დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ კბილაშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 13:30:02
მთავარი პროკურატურა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უწყების ხელმძღვანელის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში კბილაშვილი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმიანობას მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად სამოქალაქო სექტორში განაგრძობს.
"ინტერპრესნიუსი" მთავარი პროკურორის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ყველას გაუჩნდება კითხვა რატომ მივდივარ. წინდაწინვე მინდა ვთქვა, რომ არავითარი უთანხმოება ჩემსა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთის გვერდით მოგვიწია მუშაობა გასული ერთი წლის განმავლობაში და ჩვენს შორის ღირსეული, კოლეგიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენ, ჩვენს კოლეგებთან ერთად, არაერთი დღე და ღამე გაგვიტარებია ერთად დანაშაულთან ბრძოლაზე ფიქრში და შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ღირსებითა და წესიერებით სავსე ადამიანია.
რასაკვირველია, ჩვენ გვქონდა და გვაქვს განსხვავებული შეხედულებებიც პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნული ერთ გუნდში მყოფი საერთო მიზნის მქონე თანამებრძოლების განსხვავებული შეხედულებებია, რაც ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს ბიძინა ივანიშვილის რეფორმატორთა გუნდში.
მე წარმატებები მინდა ვუსურვო მას ახალ ასპარეზზე.
პროკურატურაში გატარებული ერთი წელი ჩემთვის მრავლის შემმეცნებელი იყო. პრემიერ ივანიშვილის წყალობით მე საშუალება მომეცა, პირველად ჩემს ცხოვრებაში, მემსახურა სახელმწიფო სამსახურში და თანაც ესოდენ მაღალ თანამდებობაზე. განვლილი ერთი წელი საქართველოს პროკურატურისათვის რეპრესიიდან ლიბერალიზაციისაკენ გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენ ხელი ავიღეთ სასამართლოს კონტროლზე, გაიზარდა ადვოკატთა უფლებები, შევამცირეთ დაჭერები, გავათავისუფლეთ უკანონოდ ბრალდებულები, სისხლის სამართლებრივ დევნას ჩამოვაშორეთ ფისკალური ეფექტი და შევეცადეთ ხალხისათვის გვეჩვენებინა რომ სამართალი არ იყიდება, დავიწყეთ საზოგადოებასთან ჩატეხილი ნდობის ხიდების აღდგენა.
ჩემი საქმიანობის დრო საქართველოში ორხელისუფლებიანობის პერიოდს დაემთხვა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის საქმიანობა იმ პოლიტიკით იყო ნასაზრდოები, რომელიც ხალხში კოაბიტაციის სახელით არის ცნობილი. ამიტომ, ბუნებრივია ისიც, რომ ვარ კოაბიტაციით განაწყენებულ მოქალაქეთა წყრომის ადრესატიც, თუმცა ვთვლი, რომ პრემიერ ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში ზომიერებითა და დაბალანსებულობით გამოირჩეოდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკა იყო.
აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ვერ ვხედავდი ან მომწონდა ნაკლოვანებები, რაც პროკურატურის სისტემას მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
მტკიცედ მჯერა, რომ ახალი პრეზიდენტისა და ახალი პრემიერის უფლებამოსილების დადასტურებისთანავე ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, უნდა მოხდეს ფუნქციათა გამიჯვნა, შიდა კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, გამოძიებაზე პროკურატურის საზედამხედველო როლის გაძლიერება. პროკურატურის რეპრესიული მანქანა უნდა შეიცვალოს ინსტიტუციონალურად ახალი ევროპული მოდელის პროკურატურით. განსახორციელებელი რეფორმის უვერტიურად მესახება ახალი პოლიტიკის შემუშავება თეთრი საყელოს დანაშაულების გამოძიებისას, რომლის განხორციელებისათვის მუშა ჯგუფი უკვე შეუდგა თავის საქმიანობას. დადგა დრო მკაფიო პასუხი გაეცეს ქონებაჩამორთმეულთა და უკანონო განაჩენებით მსჯავრდებული ადამიანების პრეტენზიებს.
რატომ მივდივარ?
მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა და სამოქალაქო სექტორში გადასვლა გადაწყვიტა, არაერთხელ მისაუბრია მასთან იმის შესახებ, რომ ჩემი საადვოკატო და საპროკურორო გამოცდილებით, ჩემი ცოდნითა და ადამიანებთან დაგროვილი ურთიერთობების გამოყენებით, მასთან ერთად მეც დამეტოვებინა თანამდებობა, მეც გადავსულიყავი სამოქალაქო სექტორში და მხარში ამოვდგომოდი აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს.
მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისაც პრემიერის გადაწყვეტილება პოსტის დატოვების შესახებ საუკეთესოდ მიაჩნია.
პირველ რიგში, ეს ზნეობრივი ნაბიჯია. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის განვითარების ყველაზე კრიტიკულ მომენტში საკუთარი სიცოცხლისა და სხვა პირადი სიკეთის მსხვერპლად გაღების ფასად ქვეყანა მრავალი განსაცდელისაგან იხსნა და ახლა ხელისუფლების მწვერვალზე ყოფნისას მისი თანამდებობიდან წასვლა ადასტურებს, რომ მისი ბრძოლა ზნეობრივ იდეალს და არა ხელისუფლებაში მოსვლას ემსახურებოდა;
მეორე, ეს ვაჟკაცური ნაბიჯია: არ ჩავარდე ხელისუფლობით ტრფობის ხიბლში და დატოვო ის ძალაუფლების ზენიტში - ეს ვაჟკაცობაა. მსოფლიოს უახლეს ისტორიაში მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს.
მესამე, ამ ნაბიჯს ქვეყანაში დემოკრატია ახალ ხარისხში აჰყავს. ბიძინა ივანიშვილი გამორჩეული ავტორიტეტია. მისი სახელისუფლებო გუნდიდან წასვლა მის გუნდს თანასწორთა გუნდად გადააქცევს და გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულობის ხარისხს გაზრდის;
მეოთხე, ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლა არის მაგალითი მისი გუნდის ყველა წევრისათვის რათა კარგად იქნეს გაცნობიერებული, რომ ხელისუფლებაში ყოფნა მათთვისაც დროებითია და თანამდებობა ბოროტად არ გამოიყენონ, იმისათვის, რომ საზოგადოებას არ მოწყდნენ და საზოგადოებაში უკან დაბრუნების საშუალება დარჩეთ.
ამ, და კიდევ სხვა მოსაზრებათა გამო, მიმაჩნია, რომ ივანიშვილის ნაბიჯი თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ არამარტო ვაჟკაცური, არამედ დროული და გონივრული გადაწყვეტილებაცაა.
ვინც ამ კაცს იცნობს დამეთანხმება, რომ მისი დარწმუნება ყოველთვის ძნელია და ყოველ ჯერზე იგი მეუბნებოდა, რომ თანამდებობის დატოვება ჩემთვის ნაადრევია. მე კი ვფიქრობ, რომ თანამდებობაზე ჩემი მოსვლა მოხდა ნაადრევად, რადგან წინა რეჟიმს რომ მართლმსაჯულების კარი უხეშად არ ამოეგმანა არც პოლიტიკისაკენ და არც თანამდებობისაკენ გამხედავი არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში 41 წლის ასაკში, როგორც ეს ჩემს სინამდვილეში მოხდა. თანამდებობაზე ყოფნა უდაოდ პრესტიჟია, თუმცა იგი ჩემთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.
არც იმას უარვყოფ, რომ პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით ჩემი და პრემიერის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს შეეხება დროს და არა პრინციპს. პრემიერი, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩვენებს რამდენად ვცდებოდი. იმის გამო, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, მთავარ პროკურორს ევალება პრემიერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას მისდიოს.
სწორედ ამიტომ, ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა და მასთან ერთად, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ, საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა გავუწიო იმ ამოცანების შესრულებაში, რასაც იგი საზოგადო მოღვაწეობისას განახორციელებს.
საქართველოს პროკურატურას ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების სამსახურში", - ნათქვამია არჩილ კბილაშვილის განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია