დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის უფლებას გამოიყენებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/23 14:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას გამოიყენებს , - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ არჩევანს პრემიერ-მინისტრის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეც დააფიქსირებს, რომელმაც ხმის მიცემის უფლებით 2012 წლის საპარლამეტო არჩევნებზეც ისარგებლა.
ეკატერინა ხვედელიძე საქართველოს მოქალაქეა, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს კი ხმის მიცემის უფლებას საკონსტიტუციო ცვლილება აძლევს, რომელიც პარლამენტმა 2012 წლის 22 მაისს მიიღო.
კონსტიტიციის 104/4 მუხლის თანახმად, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა გასულ წელს სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის მიიღო, თუმცა მაშინ პრემიერმა ხმის მიცემის უფლებით სარგებლობაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა უსამართლოდ ჩამოართვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს შეუწყვიტა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განმარტებით, ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა მოიპოვა, რაც კონსტიტუციისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს.
ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. "ქართული ოცნების" ლიდერს მიუთითეს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მას ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება უნდა ეთხოვა.
2011 წლის 21 ოქტომბერს კი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს და პრეზიდენტის მიერ გამოცემული იმ აქტის გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ეკატერინა ხვედელიძის ნაწილში დააკმაყოფილა და პრეზიდენტს მის სასარგებლოდ 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დააკისრა.
ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული სარჩელის ნაწილი კი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
2012 წლის 16 ოქტომბერს კი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. თუმცა, აღნიშნული ბრძანებულება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე ამოქმედდება.
ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულებით სარგებლობას არ აპირებს და საქართველოს მოქალაქეობის სასამართლოს წესით დაბრუნება სურს.
"ამ კაცის დაკრულზე რატომ უნდა ვიცეკვო, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის?! სააკაშვილმა უეცრად რაღაც გადმომიგდო, რაც უკვე აღარ სჭირდებოდა და მე ამას ხელი უნდა დავავლო?! საფრანგეთის მოქალაქეობა არაფერს უშლის ხელს, რადგან ეს კანონი ახალ წლამდე მოქმედებს. თუ მე დავრჩებოდი პოლიტიკაში, პარლამენტი მზად იყო, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება გაეტარებინა. ამას, როგორც ვიცი, მაინც აპირებს პარლამენტი. ლაჩარი არ ვარ და ვიღაცის გადმოგდებულს არაფერს ვიღებ. მე პიროვნება ვარ, ჩემს პრინციპებს ვიცავ და თანმიმდევრული ვარ. რაც წამართვეს, მას სასამართლოს წესით დავიბრუნებ. განხილვას არ ვჩქარობთ, რადგან ეს ხელს შეუშლის ჩემი პრემიერობის პროცესს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 2013 წლის 2 ოქტომბერს ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია