დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო მაჭავარიანი - უკრაინა-ევროკავშირთან დაკავშირებით ყველაფერი ფინანსურ კომპენსაციებამდე მიდის
ავტორი:
2013/ნოემბერი/25 13:30:02
საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის, ვანო მაჭავარიანის შეფასებით, უკრაინა-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ყველაფერი ფინანსურ კომპენსაციებამდე მიდის.
როგორც მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირს უკრაინასთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდა, მაგრამ ფინანსური კუთხით პროცესი რთულად მიდის.
"უკრაინის სტატუსი ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოსგან განსხვავდება. უკრაინას ვილნიუსში ასოცირების ხელშეკრულებაზე უნდა მოეწერა ხელი, რომელიც ევროპასთან დაახლოების რეალური ნაბიჯია. საქართველოს ამ ეტაპზე პარაფირების შეთავაზება აქვს. ჩვენ საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მომავალ წელს შევძლებთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ამ თვალსაზრისით უკრაინასთან ძალიან დიდი ინტერესი არსებობდა. ევროპისათვის უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა. თუ დააკვირდებით, თავად უკრაინის მთავრობაც აპელირებას აკეთებს იმაზე, რომ ასოცირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მიდის მოლაპარაკებები. ბოლოს მაინც ირკვევა, რომ ყველაფერი კონკრეტულ კომპენსაციებამდე მიდის, რასაც უკრაინა იმისთვის ითხოვს - საუბარია აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ საწარმოებზე, რომლებიც რუსულ ეკონომიკასთან მიბმული არიან, ასევე გაზის თემაზე, რაც ასევე უკრაინის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად ებმის - მიახლოებით 20 მილიარდ დოლარიან კომპენსაციებზეა საუბარი", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მისივე აზრით, განცხადება უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის შეჩერებასთან და არა შეწყვეტასთან დაკავშირებით იმაზე მიანიშნებს, რომ ვილნიუსის სამიტამდე ძალიან სერიოზულ და ინტენსიურ პროცესებს ექნება ადგილი. მაჭავარიანი ელის, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ მოიძებნება ახალი ფორმები იმისთვის, რომ პროცესი უკრაინასთან არ შეწყდეს.
"ევროპას ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის როლი. რუსეთისთვის ევროპისა და უკრაინის დაახლოება ძალიან სერიოზული თემაა და არაერთხელ მიუნიშნებია, რომ ამას უკრაინისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი ექნება. ამას ემატება ის, რომ პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირი უკრაინის გარეშე ძალიან რთულად წარმოსადგენია. ამიტომ საკმაოდ სერიოზული გეოპოლიტიკური დაპისპირების წინაშე აღმოვჩნდებით", - განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება საქართველოს, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით სიტუაცია უკრაინისგან განსხვავდება. მან ამ კონტექსტში ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ "უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოში მკვეთრად გამოკვეთილი პრორუსული პოლიტიკური ძალები არ არიან".
"პრეზიდენტს და მთავრობას ბევრი სამუშაო ექნება ჩასატარებელი იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, რომლებსაც საქართველო შეიძლება, წააწყდეს პოლიტიკური შანტაჟის ან მუქარის სახით", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია