გამჟღავნდება.
გარდა ამისა, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხუხაშვილმა აღნიშნა, დღეს მას სარჩელი შეაქვს პროკურატურაში ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ ცრუ დასმენისთვის.
როგორც მან აღნიშნა, დიმიტრი გაბუნიას ბრალდებები, რომ მან მასზე მუქარა განახორციელა, ტყუილია და ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
"მე მოვითხოვ ასეთი ქმედების გამო ის დაისაჯოს. ამის პარალელურად მე საჩივარი შემაქვს ადვოკატთა ეთიკის კომისიაში, რადგან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადვოკატთა მთელი კორპუსის ჩათრევის მცდელობას ბინძურ კამპანიაში და მზად ვარ, ადვოკატთა ეთიკის კომისიას განვუმარტო, თუ რა მოხდა რეალურად. ეთიკის კომისიაზე აუცილებლად მოვითხოვ, ამ ადამიანს ადვოკატის ლიცენზია შეუჩერდეს, რადგან ის მთელი ადვოკატთა კორპუსის დისკრედიტაციას ეწევა", - დასძინა გია ხუხაშვილმა.
ამასთან, ადვოკატ დიმიტრი გაბუანიას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილმა მასზე მუქარის ზარი განახორციელა, რითაც დემონსტრაციულად დაარღვია მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპები და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. მისივე თქმით, ხუხაშვილმა კანონის უხეში ხელყოფით, ფარულად ჩაწერა მისი საუბარი და გამოიყენა იგი მისი დისკრედიტაციისთვის, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, გია ხუხაშვილმა, როგორც ერთ-ერთმა გავლენიანმა ოფიციალურმა პირმა, მონაწილეობა მიიღო კერძო სუბიექტს შორის დავაში, რაც აგრეთვე დანაშაულია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია