დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით უხერხული კითხვების მოსმენა მოუხდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 12:30:02
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს უნგრეთში ზურაბ ადეიშვილის ყოფნასთან დაკავშირებით მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემა.
შესაბამისი კითხვით ვიქტორ ორბანს ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, Chatham House-ის ინსტიტუტის წევრმა, სულხან ხაბაძემ მიმართა, რომელიც რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს.
ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს კითხვის დასმისას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაიქცა, სისხლის სამართლის საქმე ოთხი პუნქტით – მათ შორის მძიმე დანაშაულებზე არის აღძრული.
"ამჟამად ზურაბ ადეიშვილი იმყოფება უნგრეთში, სადაც თავშესაფარი მიიღო და ეფექტურად ემალება გამოძიებას. საყურადღებოა, რომ ის გახლავთ ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. მისი გაქცევიდან რამდენიმე კვირაში საქართველოს პარლამენტმა ციხეებიდან 200-მდე პოლიტიმარი გაუშვა", - განუცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სულხან ხაბაძემ.
ხაბაძემ ვიქტორ ორბანს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნაც წარუდგინა, რა დროსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მას მოუწოდა პირდაპირ კითხვის დასმაზე გადასულიყო. თუმცა, შეკითხვის ავტორმა მაინც გააგრძელა ორბანისთვის ზურაბ ადეიშვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
"მე ასევე თან მოვიტანე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის დასკვნა, რომელშიც მოყვანილია საინტერესო სტატისტიკა, 2010-ში ადეიშვილის მინისტრობის დროს სისხლის სამართლის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების წილი მხოლოდ 0.2 პროცენტი იყო, რაც იგივეა რომ ყოველი 1000 ადამიანიდან, რომლებსაც ადეიშვილმა ბრალდება წაუყენა, მხოლოდ ორი ადამიანი გამართლდა სასამართლო მოსმენების შემდეგ. ეს ციფრები თავის თავზე ლაპარაკობს", - განაცხადა ხაბაძემ.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სულხან ხაბაძემ განუცხადა, ქართულ მედიაში არის სპეკულაციები, თუ რატომ აირჩია ადეიშვილმა უნგრეთი და არა სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყანები - უფრო მეტად ჩამოყალიბებული დემოკრატიები.
"ზოგი ამის პასუხად მიანიშნებს ადეიშვილის ახლო კონტაქტებზე თქვენი მთავრობის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში თქვენ მოგეცემათ საშუალება გადახედოთ ამ საქმეს უფრო ახლოს და დეტალურად", - განუცხადა სულხან ხაბაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს.
თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა მისი მისამართით დასმულ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ Chatham House-ში სიტყვიერი კინკლაობისთვის არ იყო მისული.
"აქ საკინკლაოდ არ ვარ მოსული. მაგრამ იქნებ, გადახედოთ თქვენს მოსაზრებას უფრო მეტად ჩამოყალიბებულ დემოკრატიებთან დაკავშირეებით, რადგან უნგრეთი ძლიერად ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყანაა და არ არსებობს იმის განცხადების მიზეზი, რომ უნგრეთში ნაკლებად ჩამოყალიბებული დემოკრატიაა, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში. პოლიტიკა ხელოვნებაა და ზოგჯერ მას ხელოვნების დარგად განიხილავენ. რაც შეეხება თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც ახლა მოვისმინეთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საუკეთესო ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია