დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტი - ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა ევროპულ ქალაქებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებს
ავტორი:
2013/დეკემბერი/03 23:30:03
მავთულხლართები მიმართულია ცხინვალის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლა სჭირდებათ და ეს თემა არ გაჩერდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ხელში ექნება პასპორტები, რომლითაც ევროპულ ქალაქებში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია.
პრეზიდენტის განცხადებით, მათთვის მავთულხლართებში ჩაკეტვაზე საინტერესო სწორედ ეს იქნება, რასაც საქართველო ცოტა ხანში შესთავაზებს.
"არავინ თქვას, რომ რუსეთს ტერიტორიები აკლია და ომი ტერიტორიების დაპყრობისთვის იყო. ამით რუსეთის იმიჯი მსოფლიო თანამეგობრობაში, სადაც ის ცდილობს ითამაშოს თანამედროვე დასავლური ძლიერი სახელმწიფოს როლი, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, არ არსებობს მაღალი დონის შეხვედრა, სადაც რუსეთისთვის არ ხდება იმის შეხსენება, რომ მისი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც აკავშირებდა კულტურული, ემოციური, ისტორიული კავშირები, მის მიერ სერიოზულად დაჩაგრულია. მეორე საკითხია ვინ მოიგო ომით - ჩვენმა თანამემამულეებმა სოხუმში და ცხინვალში რამე მოიგეს?! რა პერსპექტივა აქვს იქაურ საზოგადოებას?! ჩვენ ამ პერსპექტივას ძალიან ცოტახანში ვაჩვენებთ. ჩვენ ვაჩვენებთ თანამედროვე ევროპულ საქართველოს, სადაც ცხინვალის მოქალაქეს ეჭირება პასპორტი, რომლითაც იოლად, ყოველგვარი ვიზის გარეშე გადაადგილდება ვენაში, ბერლინში და რომში. ასოცირების ხელშეკრულებაში ეს ტერიტორიებიც გათვალისწინებულია და ჩვენ ვაჩვენებთ ცხინვალის მოსახლეობას, რომ არავის სურს მათი დაპყრობა. ჩვენ უბრალოდ გვჭირდებიან ისინი, რომ ვაშენოთ თანამედროვე, დემოკრატიული, ევროპული საქართველო", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის, მავთულხლართებზე საინტერესო ევროპულ საქართველოში ცხოვრება იქნება.
"რა უფრო საინტერესოა - მავთულხლართების მიღმა ჩაკეტვა თუ მონაწილეობა ერთიან ევროპულ პროცესში. ეს იქნება ცოტა ხანში და, შესაბამისად, ის ბერკეტი, რაც იქ უკვე გამოყენებულია და რაც სამწუხაროდ ამ მავთულხლართების ფორმით ხორციელდება, ჩვენ ამას მუდმივად ვეწინააღმდეგებით. ამ მავთულხლართებზე ჩვენც და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებიც მუდმივად ვაკეთებთ აქცენტს. ეს მავთულხლართები არის იმ ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებსაც უნდათ საქართველოში გადმოსვლა და ჩვენთან ურთიერთობა, ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ თბილისში სამკურნალოდ. ეს კარგად ესმით და ამიტომ ეს თემა არ გაჩერდება", - განაცხადა მარგველაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია