დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთის არაკონსტრუქციულობის გამო ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა
ავტორი:
2013/დეკემბერი/06 21:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო კიევში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს მე-20 სხდომაზე მთელი რიგ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, არ შედგა შეთანხმება საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ს განცხადების მიღების თაობაზე.
"სამწუხაროდ, მთელ რიგ გადაწყვეტილებებზე ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა. მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო, არ შედგა შეთანხმება საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთო-ს განცხადების მიღების თაობაზე. ასევე არ იქნა მიღებული ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პოლიტიკური დეკლარაცია რუსეთის უარყოფითი პოზიციის გამო, აღნიშნულ დეკლარაციაში ეუთო-ს არეალში არსებული კონფლიქტების აღნიშვნის მიმართ", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მაია ფანჯიკიძემ მინისტრთა საბჭოს მე-20 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გავლების და მიწათხრილების მოწყობის პროცესის, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობები. მინისტრმა გამოსვლაში მიმართა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, გააძლიერონ დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე რათა ამ უკანასკნელმა საქართველოს წინაშე იკისროს ძალის არ გამოყენების ვალდებულება.
მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მაია ფანჯიკიძემ ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე, მათ შორის საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთო-ს წარმომადგენელს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მტკიცე მისწრაფებაზე, რათა შენარჩუნდეს ეუთო-ს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა.
მინისტრთა საბჭოს ფარგლებში საქართველომ მადლობა გადაუხადა უკრაინის თავმჯდომარეობას და მიესალმა შვეიცარიის მომავალ თავმჯდომარეობას და გამოთქვა იმედი, რომ შვეიცარიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ეუთო განაგრძობს მუშაობას "ჰელსინკი+40" ფარგლებში, რაც მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად და გაერო-ს ქარტიასა და ჰელსინკის დასკვნით აქტზე დაყრდნობით, ეუთო-ს არეალში ნამდვილი "უსაფრთხოების საზოგადოების" შექმნისაკენ, გამყოფი ხაზებისა და კონფლიქტების გარეშე, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი და გარანტირებული.
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან იანეშ ლენარჩიჩთან, ეროვნულ უმცირეობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ასტრიდ თორსთან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რანკო კრივოკაპიჩთან. ასევე გაიმართა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები სერბეთის, ფინეთის, ნორვეგიის, მალტის, ირლანდიის, ისრაელის და უკრაინის დელეგაციების ხელმძღვანელებთან.
მინისტრთა საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავჯდომარეებთან, ტაილანდისა და დანიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია