დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი შაჰ-დენიზის პროექტთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/17 11:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბაქოში, შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაში ინვესტირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.
"ჩემთვის საპატიოა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენაში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც გაცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაში ინვესტირების შესახებ. მადლობას მოვახსენებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას თბილი მიღებისა და ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის, რომლის მიზანიცაა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენთვის საერთო მისწრაფებებისაკენ ენერგოუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.
ნახშირწყალბადის მარაგის მოცულობის წყალობით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც პასუხობს ჩვენი რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების ენერგოუსფართხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს. ამავე დროს, საქართველოს ადგილმდებარეობა აქცევს ამ ქვეყანას სატრანსპორტო ცენტრად/კვანძად სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს თურქეთთან, ევროპასა და კასპიის რეგიონს შორის უმოკლესი მარშრუტით.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ენერგეტიკის სფეროში ჩვენი გრძელვადიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა.
შემდგომი ნაბიჯები გამიზნული იქნება ტრანსკასპიური მიმართულებით წინსვლის მიღწევასა და კასპიის ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების გაღრმავებაზე.
უკანასკნელი მოვლენები და რეგიონში ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილება ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია აუცილებელი პირობების შექმნა ეფექტიანი თანამშრომლობისათვის, ასევე სატრანსპორტო მარშრუტების, წყაროებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციისათვის. სამხრეთის დერეფანში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სატრანსპორტო პროექტების წარმატების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა მომხმარებელი, სატრანზიტო და მწარმოებელი ქვეყნების ინტერესთა დაბალანსება. ისეთი პროექტების განხოციელება, როგორიცაა შაჰ-დენიზის მეორე ეტაპი, რომლის ინვესტიციების ოდენობა 6 სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს, მართლაც მოუტანს ამ სახელმწიფოებს სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდასა და კეთილდღეობას, აგრეთვე ხელს შეუწყობს რეგიონალური ბაზრის განვითარებას და მოქნილობისა და ენერგოუსაფრთხოების დონის ამაღლებას.
ყველამ კარგად ვიცით, რამდენი გამოწვევა გველის მომავალში, განსაკუთრებით შავი და კასპიის ზღვების რეგიონებში. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამიმდევრული და რაციონალური ნაბიჯების გადადგმა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის ამოსავალი წერტილია.
ნება მომეცით, მოგილოცოთ ყველას ეს ისტორიული მოვლენა, როცა ძალაში შედის სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის ინიციატივა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგეტიკის სფეროში საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ერთობლივი წინსვლისა და წარმატების უზუნველსაყოფად", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია