დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - მოსმენებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/28 19:00:02
არ არის კარგი, როდესაც ვადის გადაწევა გვიწევს, მაგრამ ყველას ვთხოვ მოთმინებას, რათა ბოლომდე მივიყვანოთ საქმე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფარულ მოსმენებზე უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილამდე შესაძლო გადავადებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომელთაც უსუფაშვილს დღეს წერილით მიმართეს.
"მე წამოსვლის წინ მქონდა შეხვედრა როგორც მომართვის ზოგიერთ ავტორთან, ისე იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან. შემდგომ ჩემი თხოვნითაც მოხდა მათ შორის შეხვედრა და ისაუბრეს ბევრ საკითხზე. როგორც ჩანს, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები. მე მზად ვარ, როგორც კი დავბრუნდები საქართველოში, შევხვდე სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილების და პრინციპულობის გამო მოვიწვიეთ პარლამენტმა ამ სამუშაო ჯგუფში. შესაბამისად, მათი მოსაზრებები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ამასთანავე მე ყველას ვთხოვ, ნუ ავჩქარდებით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც დავისახეთ მიზნად და ამოცანად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა მოსმენებთან დაკავშირებით, რაც მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა.
"გასაგებია, რომ გვინდა უფრო სწრაფად, ვიდრე ხდება, არ არის კარგი, როდესაც ვადის გადაწევა გვიწევს, მაგრამ მე ყველას ვთხოვ, აღვიჭურვოთ სათანადო მოთმინებით იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. მე ყველას ვთხოვ, გაითვალისწინოს ის, რომ კონკრეტულად შალვა შავგულიძეს არავიზე ნაკლებად არ აღელვებს ეს საქმე, არავიზე ნაკლები წვლილი არ შეუტანია ამ საქმის წარმატებაში და თუ მას რაიმე ინიციატივა და წინადადება აქვს დღეს, ეს არის მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართავს. ისინი პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილამდე შესაძლო გადავადებას აპროტესტებენ.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1-ლი ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება. გაცნობებთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფთან შეთანხმების გარეშე, რაც მიუღებელია, ვინაიდან წარმოადგენს იმ სამუშაო ჯგუფის წევრების იგნორირებას, რომელიც კანონი საფუძველზე იურიდიულმა კომიტეტმა სპეციალურად ამ საკითხისათვის შექმნა", - ნათქვამია მიმართვაში.
სამუშაო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხის გადავადების მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი სამართალდამცველი ორგანოების მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევის და ღირსების შელახვის სისტემის არსებობას გაახანგრძლივებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია