დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არასამთავრობოები - "მაესტროში" განვითარებული მოვლენები კითხვის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას
ავტორი:
2014/დეკემბერი/25 16:30:02
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ტელეკომპანია "მაესტროში" ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კითხვის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლების პრინციპების დაცვას, ასევე "მაესტროში" დასაქმებულ პირთა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ შრომით უფლებებს არღვევს. ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
"გავრცელებული ინფორმაციით, "ცხრიანს" ახალი სეზონიდან კოკა ყანდიაშვილის, ამჟამად მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტის, საავტორო პროგრამა "ლაპარაკობს თბილისი" ჩაანაცვლებს. ამასთანავე, თავად კოკა ყანდიაშვილი აღნიშნულ საკითხს ზოგადი კომენტარებით ეხმიანება. ეს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა, მათ შორის ნინო ჟიჟიაშვილმაც, რის შემდეგაც კოტე გოგელიამ იგი თავად გაათავისუფლა სამსახურიდან. ეს არ არის "მაესტროდან" ჟურნალისტების ხმაურიანად წასვლის პირველი შემთხვევა. მიმდინარე წლის სექტემბერში არხი წამყვანმა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დატოვა. პირველი საჯარო განცხადება ჟურნალისტმა ამ თემაზე გუშინ გააკეთა, სადაც განმარტა, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული გადაცემებით: "დირექტორმა თქვა, რომ მე ჩემი გადაცემებით "მაესტრო", შესაძლოა სერიოზულ დაპირისპირებაში შევიყვანო ხელისუფლებასთან და პრობლემები შევქმნა." ოქტომბერში ტელევიზია "სუბიექტური აზრის" წამყვანებმა და პროდუსერმა დატოვეს. გადაცემა სუბიექტური აზრის წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ "მაესტროს" დატოვება ასევე კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს. ყოველივე ამას წინ უძღოდა 2013 წლის დასაწყისში "მაესტროს" დამფუძნებლის მამუკა ღლონტის მიერ ხელისუფლების ერთ-ერთი ფრთის მხრიდან "მაესტროს" წინააღმდეგ "წესების გარეშე" ბრძოლის დაწყების შესახებ საუბარი. "მაესტროდან" წასული ჟურნალისტების განცხადებით, არხის ფაქტიური მფლობელი კოტე გოგელია ინტენსიურად ერევა არხის სარედაქციო საქმიანობაში, რაც მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
ისინი სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა საკუთარ თანამშრომლებს არ იცავს და მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.
"როგორც ნინო ჟიჟილაშვილმა განაცხადა, ტელეკომპანიის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს ბადის შექმნაზე, ამ პროცესში არ იყვნენ ჩართულნი, ხოლო კოკა ყანდიაშვილი – გარეშე პირი, რომელიც ამავდროულად მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტია, სატელევიზიო ბადის შექმნაში პირადად მონაწილეობს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედება შეუთავსებელია ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების პრინციპებთან, მითუფრო, რომ ჟურნალისტების განმარტებით, ტელეკომპანიის მფლობელები ცდილობენ, ურთიერთობა არ გაიფუჭონ ხელისუფლებასთან. "მაესტროზე" ბოლო დროს მიმდინარე ზემოაღნიშნული ცვლილებები არხზე დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ფონზე მიმდინარეობს. ასეთი ცვლილებები და არხის მიერ ჟურნალისტებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხშირ შემთხვევაში მათთვისაც მოულოდნელია. დამსაქმებლის მხრიდან ამგვარმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს არხზე დარჩენილ ჟურნალისტებზეც, შეზღუდოს მათი პროფესიული თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ვალდებულება აკისრია არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, ასევე, არხის მფლობელსა და ხელმძღვანელობას. მოვუწოდებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, პატივი სცენ ზემოაღნიშნულ პრინციპებს და იმოქმედონ ამ პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია