დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვილნიუსის სამიტის დეკლარაციით კმაყოფილია
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 21:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვილნიუსის სამიტის დეკლარაციით კმაყოფილია. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ვილნიუსში განუცხადა, დოკუმენტი ყოვლისმომცველი და ამბიციურია. "ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება არის ისტორიული მომენტი საქართველოსთის. მე ვარ ძალიან ამაყი და ძალიან ბედნიერი, რომ ეს დღე, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით, როგორც იქნა, დადგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტმა მიიღო დეკლარაცია. პრაღასა და ვარშავაში ასევე იყო მიღებული დეკლარაციები, თუმცა წლევანდელი დეკლარაცია არის უფრო ყოვლისმომცველი, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი და მეტად ამბიციური. დეკლარაციით ძალიან კმაყოფილი ვართ. ეს არის 28+6 ქვეყნის ერთობლივი ნამუშევარი, იგი ინდივიდუალურ ინტერესებს ვერ გაითვალისწინებს, მაგრამ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ყველა დაეთანხმა. ჩვენ კი ბედნიერები და კმაყოფილები ვართ იმით, რომ დეკლარაციაში შევიდა ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა, რომ შესულიყო", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა მიმართულებით - ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შემადგენელი ნაწილისა და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კუთხით.
"ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კუთხით მიღწეულია ძალიან კარგი პროგრესი – ზუსტად ამ სიტყვებით წერია დეკლარაციაში. გარდა ამისა, დეკლარაციის ხელმომწერები მიესალმებიან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოსთან კრიზისის მართვის პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე არის ვრცელი პასაჟები ყველა იმ თემისადმი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს. ეს არის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების სრულად ამოქმედება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად გავრცელება, ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის მნიშვნელობის ხაზგასმა. დეკლარაცია პროგრესულია იმ გაგებითაც, რომ ხაზს უსვამს, თუკი ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უნდა განსაკუთრებული სიახლოვე ევროკავშირთან, მას ამის საშუალება ეძლევა", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მინისტრის შეფასებით, სასიხარულოა ისიც, რომ დეკლარაციაში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თარიღად დაფიქსირებულია 2014 წელი. "მეტსაც გეტყვით, პლენარულ სხდომაზე ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერმა გააჟღერა ევროკავშირის სურვილი, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. თუ ძალიან ოპტიმისტები ვიქნებით, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ შეიძლება ეს სექტემბრამდეც კი მოხდეს. აქედან გამომდინარე, მიღწეული შედეგებით ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია