დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნდობის ჯგუფის წევრების დამტკიცება შესაძლოა პარლამენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა გახდეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/18 21:00:03
ნდობის ჯგუფის წევრების დამტკიცება შესაძლოა პარლამენტის ნაცვლად უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა გახდეს. ასეთი ინიციატივით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოდის, რომლის საკანონმდებლო პროექტი ბიუროს დღეს წარედგინა.
ხუთი წევრისგან შემდგარ ნდობის ჯგუფში ერთი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარი პარლამენტის წევრების მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში. აღნიშნული სუბიექტები ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ და თავის მხრივ პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს დადგენილებით, კენჭისყრა კი პერსონალურად ტარდება.
ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი კი იმას ითვალისწინებს, რომ ნდობის ჯგუფის წევრები არა პარლამენტმა, არამედ პარლამენტის თავმჯდომარემ ცალ-ცალკე, ბიუროსთან შეთანხმებით დაამტკიცოს.
სესიაშვილის ეს ინიციატივა დიდი ალბათობით უმცირესობის წევრ გივი თარგამაძის ფაქტორს უკავშირდება. დღევანდელ პარლამენტს, რომელიც უკვე მეორე წელია კონსტიტუციით და კანონით დაკისრებულ უფლებამოსილებას ახორციელებს, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანო, როგორიც ნდობის ჯგუფია, დღემდე არ ჰყავს. საქმე ისაა, რომ უმცირესობა საკუთარი კვოტით პარლამენტს გივი თარგამაძის კანდიდატურას სთავაზობს. მმართველ გუნდს არ სურს ნდობის ჯგუფში მხარი თარგამაძეს დაუჭიროს და არც ისეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, რომ ნდობის ჯგუფი უმცირესობის წარმომადგენლის გარეშე შეიქმნას. თავის მხრივ უმცირესობაც პრინციპულ პოზიციას იჭერს და უარს აცხადებს გივი თარგამაძის კანდიდატურის მათი რიგებიდან სხვა დეპუტატით შეცვლაზე.
სესიაშვილის ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, ნდობის ჯგუფის წევრებს უკვე არა პარლამენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს.
დავით უსუფაშვილმა ირაკლი სესიაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ბიუროს სხდომაზევე დააფიქსირა და განაცხადა, რომ იქნება წინააღმდეგი, ნდობის ჯგუფი იყოს არა პარლამენტის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის.
ცნობისთვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში ნდობის ჯგუფი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით იქმნება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია