დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხვალ პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს განიხილავენ
ავტორი:
2013/დეკემბერი/09 17:00:03
საპარლამენტო კომიტეტები ხვალინდელ სხდომებზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს განიხილავენ. თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტის გარდა , განხილვის საგანი იქნება 23 კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომელიც თავის მხრივ მთავარ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება.
საკანონმდებლო პაკეტს ხვალ, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა, ჯანდაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილავენ. პროექტზე იმსჯელებენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზეც. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი წარუდგენს.
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ იზრდება თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში სულ 69 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულია, ხოლო რეფორმის შემდგომ, მათი რაოდენობა დაახლოებით 120-ს გაუტოლდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 13 ქალაქს მიენიჭება, ხოლო მათ მიმდებარე სოფლებისგან მუნიციპალიტეტები შეიქმნება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ენიჭება მხოლოდ იმ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია.
მერს და გამგებელს მოსახლეობა პირდაპირი წესით - სამი წლის ვადით აირჩევს. აღნიშნული ვადა 2017 წლიდან შეიცვლება და ისინი ოთხი წლის ვადით იქნებიან არჩეული.
პროექტის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად გაიზრდება ე.წ. წილობრივი გადასახადის ხარჯზე. თვითმმართველი ერთეული ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაქმებული პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმავე თვითმმართველ ერთეულს დარჩება. ამასთან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არა საკუთარი შემოსულობის სახით სპეციალურ და მიზნობრივ ტრანსფერებთან ერთად, დამატებით კაპიტალურ ტრანსფერს მიიღებს.
თვითმმართველობის განხორციელებისთვის აუცილებელი ის ქონება, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას, ან დაყადაღებულია ან ყოფილი კოლმეურნეობების ბალანსზეა, 2017 წლამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადავა.
2014 წლიდან 2017 წლამდე შემცირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა პირთა რაოდენობა, რადგან თითოეულ მუნიციპალიტეტში, 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეული იქნება განსაზღვრული. დღეს დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 14 ათასს აღწევს, ხოლო რეფორმის შემდეგ იგი 3 ათასით შემცირდება. 2017 წლის შემდგომ კი ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა კვლავ 14 ათასს გაუტოლდება.
მთავრობის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, არსებითად იცვლება გუბერნატორის ფუნქციები. თუ კი დღევანდელი მდგომარეობით გუბერნატორის ინსტიტუტის ძირითადი უფლებამისილება თვითმმართველობის ორგანოებზე სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელებაა, რეფორმის შემდეგ ეს ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში გადადის. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინსტიტუტი შეიცვლის სახელწოდებას და "მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანება" გახდება. მისი უფლებამისილება იქნება: შესაბამისი ტერიტორიის განვითარების სტრატეგიის შექმნა და დამტკიცება; მის მართვაში გადაცემული საავტომობილო გზების მართვა; მის მართვაში შემავალი სხვადასხვა სახის კულტურული დაწესებულებების მოვლა-შენახვა; გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების მყარი ნარჩენების გადამუშავება და უტილიზაცია და სხვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიმუშავებს და 2014 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგენს გაერთიანების მართვაში გადასაცემი ობიექტების ნუსხის პროექტებს.
აღნიშნულ გაერთიანებას ასევე ეყოლება კოლეგიური ორგანო და იგი დაკომპლექტდება გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისაგან, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი უხელმძღვანელებს.
სოფლებში შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც მოქალაქეობრივ საწყისებზე იმუშავებს და მისი ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობა იქნება.
საზოგადოებრივი საბჭოს დაფუძნების ინიციატივის უფლება, დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 10 კაციან საინიციატივო ჯგუფს ექნება, იგი მხარდაჭერილი უნდა იქნეს დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 10%-ის ხელმოწერით. ამასთანავე, დასახლებაში შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საბჭო. საზოგადოებრივი საბჭოს უფლებამოსილება ექნება მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამებით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევაში, დაგეგმვაში და განხორციელების მონიტორინგში. საზოგადოებრივ საბჭოს ასევე საკუთრებაში ან სარგებლობაში შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ქონებაც.
ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში მთავრობის გეგმები და შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებები სერიოზული კამათის მიზეზი გახდა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე სამოქალაქო სექტორის ერთ ნაწილში. პარლამენტს განხილვის შეჩერების თხოვნით მიმართა საქართველოს კათოლიკოსს-პატრიარქმა ილიამ მეორემ.
თავის მხრივ, მმართველი გუნდი ადასტურებს, რომ პროექტში წარდგენილი ცალკეული საკითხები გადაიხედება და შეიცვლება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია