დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლელი მექანიზმის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს შესაძლოა ომბუდსმენმა მიმართოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 18:30:03
სახალხო დამცველი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ შეცვლის გამოთქმულ პოზიციას მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლელი მექანიზმის შექმნის შესახებ, ომბუდსმენი იტოვებს მისთვის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებას, თავად მიმართოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით.
ომბუდსმენის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გუშინ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნასთან დაკავშირებული პროცესების შეჩერების შესახებ. მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ კანონპროექტის შეჩერების "ერთადერთი მიზეზია" ის, რომ ქვეყანა მზად არ არის გასცეს მოსალოდნელი კომპენსაციები.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული არგუმენტი სრულიად უსუსურია იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნების" კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლიდან საზოგადოებაში პერმანენტულად იქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი მექანიზმის შექმნის მოლოდინი.
გასული წლების განმავლობაში ქართული მართლმსაჯულება სისტემური ხარვეზებით ხასიათდებოდა. ქართულ მართლმსაჯულებაში არსებული ნაკლოვანებების შესახებ, რომელიც მოქალაქეებს ართმევდა სამართლიანი სასამართლო განხილვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, საქართველოს სახალხო დამცველის ყველა საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი. სასამართლო სისტემის პირობებში, სადაც მიღებულად ითვლებოდა საპროცესო შეთანხმებების გაფორმების გზით "თავისუფლების ყიდვის" კონცეფცია და სადაც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში 0.1%-ს არ აღემატებოდა, ბუნებრივი იყო სისტემური ხარვეზების დაშვების რისკი, რომელმაც უფლება შეულახა ათასობით ადამიანს.
აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად, 2012 წლის ბოლოდან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაჟღერდა ოფიციალური პოზიცია მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც მოახდენდა ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმეების შესწავლას. ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა და საჯაროდ განსახილველად იქნა წარმოდგენილი შესაბამისი კანონის პროექტი, რომელიც მოგვიანებით ვენეციის კომისიასაც გადაეგზავნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს 2013 წლის თებერვალში ეცნობა, რომ რამდენიმე თვეში ამოქმედდებოდა შესაბამისი მექანიზმი, რომელიც მოახდენდა უკანონო განაჩენების გადახედვას. მსგავსმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა, ბუნებრივია, საზოგადოებაში შექმნა იმ სადავო სისხლის სამართლის საქმეების გადასინჯვის ლეგიტიმური მოლოდინი, სადაც მოქალაქეთა აზრით, ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების ხარვეზებს.
ბუნებრივია, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის აუცილებლობა არ მომდინარეობს პირდაპირ სავალდებულოდ მოქმედი სამართლებრივი დებულებებიდან. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, აღნიშნული, უსამართლობის მსხვერპლთათვის სამართლიანი განხილვის უფლების ჯეროვანი იმპლემენტაციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
თავის ანგარიშში "საქართველო გარდამავალ პერიოდში", ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი, თომას ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ "იმისდა მიუხედავად, თუ როგორი იქნება [მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი მექანიზმის] საბოლოოდ დამტკიცებული მოდელი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსამართლობის მსხვერპლთათვის სამართლიანობის აღდგენა."
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ფინანსური შესაძლებლობების ნაკლებობა არგუმენტად არ გამოდგება იმ ასობით ადამიანის ლეგიტიმური მოლოდინის საპასუხოდ, რომელიც თვლის, რომ მას უკანონოდ ან შესაბამისი პროცესუალური უფლებების სერიოზული დარღევით აღუკვეთეს თავისუფლება, რომელიც იძულებული გახდა "ეყიდა თავისუფლება"; ან საკუთარი თავის ან სხვათა წინააღმდეგ მიეცა ჩვენება წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო. სახალხო დამცველის მოსაზრებით, ხელისუფლებას, მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით, შეუძლია უზრუნველყოს სავარაუდო კომპენსაციების გაცემის პროცედურებისა და ვადების იმგვარად გაწერა, რომ ამან არ გამოიწვიოს ერთბაშად დიდი ფინანსური დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს სახალხო დამცველი სრულად აცნობიერებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას პარალელური მართლმსაჯულების სისტემის დაუშვებლობის შესახებ და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი მექანიზმის ფორმირება განხორციელდეს ადამიანის უფლებების, საქართველოს კონსტიტუციის და ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის გამოთქმულ პოზიციას მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლელი მექანიზმის შექმნის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველი იტოვებს მისთვის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებას, თავად მიმართოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია