დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კომპანია "კარტლისი" მის მიერ დამუშავებული სიმინდის მოყვანის ტექნოლოგიის დემონსტრირებას გამართავს
ავტორი:
2013/ნოემბერი/11 09:30:10
კომპანია "კარტლისი" დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კომპანია "პიონერი"-ს წარმოშობის ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, დაგეგმილ ღონისძიებას სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ ფერმერებთან ერთად, საქართველოში მოღვაწე უცხოელი ფერმერები, ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მოსავლის აღებაზე სტუმრები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც ჩამოვლენ. პრეზენტაციას ასევე დაესწრება სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული შვეიცარიელი სტუმარი, კომპანია "პიონერის" ბაზრის განვითარების მენეჯერი სერდარ ტულუკტორამანი.
"კარტლისი"-ს მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სოფელ სართიჭალაში დათესილი კომპანია "პიონერის" წარმოების სამი ჰიბრიდი - PR32F73, PR31Y43, P1921 ბოლო სამი წელია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ითესება და სწორი მოვლის პირობებში საუკეთესო შედეგს იძლევა.
"კომპანია "პიონერი" მსოფლიოში მაღალმოსავლიანი და გამძლე ჰიბრიდებით არის ცნობილი. აღნიშნულ 3 ჰიბრიდს - PR32F73, PR31Y43, P1921-ს კარგი მოვლის პირობებში, გააჩნია მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი 12-14 ტონა 1 ჰა-ზე, მაშინ, როდესაც საქართველოში გავრცელებული ჯიშების სიმინდი ჰექტარზე 2-5 ტონამდე მოსავალს იძლევა,"- აცხადებს კომპანია კარტლისის დირექტორი რობერტ რევია.
მისივე თქმით, სართიჭალაში აღებული მოსავალი ერთ ჰექტარზე 10 ტონა სიმინდს გადააჭარბებს, რაც საქართველოს პირობებში ძალიან კარგ შედეგად ითვლება.
"PR32F73, PR31Y43, P1921-ს ჰიბრიდები ყველაზე კარგ შედეგს გორის, ბოლნისის, მარნეულის და ლაგოდეხის რაიონებში იძლევა. სამწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული ჰიბრიდები ძალიან კარგად ერგებიან ქართულ ჰავას და მიწას", - განმარტავს რობერტ რევია.
"კარტლისი"-ს მენეჯმენტის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ-აფრიკული კომპანია "Aგრიცო", რომელმაც აღნიშნულ ნაკვეთში თანამედროვე სარწყავი სისტემა- "ცენტრალური პივოტი" დაამონტაჟა.
სოფელ სართიჭალაში მდებარე სიმინდის ყანა 50 ჰექტარ ფართობზეა დათესილი და იგი სამხრეთ აფრიკელი ფერმერის (ბურის) საკუთრებაა.
"ჰიბრიდული სიმინდი თავიდან ბოლომდე კომპანია "კარტლისის" მიერ დამუშავებული ტექნოლოგიით არის მოყვანილი. სწორედ "კარტლისის" სპეციალისტებმა შეგვირჩიეს სიმინდის ჯიშები, ნიადაგის დამუშავების მეთოდი, განსაზღვრეს სასუქის სახეობა, საჭირო რაოდენობა და შეტანის სქემა, შეარჩიეს შესაბამისი ჰერბიციდები და მათი გამოყენების გზები. მიღებული მოსავლის რაოდენობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მომავალში კომპანია "კარტლისთან" უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავ." - აცხადებს ნაკვეთის მფლობელი ბური - ბენჯამინ დევეტ ჰარცენბერგი.
ღონისძიებას საპატრიარქოს პროექტის - "გახდი ფერმერი"-ს მონაწილეებიც დაესწრებიან და მოსავლის აღებაში პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ. კომპანია "კარტლისმა" საპატრიარქოსთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე დღის წინ გააფორმა. პროექტი 15 ახალგაზრდის სოფლის მეურნეობის სპეციალისტად აღზრდას ითვალისწინებს. საპატრიარქოს პროექტის მხარდასაჭერად კომპანია "კარტლისმა" ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში 30 000 ლარი გამოყო.
კომპანია "კარტლისი" (ყოფილი "გარემო და ანალიტიკა") 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, FMC, Bejo, TimacAgro და HZPC. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში,ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში. "კარტლისი" პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს "ENVIRONMENTAL RESPECT AWARDS"-ის მფლობელია. კომპანიას ჯილდო პესტიციდების დისტრიბუციის საუკეთესო მენეჯმენტისთვის გადაეცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1426
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია