დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მთავრობა თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს სრულად გაითვალისწინებს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 18:30:07
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო, იურიდიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამერბერგის ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, თომას ჰამერბერგი დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავების მიზნით საქართველოში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ მოავლინეს.
"ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით. ანგარიშში მოწონებულია ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხელშეწყობის, მოსახლეობაში ადამიანის უფლებათა დაცვის დონის გაზრდის, დასაქმების სფეროში პროგრესული რეფორმების შემუშავების, აგრეთვე გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მასშტაბის გაზრდის, წარსულში არსებული "ელიტარული კორუფციისა" და დაუსჯელობის აღმოფხვრისაკენ", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
მთავრობის ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, უკანასკნელ თვეებში საქართველომ "გადაუჭრელი და რთული პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობის მოგვარება შეძლო, მათ შორის ისეთი პრობლემების, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას ეხება".
"შეფასების დასასრულს ჰამარბერგი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ ევროკავშირს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საკუთარი როლის გაგრძელებისკენ, რადგან ევროპის ინტერესებში ცალსახად შედის საქართველოში დემოკრატიის განვითარება და შემდგომი განმტკიცება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე რეფორმები ანგარიშში მოხსენებულია, როგორც 1991 წელს "დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეორე გარდამავალი პერიოდი".
"ანგარიშში ასევე მოხსენებულია ზოგიერთი უაღრესად ფაქიზი საკითხი. აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია დაუსჯელობასთან ბრძოლა. ეს პროცესი, ჰამარბერგის აზრით, უნდა გახდეს სამართლის აღსრულების, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის მაგალითი. რაც შეეხება 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, აღნიშნულს ჰამარბერგი უწოდებს "ყველა ჩართული მხარის გამოცდას". ანგარიშში ამ მიმართულებით ნათქვამია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, გარემო უფრო "მშვიდობიანია", რომ დღეს ქართულ საზოგადოებას აქვს შედარებით თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო და რომ შეკრების უფლება დღეს უკეთ არის დაცული", - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ადამიანის უფლებათა და გენდერულ საკითხებში, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ანგარიშს და მადლიერებას გამოხატავს ჰამარბერგის მიმართ მნიშვნელოვანი და დაუღალავი შრომის გამო.
"ხელისუფლება სრულად გაითვალისწინებს ჰამარბერგის რეკომენდაციებს. ამ მიზნით ჩვენ შევიმუშავებთ ადამიანის უფლებათა ახალ სამოქმედო გეგმას. რეფორმების გაგრძელებისა და ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით საქართველო მალე მიაღწევს სრულ ინტეგრაციას ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში", - აღნიშნავს ჩუგოშვილი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია