დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - მე ვიქნები არა პოლიტიკოსი მერი, არამედ რეალურად სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მერი
ავტორი:
2013/ნოემბერი/23 21:00:03
დავით ნარმანია ადასტურებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად სახელდება და კოალიცია "ქართულ ოცნებას" ნდობისთვის მადლობას უხდის.
"41 გამოყოფილ პრობლემას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით", - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მან კონსულტაციები გამართა კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან.
"გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყო იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ამ შემთხვევაში არჩევანი არის ის, რომ დედაქალაქში არსებულ რთულ პრობლემებს და გამოწვევებს შევეჭიდო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიცხადებენ ნდობას", - განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, პრობლემებით დატვირთული დედაქალაქის მერობა, ერთი მხრივ, მისთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა მეორე მხრივ, დიდი პატივია.
"კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს და პროგრამებს რომლებიც ხორციელდება. ასევე კარგად ვიცნობ იმ ხარვეზებს, რაზეც უნდა იყოს მიმართული ჩვენი კოალიციის მხრიდან დასახელებული დედაქალაქის მერის საქმიანობა. ეს ყველაფერი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავაანალიზე და 41 გამოყოფილ პრობლემას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და კოალიციის სხვა წევრებს, რომლებმაც განსაკუთრებული ნდობა გამომიცხადეს და ვპირდები, რომ ის, რაც გასაკეთებელი იქნება, აუცილებლად გავაკეთებ და მე ვიქნები არა პოლიტიკოსი მერი, არამედ რეალურად სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მერი და დედაქალაქის მერიას ისე დავაყენებ ფეხზე, როგორც ეს სამინისტრო ერთი წლის წინ ჩავიბარე", - განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას დაიბადა 1979 წლის 7 მარტს.
2006 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სტაჟირება გაიარა გერმანიის პოცდამის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდია და სხვა ჯილდოები.
2002 წელს მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაციით.
2000 წელს მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
1996 – 2000 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის" სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება:
2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
2009 წლიდან მუშაობდა "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორად.
2008–2009 წლებში იყო "საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის" კვლევითი განყოფილების უფროსი.
2005–2006 წლებში მუშაობდა "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრში";
2004–2005 წლებში მუშაობდა კომპანია "ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფში" გენერალურ დირექტორად.
2003–2004 წლებში იყო "საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის" საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი.
2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში.
1999–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში.
სხვადასხვა დროს იყო "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი გამგეობის თავმჯდომარე.
სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ამერიკის განვითარების ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტი.
არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი;
არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია