დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ბერძენიშვილი - თუ რაიმე ფაქტი სიმართლეს შეესაბამება ფარცხალაძის გერმანიაში გასამართლების შესახებ, შესწავლილი იქნება
ავტორი:
2013/დეკემბერი/23 23:00:02
თუ რაიმე ფაქტი სიმართლეს შეესაბამება ფარცხალაძის გერმანიაში გასამართლების შესახებ, შესწავლილი იქნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.
როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, მას არ სჯერა გიგი უგულავასი. მისივე თქმით, მმართველ ძალაში ამ ინფორმაციას არ ფლობენ.
"ჩვენ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ. მე რამდენადაც ვიცი, ოთარ ფარცხალაძე თავად გააკეთებს განცხადებას და თავად იტყვის, როგორ არის და რამდენად შეესაბამება უგულავას სიტყვები სიმართლეს. სხვებიც ამბობენ, რომ რაღაც ინფორმაცია აქვთ, მაგრამ ჩვენ ხელთ არაფერი გვაქვს. მე არაფერი მინახავს, არც უგულავას წარმოუდგენია არც ერთი დოკუმენტი. თუ რაიმე დოკუმენტური მასალა არსებობს, გამოვლინდება და დაიდება", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ფარცხალაძის განცხადებამდე კომენტარის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. "უნდა მოვუსმინოთ მეორე მხარეს. თუ უგულავამ თქვა, ახლა იტყვის ფარცხალაძე. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩვენ, რისი გვჯერა და რისი არა. არ მოვუსმინოთ ფარცხალაძეს, ცოტა გაუგებარია. ფარცხალაძის განცხადებამდე კომენტარები ძალიან ძნელი იქნება. თუ რაიმე ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, შესწავლილი იქნება. თუმცა, თქვენ ნახეთ, რომ უფლებადამცველებმა თქვეს, ეს ინფორმაცია სიმართლეც რომ იყოს, თანამდებობის დაკავების უფლებას არავის ართმევს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მჯერა უგულავასი. ველოდები როდის გამოვა და რას იტყვის ფარცხალაძე", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის.
"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "გაასიგრძეგანებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია, როგორც მთავარი პროკურორის წარმდგენს და ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს".
დღესვე აღნიშნულ საკითხზე "ინტერპრესნიუსთან" კომენტარი გააკეთა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ. მისი განმარტებით, გიგი უგულავას მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს თანამდებობის დაკავება არ ეკრძალება.
"რომ დავუშვათ, რომ ეს ინფორმაცია არის ნამდვილი, იმ პერიოდიდან, 2001 წლიდან არის იმხელა პერიოდი გასული, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნასამართლეობა გაქარწყლებულად ჩაითვლება და თანამდებობის დაკავების დაბრკოლება აღარ იქნება. ანუ, სამართლებრივად მას ამ თანამდებობის დაკავების უფლება აქვს", - განმარტა კოჟორიძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია