დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნანა კაკაბაძე მიხეილ ხუბუტიასა და ქართული დიასპორის გაერთიანებებს მიმართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 23:00:04
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" "რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტის მიხეილ ხუბუტიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ქართული დიასპორის გაერთიანებებისადმი მიმართვას ავრცელებს. ინტერპრესნიუსი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
"ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის შედეგების დაფიქსირების და გაფართოების პროცედურები მავთულხლართების გავლების გზით. მცოცავი ოკუპაციის ამ ფაქტებზე ქართული საზოგადოების მწვავე და ემოციური რეაქცია სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო, თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა უფრო ქმედითი გზებისა და საშუალებების ძიება პრობლემის მოსაგვარებლად.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა საქართველოს ტერიტორიის 20%–ის სხვა სახელმწიფოებად აღიარება ოკუპანტი რუსეთის მიერ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთის მიმართ მოხდა პოლიტიკის საკმაოდ მკაფიო შეცვლა კეთილგანწყობის და დათმობების ცალმხრივი დემონსტრირებით. თუმცა ახალი ხელისუფლების თითქმის ერთწლიანი მმართველობის შედეგად ვხედავთ მხოლოდ ახალ მავთულხლართებს და რუსეთის უკომპრომისო პასუხებს, რომელიც ცდილობს მსოფლიო საზოგადოება შეაგუოს ე. წ. ახალ რეალობას, ანუ 2 ახალი "სახელმწიფოს" დაფიქსირებას მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ასეთი ჩიხური მდგომარეობის პირობებში უპირატესობას ვანიჭებთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიურ ჩაბმას კონკრეტულ, შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებში. კერძოდ, უფლებადამცველებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა, ხელოვნების მუშაკებმა, ადვოკატებმა, სტუდენტებმა და სხვა ჯგუფების აქტიურმა წარმომადგენლებმა უნდა გამოიყენონ თავისი საერთაშორისო კავშირები, მიმართონ თავიანთ კოლეგებს რუსეთში და სხვა ქვეყნებში და მოითხოვონ მათგან საჯარო დისკუსიებში ჩართვა (ტელეხიდების, მრგვალი მაგიდების და სხვა საშუალებებით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაზე, გააცნონ და აუხსნან მათ საქართველოს პოზიციის სიმართლე, ამ მიზნით, მათმა რუსმა და სხვა ქვეყნების უცხოელმა კოლეგებმა მოითხოვონ რუსეთის და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მკაფიო პოზიციების დაფიქსირება საქართველოს ოკუპაციისა და მცოცავი აგრესიის მიმართ, რაც ფართოდ იქნება გაშუქებული საერთაშორისო მედიაში. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ისევ დავრჩებით საკუთარ ქვაბში მოხარშულები და მხოლოდ ერთმანეთისათვის სიმართლის მტკიცებით და პატრიოტული სულისკვეთების ჩვენებით ვერავითარ დადებით შედეგს ვერ მივაღწევთ. ჩვენ თხოვნით მივმართავთ საქართველოში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართული სათვისტომოების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი წონა და გავლენა რუსეთის და სხვა ქვეყნების სახელისუფლებო წრეებზე, რათა ხელი შეუწყონ გავლენიან ჯგუფებს შორის შედეგზე ორიენტირებული დიალოგის დაწყებას", - აღნიშნულია ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის მიმართვაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია